მოიერიშეებს უფულობის გამო გაყიდიან?
16-06-2014
მოიერიშეებს უფულობის გამო გაყიდიან?
გენშტაბიდან გამოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მიმდინარეობს მზადება Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ნახევრის გაყიდვისთვის, რაც მათი სარემონტო თანხების არქონით არის განპირობებული. თვითმფრინავების გაყიდვით მიღებული თანხა კი თურმე დარჩენილი მოიერიშეების გარემონტებას უნდა მოხმარდეს. ეს ინფორმაცია გაოცებას იწვევს, რადგან გენშტაბმა აღადგინა აგვისტოს ომის შემდგომ ლიკვიდირებული სამხედრო-საჰაერო ძალები საჰაერო ძალების სარდლობის სახით და გაჩნდა იმედი ქართული სამხედრო ავიაციის გადარჩენისა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქართული არმიის შეიარაღებაში 12 ერთეული Су-25, Су-25К და ორადგილიანი Су-25УБ
თვითმფრინავია და გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, გასაყიდად ექვსი მოიერიშეა გამზადებული.

სავარაუდოდ, გასაყიდად ყველაზე მოძველებულ და კაპიტალური რემონტის მომლოდინე მოიერიშეებს შეარჩევდნენ, რომელთა ფასი 2-3 მლნ დოლარიც კი არ იქნება. ექვსი თვითმფრინავის გაყიდვით თავდაცვის სამინისტრომ შეიძლება 15 მლნ დოლარიც კი ვერ აიღოს, არადა, დაახლოებით ამდენი ღირს ერთი
ახალი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. სამაგიეროდ, ქართულ სამხედრო ავიაციას ექვსი მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავი დააკლდება, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება საქართველოს სამხედრო ძლიერებისთვის.

ჯერ კიდევ 1992 წელს, აფხაზეთის ომის დაწყებამდე, დამუშავდა გეგმა (რომლის თანამონაწილე ამ სტატიის ავტორიც გახლდათ), რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ორი საავიაციო დაჯგუფების განთავსებას ითვალისწინებდა, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლებოდათ საბრძოლო ამოცანის შესრულება. თითოეულ საავიაციო დაჯგუფებაში უნდა ყოფილიყო Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, საბრძოლო Ми-24 და სატრანსპორტო Ми-8 ტიპის შვეულმფრენები.

დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სახმელეთო ჯარების ნაცვლად ორი - დასავლეთისა და აღმოსავლეთის - ოპერატიული დაჯგუფება შეიქმნა, რომლებმაც დამოუკიდებლად უნდა შეძლონ საბრძოლო მოქმედებების შესრულება და ასეთი საავიაციო დაჯგუფებები მათთვის სწორედ მისწრება იქნებოდა.
თუ მართლაც გაყიდეს ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი და მხოლოდ ექვსი დაგვრჩა, ორი მიმართულებით მათი გადანაწილება შეუძლებელი იქნება. ამასთან, სავარაუდოდ, გასაყიდად ამზადებენ საბრძოლო Ми-24-ებსაც, რაც, ალბათ, საბოლოოდ დაასამარებს ქართულ სამხედრო ავიაციას.

საბჭოთა საავიაციო ტექნიკის გაყიდვის ინიციატორთა ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ რუსეთი ყველანაირად ხელს გვიშლის მათ გარემონტებაში, ხოლო უკრაინაში რემონტი ძალიან ძვირი ჯდება.

Ми-8 და Ми-24 ტიპის შვეულმფრენების შემთხვევაში შეიძლება მართლაც ასე იყოს (თუმცა ვინ მოსთხოვა პასუხი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ქუთაისიდან Ми-8 ტიპის შვეულმფრენების რედუქტორების სარემონტო სტენდი უკრაინას მიჰყიდა, თითქოს უვარგისობის გამო, ახლა კი აზერბაიჯანში ამ სტენდზე წარმატებით არემონტებენ შვეულმფრენების რედუქტორებს), მაგრამ  Су-25 მოიერიშეების კაპიტალური რემონტი "თბილავიამშენს" არ გაუჭირდებოდა, რადგან ეს ქარხანა 1978 წლიდან აწარმოებს ამ მოიერიშეებს, ბოლო წლებში თურქმენეთის ათობით Су-25 გაარემონტა და აზერბაიჯანი სწორედ ასეთი თვითმფრინავებით შეაიარაღა.
"თბილავიამშენში" Су-25-ს თითქმის ყველაფერს ურემონტებენ, ძრავების გარდა. ერთი რეაქტიული ძრავის კაპიტალური რემონტი უკრაინაში 200 ათას დოლარამდე ღირს, ანუ ორძრავიანი მოიერიშე თვითმფრინავის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას დაახლოებით 700 ათასი დოლარი სჭირდება.
სად უნდა ვიშოვოთ ეს თანხა?

ავღანეთში,  ISAF-ში მივლინებული ერთი ქართველი კაპრალი თვეში 1 000 დოლარს იღებს (აქ 1 000 ლარამდე ხელფასიც ენახება), სერჟანტი და მით უმეტეს - ოფიცერი კი უფრო მეტს. 700 კაპრალის ავღანური მივლინება სახელმწიფოს ერთ წელიწადში 8,4 მლნ დოლარი უჯდება, ანუ ის თანხა, რაც სრულიად საკმარისია ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული 12-ვე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის კაპიტალური რემონტისთვის!
თავად მკითხველმა განსაჯოს, რა უფრო წაადგება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას - ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში 700 კაპრალისთვის (არადა, იქ 1 660-მდე კაპრალი, სერჟანტი და ოფიცერია) სამივლინებო თანხის გადახდა, თუ 12 ცალი მოიერიშე თვითმფრინავის საბრძოლო მზადყოფნა?!

მკითხველმა ისიც უნდა იცოდეს, ტაქტიკურ-ოპერატიული თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს ქართული არმიის შეიარაღებაში Су-25 მოიერიშე თვითმფრინავებისა და Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების შენარჩუნებას. საქმე ის არის, რომ დღეს ქართული არმიის ყველაზე შორსმსროლელი საშუალება  Lar-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რამდენიმე დანადგარია, რომელთა 160 მმ კალიბრის რაკეტები (მათი რიცხვი, სამწუხაროდ, შეზღუდულია) მხოლოდ 45 კმ-ზე მიფრინავს, არადა, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოტანილი აქვს 70-90 კმ-ზე მსროლელი Смерч-ის და 120 კმ-მდე მოქმედი Точка-У-ს სარაკეტო დანადგარები, რომელთა წინააღმდეგ საარტილერიო კონტრბატარეული ბრძოლის წარმოება ჩვენი Lar-160-ებით თეორიულადაც კი წარმოუდგენელია.
ერთადერთი პრაქტიკული საშუალება, რომელმაც შეიძლება ქართული არტილერიისთვის მიუღწევად მანძილზე ჩაახშოს მოწინააღმდეგის საარტილერიო საცეცხლე წერტილები, ავიაცია, კერძოდ კი - მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენებია, რომელთა კაპიტალური რემონტი უფრო მომგებანია, ვიდრე მათი იაფად გაყიდვა...

P.S. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს 30-მდე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და არანაკლებ 74 სხვადასხვა მოდიფიკაციის დამრტყმელი Ми-24 ტიპის შვეულმფრენი ჰყავს, სომხეთის საბრძოლო საჰაერო ძალები კი თხუთმეტ Су-25-სა და თორმეტ Ми-24-ს ითვლის.
2
01 ივლისი 2014 23:42
და რად გვინდა , ვის უნდა ვეომოთ, არცერთი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ყანწი და ქეიფი , აი ესაა ჩვენი საქმე , მეტის ტრაკი ჩვენ არა გვაქვს, ეს არის რეალობა და ფაქტი
gaga
24 ივნისი 2014 16:12
საქართველო ყველაფერში ჩამორჩა. ვერაფერში ვერავის წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ამის მიზეზი არა პატრიოტიზმია. დე ეს რაც აქვს წინა ხელისუფლების შეძენილია ასე რომ არ გინდოდათ.
toto
23 ივნისი 2014 23:46
ჩვენი ჭირიც წაუღია, რავა ომი რომ იყო სულ ამეებით არ ვგერიებდით მტერს? მე პირადად მომხრე ვარ რომ ეგ სუშკები რამე დამრტყმელი კლასის ვერტმფრენებით ჩაანაცვლონ სამომავლოდ, რატომ? იმიტომ რომ ვერტმფრენებს რელიეფის პარალელურად ფრენის დროს ვერც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აგდებს და ვერც მოწინააღმდეგის ავიაცია, ძლიერ ტანკსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ ვერტმფრენს ბევრად მეტი ,,საქმის" გაკეთება შეეძლება ვიდრე სუშკას, სუშკას ისევე როგორც აგვისტს ომის დროს არც აგვაფრენიებენ დაიმახსოვრეთ ეს და ტყვილა ნუ მისტირიხართ...

რედაქტორის რჩევით