NATO ან MAP-ს მოგვცემს, ან თავს საბოლოოდ შეირცხვენს?! - კვირის პალიტრა

NATO ან MAP-ს მოგვცემს, ან თავს საბოლოოდ შეირცხვენს?!

საქართველოსთვის MAP-ის მიცემა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უდავოდ გამოიწვევს კრემლის საპასუხო რეაქციას

30 მაისს  NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ალიანსის გაფართოების დეკლარაცია, რომლის მე-8 პუნქტში ჩაიწერა, რომ  NATO -ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად (იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი) უელსის სამიტზე საქართველოს მიენიჭოს MAP-ი (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა).

საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება NAთO-სთვის არ არის სავალდებულო, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი მეზობელი უკრაინის ნახევრად ოფიციალურ ოკუპაციას ახორციელებს, ანუ იმეორებს იმას, რაც 2008 წელს გააკეთა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ MAP-ის მინიჭება არ ნიშნავს საქართველოსთვის NAთO-ს პირდაპირ სამხედრო  მხარდაჭერას, ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება NATO-ს სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიცემა და მანამდე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, უდავოდ გამოიწვევს კრემლის საპასუხო რეაქციას, რაც საქართველოზე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე, შესაძლოა, სამხედრო ზეწოლაშიც გამოიხატოს.

უკრაინის მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები და გამოაჩინა რუსეთის ხელისუფლების რეალური მიზანი - აღადგინოს საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. კრემლის ჩანაფიქრი გამჟღავნდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის დროს, მაგრამ მაშინ დასავლეთმა ამჯობინა, ეს არ დაეჯერებინა, თუმცა, ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებმა NATO-ს წევრ ქვეყნებს საშუალება აღარ მისცა, სირაქლემას პოზაში დარჩენილიყვნენ.

უელსის სამიტზე გამოჩნდება NATO-ს წევრი ქვეყნების მეთაურების ნამდვილი სახე - NATO საქართველოს ან მისცემს MAP-ს ან საბოლოოდ შეირცხვენს თავს და დაკარგავს არა მარტო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური წრეების კეთილგანწყობასაც - აღმოსავლეთ ევროპაში ხომ ყველაზე უკეთ იციან, რა საშიშია ახალ იმპერიად აღზევების მოსურნე რუსეთის მეზობლობა...