"აფხაზეთის ომი" უკრაინაში - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის ომი" უკრაინაში

ადრე თუ გვიან პუტინი კადიროვს თავიდან მოიშორებს

"უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის ხელისუფლება აქამდე უცნობ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, რაც დასავლეთისთვის მოულოდნელია", - აღნიშნავენ NATO-ს გენერლები თუ სამხედრო ექსპერტები.

თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ისევე, როგორც მასში შემავალი ქვეყნების გენერალიტეტს 21 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე ომისთვის მეტი ყურადღება რომ მიექციათ და ნორმალური ანალიზი ჩაეტარებინათ, აღმოაჩენდნენ, რომ კრემლი ყირიმის ანექსიისას და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობის მცდელობისას იმავე მეთოდებსა და ხერხებს იყენებს, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთში გამოიყენა.

პირველი და ყველაზე დიდი მსგავსება ის არის, რომ რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ადგილობრივი სეპარატისტების ზურგს უკან ცდილობენ, გააღვივონ საბრძოლო მოქმედებები, რაც მძლავრი რუსული საინფორმაციო ომის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

თავდაპირველად აფხაზეთში, ისევე, როგორც დონბასში, შეტაკებები სანადირო თოფებით დაიწყო, თუმცა მოსკოვმა იზრუნა, რომ სეპერატისტების ხელში ჯერ "კალაშნიკოვები", შემდეგ ჰაუბიცები, ტანკები და საზენიტო რაკეტები გამოჩენილიყო. ამან საბრძოლო შეტაკებები კიდევ უფრო სისხლისმღვრელი გახადა, უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, რამაც რუსულ პროპაგანდას საშუალება მისცა, ქართველები და უკრაინელები მშვიდობიანი მოქალაქეების განოციდში დაედანაშაულებინა.

კიდევ ერთი დიდი მსგავსება ის არის, რომ სეპარატისტები უკრაინაშიც, ისევე, როგორც ჩვენთან, სამხედრო დახმარებას რუსეთის საზღვრიდან იღებენ. 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაგრაზე შეტევის მთავარი მიზანი იყო, აფხაზ სეპარატისტებს პირდაპირი სახმელეთო გზა გახსნოდათ ფსოუსკენ, რუსეთის საზღვრისკენ, რათა დაუბრკოლებლივ მიეღოთ დამატებითი შეიარაღება.

დღესაც, უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის თითქმის 280კმ-იანი მონაკვეთი სრულიად დაუცველი იყო და ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტები (ასევე იქ მოქმედი რუსული სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები) დაუბრკოლებლივ იღებდნენ არა მარტო ტყვია-წამალს, არამედ ტანკებსა და "გრადებსაც" კი.

მსგავსება გახლავთ ისიც, რომ კრემლმა როგორც აფხაზეთში, ასევე დღეს, უკრაინაში, აქტიურად გამოიყენა ე.წ. მოხალისეები, უფრო სწორად, დაქირავებული შეიარაღებული პირები ჩრდილო კავკასიიდან (ძირითადად, ჩეჩნეთიდან), რომელთაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებს და მართავს. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ პუტინს ხელს აძლევდეს კიდეც, უკრაინის აღმოსავლეთით რაც შეიძლება მეტი გამოცდილი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპოს, რათა კადიროვს ნაკლები ჯარისკაცი დარჩეს, რადგან ადრე თუ გვიან პუტინი კადიროვს თავიდან მოიშორებს.

ასევე უნდა აღინიშნოს, თუ როგორ ერთნაირად წამგებიანი აღმოჩნდა სამშვიდობო მიზნით ცეცხლის შეწყვეტა აფხაზეთის ომში 1992 წლის სექტემბერსა თუ 1993 წლის აგვისტოში და 2014 წლის ივნისის ბოლოს - უკრაინის აღმოსავლეთში, რითაც ისარგებლეს სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რუსმა სამხედროებმა და დაიწყეს გადაჯგუფება, უკეთესად შეიარაღება და ხელახალი შეტევა.

ძირითადი განსხვავება აფხაზეთსა და დონბასს შორის კი ის არის, რომ საბედნიეროდ, დასავლეთი გონს მოეგო, დაინახა კრემლის დამპყრობლური პოლიტიკა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უფრო აქტიურად უჭერს მხარს, ვიდრე ამას 21 წლის წინ (ან სულაც 6 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს) საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებდა...

P.S. 5 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ტერორისტებისგან ქალაქები სლავიანსკი და კრამატორსკი.