"ჩვენებური" სეპარატისტები ახლა უკრაინას ანგრევენ - კვირის პალიტრა

"ჩვენებური" სეპარატისტები ახლა უკრაინას ანგრევენ

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მესამე თვეა, ბრძოლა არ წყდება უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის.

უკრაინელ სამხედროებს დონბასში უპირისპირდებიან გამოცდილი მებრძოლები, რომლებსაც არაერთ პოსტსაბჭოურ შეიარაღებულ კონფლიქტში უომიათ და რომლებიც პროფესიონალ მებრძოლ-მკვლელებად იქცნენ.

მათი დამქირავებელია რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებსაც ეს მებრძოლები მანამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ ჩეჩნეთში, ცხინვალსა თუ აფხაზეთში.

უკრაინის აღმოსავლეთიდან მიღებულ ფოტოვიდეოკადრებში რამდენჯერმე გაიელვა ცხინვალის სეპარატისტულმა დროშამ. უკრაინელ სპეცსამსახურებსაც აქვთ ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ეროვნების შეიარაღებული პირები დღეს უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. სავარაუდოდ, ისინი ლუგანსკის აეროპორტის იერიშშიც მონაწილეობდნენ.

ფოტოზე გამოსახულია პრორუსი შეიარაღებული ტერორისტებით სავსე ორი სატვირთო "კამაზი", რომლებიც ლუგანსკის ქუჩებში დადიან. ერთი-ერთი "კამაზის" ძარაზე ოსი ეროვნების მებრძოლები სხედან, რომლებიც სეპარატისტების სამფეროვან დროშას აფრიალებენ.

ცხინვალიდან ლუგანსკამდე შეიარაღებული ოსების გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის სპეცსამსახურების - ФСБ-სა (უშიშროების ფედერალური სამსახური) და ГРУ-ს (მთავარი სადაზვერვო სამმართველო) თანხმობისა და თანხლების გარეშე, რაც ადასტურებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიარაღებული კონფლიქტების წამომწყები და გამღვივებელი 1992 წლიდან დღემდე სწორედ რუსეთის ხელისუფლებაა.