რამდენმა რუსულმა ტანკმა "გადაგვიფრინა"?! - კვირის პალიტრა

რამდენმა რუსულმა ტანკმა "გადაგვიფრინა"?!

შეიარაღებაში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების კაპიტალური რემონტი ყოველთვის უფრო იაფი და მოსახერხებელია, ვიდრე ახალი საბრძოლო ტექნიკის შეძენა, მით უმეტეს - ქართული არმიის სამხედრო ბიუჯეტით

2013 წელს საქართველოს ცაში რუსული ტანკები "დაფრინავდნენ", თუმცა, პროტესტს ოფიციალური თბილისი ვერ განაცხადებდა, რადგან ამ "მფრინავი" ტანკების მიმღები ჩვენი მეზობელი სომხეთი გახლდათ.

ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ გაეროს რეესტრის თანახმად, 2013 წელს რუსეთმა სომხეთს მიაწოდა 35 ცალი Т-72  ტიპის ტანკი, 110 ჯავშანმანქანა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2 და  БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები), ასევე 200 რაკეტა და მათი გასაშვები 50 სარაკეტო დანადგარი (სავარაუდოდ, ლაპარაკია გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე - Игла-ზე).

2007 წლის შეთანხმებით, რუსულმა სამხედრო ბაზებმა ბათუმი, ახალქალაქი და სხვა დისლოკაციის ადგილები დატოვეს, თუმცა რუსეთის მხარეს ჰქონდა უფლება, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სატრანზიტო გზებით მოემარაგებინა თავისი სამხედრო ბაზა გიუმრიში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვს ეს უფლება წაერთვა, თუმცა, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა ამით არ დაზარალებულა, პირიქით, 2010-13 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუმჯობესდა ამ ბაზის შეიარაღება (მის განკარგულებაში გამოჩნდა Смерч-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Бук-М1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მანამდე რუს სამხედროებს სომხეთში არ ჰქონიათ).

უდავოა, რომ მათი რუსეთიდან სომხეთში გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდებოდა, თუმცა, ის სომხეთის არმიისთვის მიწოდებულ შეიარაღებად ინიღბებოდა.

აგვისტოს ომის შემდეგ ერევანში რუსეთიდან ჩაფრენილ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში საქართველოს სამხედრო ატაშე და რამდენიმე სპეციალისტი ხვდებოდნენ (თბილისი-ერევნის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე), რომლებიც  აღწერდნენ სომხეთის არმიისთვის ჩატანილი შეიარაღების სახეობებსა და რაოდენობას. ამ პროცედურის შემდეგ შეიარაღების რა ნაწილი რჩებოდა სომხეთის არმიას და რა გადაეცემოდა გიუმრიში რუსულ სამხედრო ბაზას, არავინ იცის.

სხვათა შორის, საქართველოს საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის ინფრასტრუქტურას აზერბაიჯანის არმიაც იყენებს, როდესაც უკრაინასა თუ ისრაელში ნაყიდ მსხვილგაბარიტიან სამხედრო დანიშნულების ტვირთს ფოთის პორტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ეზიდება.

საქართველოს კეთილმეზობლური დამოკიდებულება აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რის გამოც მათთვის სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე უარის თქმა ძალზე ძნელია.