პრიორიტეტი საქართველოს დაცვაა თუ ავღანელებისა და აფრიკელების? - კვირის პალიტრა

პრიორიტეტი საქართველოს დაცვაა თუ ავღანელებისა და აფრიკელების?

ქართველი სამხედროები მეხუთე წელია, ავღანეთში  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის

შემადგენლობაში იბრძვიან

საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ჩაერთვნენ. ამჯერად ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი საქართველოდან 4 ათას კმ-ზე შორს, აფრიკის კონტინენტზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირი სამშვიდობო მისიას ასრულებს.

ასევე გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან, მიუხედავად ISAF-ის მისიის დასრულებისა, საქართველო ავღანეთში 700-ზე მეტ სამხედროს დატოვებს.

მოსალოდნელია, რომ ქართველი სამხედროები გაგზავნონ მალიშიც, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

შეიძლება კი ეს იყოს პრიორიტეტი იმ ქვეყნისთვის, რომლის ორი რეგიონი მეზობელი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული და ახალი სამხედრო აგრესიის განახლების დიდი საფრთხე არსებობს? ან რამდენად გამართლებულია, ქართული არმია თავისი ქვეითი მებრძოლების 10%-ს (1600 კაცი ავღანეთში, 170 სამხედრო - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გზავნიდეს მაშინ, როდესაც აშშ და  NATO  პირიქით, აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ რუსეთის საზღვართან იწყებენ საბრძოლო დანაყოფების გადმოსროლას? რომელი უფრო მნიშვნელოვანია - საქართველოს მოსახლეობის დაცვა თუ ავღანელებისა და აფრიკელების უსაფრთხოებაზე  ზრუნვა?

ამ კითხვებს მერამდენე წელია, ვსვამთ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელისუფლება მაინც ჯიუტად ზრდიან ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას საზღვარგარეთ.

რა თქმა უნდა, NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რატომ უნდა გვყავდეს ავღანეთში 1600 სამხედრო, როდესაც  NATO-ს წევრ თურქეთს მხოლოდ 450, ჩეხეთს - 250, ხოლო ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას ერთად - 150 კაციც კი არ ჰყავთ გაგზავნილი ავღანეთში?!

ან რატომ უნდა გავგზავნოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში 150 სამხედრო, როდესაც ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა ამ ქვეყნის მცხოვრებთა დასაცავად მხოლოდ 45 კაცი "გაიმეტა"?

NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში სიმბოლურად არის წარმოდგენილი (მაგალითად, საბერძნეთმა იქ მხოლოდ 10 სამხედრო გაგზავნა), თუმცა, ამ ქვეყნების დროშები ამაყად ფრიალებს ISAF-ის შტაბში და ისინი ამ მისიის ისეთივე ვალმოხდილ მონაწილეებად ითვლებიან, როგორც საქართველო, რომელმაც ავღანეთში ორი გაძლიერებული ბატალიონი გაგზავნა...