სად არის აგვისტოს ომის მოკვლევა? - კვირის პალიტრა

სად არის აგვისტოს ომის მოკვლევა?

გასცემს თუ არა მოკვლევა პასუხს, თუ რატომ დავუტოვეთ რუს ოკუპანტებს რამდენიმე ასეული ძვირად შეძენილი ამერიკული M4?

მიუხედავად დაპირებისა, თავდაცვის უწყებამ აქამდე არ გააცნო საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული უწყებრივი მოკვლევის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება შეიძლება.

თავდაცვის სამინისტოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ორი თვის წინ განაცხადეს, რომ ამ მოკვლევის ნაწილს მაისის ბოლოს გააცნობდნენ საზოგადოებას, თუმცა უკვე ივლისია და ჩვენთვის ისევ უცნობია ის ძირითადი დასკვნები, რაც აგვისტოს ომის მოკვლევის შედეგად მიიღეს გენშტაბმა და თავდაცვის სამინისტრომ.

ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა წერია მოკვლევის საბოლოო დასკვნაში. ამ დოკუმენტში, ცხადია, არ იქნება პოლიტიკური შეფასება, რადგან უწყებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება, რაიმე მოვლენა პოლიტიკურად შეაფასონ.

ასეა თუ ისე, ამ მოკვლევაში, სავარაუდოდ, უნდა გამოჩენილიყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრობლემები - ჯარების არაეფექტური მართვა, ბრძანებების შესრულება დიდი დაგვიანებით, კავშირგაბმულობის სისტემის ხარვეზებით მუშაობა, საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ჯავშანტექნიკისა და ქვეითების შეუთანხმებელი მოქმედება ცხინვალის ქუჩებში, არტილერისტებისთვის სამიზნე ობიექტების ზუსტი კოორდინატების დადგენის სირთულე, საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების არასრული გამოყენება; ასევე სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოუწყობლობა, სხვადასხვა ძალოვანი ტრუქტურის საბრძოლო დანაყოფების შეუთანხმებელი მოქმედება (განსაკუთრებით ცხინვალის ქუჩებში, რამაც რამდენჯერმე, მათ შორის "მეგობრული ცეცხლის" გახსნაც გამოიწვია, რასაც სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა), რეზერვისტების დანაყოფებისთვის კონკრეტული დავალების მიუცემლობა და მათი დეზორგანიზაცია, ფოთის პორტში სამხედრო-საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურისა და კატარღების მიტოვება, სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებში შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის დატოვება (მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დროც იყო და საშუალებაც მათ გასატანად) დაბოლოს, რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის (რომლის საფორტიფიკაციო საშუალებებით გამაგრებასა და იქ დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და საწვავის შეტანაზე მილიონები დაიხარჯა) მოულოდნელი და სწრაფი დატოვება...

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ჩატარებულ კვლევაში ამ და ბევრ სხვა კითხვასაც პასუხი გაეცა და იმედი გვაქვს, საზოგადოებას მალე გააცნობენ ამ მოკვლევის არასაიდუმლო ნაწილს. გამოქვეყნებული დასკვნა მეტ-ნაკლებად ნათელს მოჰფენს ბევრ საიდუმლოს, ჩვენი დროის საშინელმა ტრაგედიამ - 2008 წლის აგვისტოს ომმა - რომ დაგვიტოვა...