უკრაინა რუსეთთან საზღვარს კეტავს - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთთან საზღვარს კეტავს

რაც უფრო საიმედოდ ჩაკეტავენ საზღვარს, მით უფრო მალე დაამარცხებენ უკრაინელები შეიარაღებულ სეპარატისტებს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მესამე თვეა, ბრძოლები მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში უკრაინა-რუსეთის საზღვრის თითქმის 200კმ-იანი მონაკვეთი, ფაქტობრივად, გაუკონტროლებელი რჩებოდა. ამით კარგად სარგებლობდნენ პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები და რუსეთიდან განუწყვეტლივ იღებდნენ დახმარებას როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღების - ცეცხლსასროლი იარაღის, ნაღმსატყორცნების, "გრადებისა" და ტანკების სახითაც კი. ამიტომაც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელების ტაქტიკური სვლა - ჯერ რუსეთთან ჩაკეტოს საზღვარი და შემდეგ ალყაში მოქცეული შეიარაღებული სეპარატისტ-დივერსანტების ნელ-ნელა განადგურება დაიწყოს - სრულიად გასაგებია, თუმცა, რამდენად ეფექტურად ჩაიკეტება და გაკონტროლდება საზღვარი რუსეთთან, ძნელი სათქმელია.

არ არის გამორიცხული, პრორუსი სეპარატისტების დასახმარებლად უკრაინასთან საზღვრის გარღვევისთვის კრემლმა რუსეთის რეგულარული ჯარებიც კი გამოიყენოს.

ამჟამად უკრაინის საზღვრისკენ მიემართება რამდენიმე რუსული სამხედრო კოლონა, რომელთა გადაადგილებას მოსკოვი წვრთნების ჩატარების აუცილებლობით ხსნის.

თუკი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მოქმედ პრორუსულ ძალებს დახმარება შეუწყდებათ, მათი საბრძოლო შესაძლებლობები სწრაფად ამოიწურება და ისინი განწირული იქნებიან დამარცხებისთვის.

ეს მოსკოვშიც კარგად იციან და რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დადგება დილემის წინაშე - ან გაწიროს პრორუსი სეპარატისტები და რუსი დივერსანტები, ან ბოლომდე მიიყვანოს თავისი მასშტაბური ავანტიურა და უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურად შეიყვანოს რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ჩაიდინა.