ანტიტერორისტულიდან ფართომასშტაბიანი ომისკენ... - კვირის პალიტრა

ანტიტერორისტულიდან ფართომასშტაბიანი ომისკენ...

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე შეტაკებები ყოველდღიურად მძაფრდება და ემსგავსება ჩეჩნეთის ომებს, როდესაც ბრძოლებში არტილერიასთან ერთად ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები ერთვებიან.

გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწყო Т-64 ტიპის ტანკებისა და Су-25 მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება, რადგან მან პრორუს სეპარატისტ-დივერსანტებთან თითქმის ორთვიანი დაპირისპირებისას ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთში დღეს შეიძლება 10 ათასამდე შეიარაღებული ადგილობრივი სეპარატისტი, რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფების სამხედრო მოსამსახურე და დაქირავებული კაზაკი და ჩრდილოკავკასიელი იბრძოდეს.

უკრაინის ანტიტერორისტულ ძალებში 18-20 ათასი მებრძოლია. აქ არიან როგორც უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმების მეომრები, ისე - ეროვნული გვარდიისა (ყოფილი შინაგანი ჯარების) და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ორმაგი უპირატესობა ამ შემთხვევაში საკმარისი არ გახლავთ, თუმცა, მარტო ეს არ არის წარუმატებლობის მიზეზი.

უკრაინის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მონაკვეთზე, ამის გარეშე კი წარმატებაზე საუბარი არ ღირს, რადგან პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები მუდმივად იღებენ დახმარებას რუსეთიდან თანამედროვე და ეფექტური შეიარაღების სახით.

სწორედ რუსეთიდან შეტანილი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - "იგლებით" მოახერხეს ტერორისტებმა უკრაინული შვეულმფრენების დაზიანება და ჩამოყრა, 6 ივნისს კი ორძრავიანი სატრანსპორტო Ан-26 ტიპის თვითმფრინავიც კი ჩამოაგდეს. მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით პრორუსი ტერორისტები უკრაინელების ჯავშანტექნიკას წარმატებით უპირისპირდებიან.

ბრძოლებში მძიმე საბრძოლო ტექნიკის ჩართვის გარეშე საეჭვოა, რომ უკრაინელმა გენერლებმა რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუმცა ტერორისტების დაპყრობილი ქალაქების (მაგალითად, კრამატორსკისა და სლავიანსკის) გასათავისუფლებელ ოპერაციებში ტანკების, მსხვილკალიბრიანი არტილერიის, მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავების მასობრივად გამოყენება უკრაინის ამ ქალაქებს, ალბათ, 1995 წლის გროზნოს დაამსგავსებს.

ნორმანდიაში სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი თავის ფრანგ კოლეგას გამოუტყდა, რომ ის გავლენას ახდენს უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედ პრორუს მებრძოლებზე.

რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, რამდენიმე დღეში შეაჩერებინოს საბრძოლო მოქმედებები პრორუსულ ძალებს, მაგრამ სურს კი ეს მას? რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სისხლის ღვრა უკრაინის აღმოსავლეთით, მით უფრო განმტკიცდება კრემლის ძალაუფლება ანექსირებულ ყირიმში და მისი ოკუპაციის საკითხი მეორე პლანზე გადაიწევს.

ეს ძალიან წააგავს 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისის მოვლენებს, როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ მოწინააღმდეგე ჯერ გალის რაიონში შეიჭრა, შემდეგ - სამეგრელოს ნაწილშიც და უფრო დიდი საშიშროება შეიქმნა.

ეს სიტუაცია გვაგონებს 2008 წლის აგვისტოსაც, როდესაც იმაზე ვფიქრობდით,  მტერი როგორმე გორიდან გაგვეყვანა და თბილისისკენ არ წამოსულიყო, ცხინვალისა და მისი მიმდინარე გადამწვარი ქართული სოფლების ბედი კი აღარც გვახსოვდა...

პუტინი ელოდება, რომ უკრაინის ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს (მაგალითად, პრორუსი ტერორისტების პროვოკაციების შემდეგ ძლიერ საარტილერიო და საავიაციო დარტყმას მიაყენებს რომელიმე დასახლებულ პუნქტს, რასაც მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვება), რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, ბრძოლებში ჩაერთონ რუსეთის რეგულარული სამხედრო დანაყოფები, პირველ რიგში კი - რუსული საბრძოლო ავიაცია.