ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის წარმოება ჩვენც შეგვიძლია, გვეყო ხვეწნა...
07-07-2014
ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის წარმოება ჩვენც შეგვიძლია, გვეყო ხვეწნა...
მოგვცემს თუ არა ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას  NATO ან აშშ? ეს რიტორიკული კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ჰაერშია ჩამოკიდებული და ჯერჯერობით რამე სასიკეთო ამ მხრივ არ ჩანს. თუმცა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე განუცხადეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია საკუთარი საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ჯობს, ქართველებმა დასახმარებლად ალიანსის წევრებს ინდივიდუალურად მიმართონო.

2012 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველო-აშშ-ის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება და ლოგიკური იქნებოდა, ასეთი დახმარება სწორედ ამერიკელებს,
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს გაეწიათ, მაგრამ გასაგები (თუმც ხშირად გაუგებარი) პოლიტიკური მოტივაციის გამო (კიდევ ერთხელ არ გაღიზიანდეს რუსეთის პრეზიდენტი) ობამას ადმინისტრაცია ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს.
როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი ხელის შემყურე?

თუკი ავღანელ მოჯაჰედებსა თუ ჩეჩენ მებრძოლებს შეუძლიათ საბჭოთა და რუსული წარმოების ტანკების აფეთქება და
შვეულმფრენების ჩამოყრა მოძველებული იარაღით, ნუთუ საქართველოში არ შეგვიძლია შევქმნათ, სერიულად გამოვუშვათ და რაც მთავარია, ქართული არმია აღვჭუროთ ეფექტური ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღებით?!

რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თანაც - უკვე კარგა ხანია. ამ სტატიის ავტორი ჯერ კიდევ 1993 წლის აფხაზეთის ომის დროს მონაწილე გახლდათ გორში, სატანკო ნაწილის პოლიგონზე, თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული პირველი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის გამოცდისა. მართალია, ის საბჭოთა РПГ-7В-ს ქართული კლონი იყო, მაგრამ მშვენივრად ასრულებდა თავის საბრძოლო დანიშნულებას. მცირე პარტიებით ამ ყუმბარსატყორცნებს დღესაც ამზადებენ "თბილავიამშენში" და ძნელი არ არის, დამატებით აღვჭუროთ ქართული არმიის დანაყოფები, რათა მათი ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო შესაძლებლობები გაძლიერდეს.

РПГ-7В-დან გასროლის მაქსიმალური მანძილი 500-600 მ-ს არ აღემატება, მაგრამ მეტი არც არის საჭირო იმ ასიმეტრიულ ომში (ანუ როდესაც მებრძოლი მხარეების შესაძლებლობები არათანაბარია და ერთი მხარე პარტიზანულ საბრძოლო ტაქტიკას ირჩევს პრინციპით: "ესროლე-გაიქეცი"), რომელიც ჩვენ ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან შეიძლება მოგვიხდეს.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზებში შედარებით თანამედროვე - Т-90С ტიპის ტანკები აქვთ, მაგრამ მათი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლებელი არ არის, თუკი ქართული ყუმბარსატყორცნებიდან ორ კუმულაციური ქობინის მქონე რაკეტას ესვრიან, რომელთაგან პირველი ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტს ააფეთქებს, მეორე კი ტანკის ჯავშანს გახვრეტს.

ქართველი სპეციალისტების შექმნილ 12,7მმ კალიბრის ანტიმატერიალურ (ანუ ძირითადად მოწინააღმდეგის არა ქვეითების, არამედ ტექნიკის წინააღმდეგ მიმართულ) სნაიპერულ შაშხანებს, მართალია, რუსული ტანკების ჯავშნის გახვრეტა არ შეუძლიათ (თუმცა ტანკის ეკიპაჟის სათვალთვალო და დასამიზნებელ ოპტიკურ მოწყობილობებს იოლად დაამსხვრევენ და ტანკისტებს "დააბრმავებენ"), მაგრამ სამაგიეროდ, მათ ჯავშანგამტარ ტყვიებს 100 მ-დან ვერც ერთ რუსული БТР-80-ისა თუ БМП-2-ის გვერდითა ჯავშანი ვერ გაუძლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მსუბუქად შეჯავშნულ რუსულ ჯავშანგამწევებზე - МТЛБ-სა თუ ჯავშანმანქანა Тигр-ებზე.

არადა, რუსული მოტომსროლელი დანაყოფების კოლონებში ძირითადი ნაწილი სწორედ მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკაა და არა - ტანკები.

ამ ქართული ანტიმატერიალური სნაიპერული შაშხანებით 1-1,5 კმ სიშორიდან აეროდრომზე მდგარი შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების დაზიანება ან რადიოლოკაციური სადგურებისა თუ კავშირგაბმულობის მანქანების მწყობრიდან გამოყვანაც შეიძლება, თანაც ისე, რომ მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდება ამ სიშორეზე სნაიპერის საფრის აღმოჩენა.

რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, მათი შექმნა და სერიული წარმოებაც არ არის გადაულახავი პრობლემა. მთავარია, მთავრობამ და რაც მთავარია - შეიარაღებულმა ძალებმა ეს მოითხოვოს და დაფინანსება დაიწყოს. ეს უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მზა პროდუქციის შეძენა საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომ რთული და მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მართვადი საზენიტო და ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი დღემდე მაინც არავინ მოგვყიდა. დასავლური იარაღის ფირმებისგან ამა თუ იმ იარაღის სისტემების დეტალების შესყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე საბრძოლველად გამზადებული რაკეტების მთელი პარტიის შეძენა.

მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა და "მიწა-ჰაერი" კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემების აწყობა საქართველოშიც შესაძლებელია და ეს ფანტასტიკის სფერო სულაც არ გახლავთ - "თბილავიამშენისა" და "დელტას" სპეციალისტებს შეუძლიათ დასავლური წარმოების მაღალტექნოლოგიური მართვისა და დამიზნების ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყოები დაამონტაჟონ ჩვენ მიერვე დამზადებული რაკეტების კორპუსებში, რის შემდეგაც მივიღებთ ბრძოლისუნარიან მართვად სარაკეტო სისტემებს, რომლებიც თავიანთი საბძოლო ეფექტურობით შეიძლება არაფრით ჩამოუვარდებოდეს დასავლურ ანალოგებს.

ეს სრული ჩამონათვალი არ არის იმ საბრძოლო სისტემებისა, რომელთა აწყობა (უცხოური მაღალტექნოლოგიური დეტალების გამოყენებით) და სერიულად წარმოებაა შესაძლებელი საქართველოში, კერძოდ, "დელტასა" და მასში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალის გამოყენებით. საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების ყურადღება და გენერლების სურვილი, რომ ქართული არმია ქართული წარმოების იარაღით შევაიარაღოთ...
სემი
21 ივლისი 2014 19:05
ჯიგარი ხარ, ირაკლი! ძალიან კარგად წერ.

სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს არავინ გისმენდა როცა ეუბნებოდი - რეზერვისტების არ გვიშველის და შესაბამისი შეიარაღება გვინდაო.

ახალი ხელისუფლება რატომ არ აკეთებს იმას რაც საჭიროა? ამაზეც დაწერე.
LAsha
19 ივლისი 2014 10:45
ტექნიკა კი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, გადამწყვეტი მაინც იმ ხალხის მომზადებაა, ვინც ამ ტექნიკას იყენებს. აგვისტოს ომმა პირველ რიგში ის აჩვენა, რომ ხელმძღვანელობა არ ვარგოდა. პარტიზანულ ბრძოლებში ასეთი ხალხი ისე შეაკლავს ბიჭებს, წარბიც არ გაუტოკდება...
sdfghjkl
16 ივლისი 2014 16:35
მართალია,როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი შემყურე.არიან საქართველოში ისეთი სპეციალისტები,რომელთა დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი გვეყოლება.მთავარი დაფინანსებაა,რასაც ვერ შეელია თავდაცვის სამინისტრო.ბრწყინვალე ინჟინრები და "სამაუჩკები" გვყავს.

რედაქტორის რჩევით