კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლება დაიწყო...
14-07-2014
კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლება დაიწყო...
უკრაინა გადამწყვეტი ბრძოლის წინ დგას - ან საბოლოოდ გაანადგურებს პრორუს სეპარატისტ-ტერორისტებს ან, როგორც ერთიანი სახელმწიფო, დაიშლება...

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს, პრორუსი სეპარატისტ-ტერორისტებისაგან გაეთავისუფლებინათ ორი ქალაქი - სლავიანსკი და კრამატორსკი, რომლებიც ტერორისტების ძირითად დასაყრდენ პუნქტებს წარმოადგენდა, თუმცა, ტერორისტებმა მოახერხეს, შედარებით მცირე დანაკარგით დაეხიათ უკან. ისინი ორ დიდ ქალაქში - დონეცკსა და ლუგანსკში - გადანაწილდნენ.

ამ სამხედრო წარმატებამ ფრთები შეასხა უკრაინის ხელისუფლებასა და სამხედროებს,
მაგრამ მათ წინ ბევრად უფრო რთული საბრძოლო ამოცანა ელით - გასათავისუფლებელია ნახევარმილიონიანი ლუგანსკი და ერთმილიონიანი დონეცკი, სადაც უკრაინელ სამხედროებს შეტევის ტაქტიკის შეცვლა დასჭირდებათ.
მაგალითად, დონეცკში (ქალაქი 1869 წელს უელსელმა ჯონ ჰიუზმა დააარსა და თავიდან იუზოვკა ერქვა, 1930-იანი წლებიდან სტალინო დაერქვა, ხოლო 1961 წელს მას ხრუშჩოვმა
დონეცკი უწოდა) 2 200 ქუჩა, ბულვარი და პროსპექტია, რომელთა საერთო სიგრძე 2500 კმ-ს აღწევს და ამ მილიონიანი ქალაქის (რომელშიც 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით 2 073 ქართველი ცხოვრობს) გასათავისუფლებლად ბრძოლები შეიძლება თითოეული ქუჩისთვის გაჩაღდეს.

უკრაინელმა სამხედროებმა სლავიანსკისა და კრამატორსკისთვის ბრძოლებში აქტიურად გამოიყენეს არტილერია და საბრძოლო ავიაცია ტერორისტების იმ  საარტილერიო საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად, რომლებიც ქალაქების ქუჩებში იყო განთავსებული. ორივე ქალაქში დიდია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და დანგრეულია საცხოვრებელი შენობები.

ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ თავს შეიკავებს დონეცკში არტილერიისა და ავიაციის გამოყენებისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში ახლო მანძილზე ბრძოლები მოუწევთ, რაც გაზრდის მათ შესაძლო საბრძოლო დანაკარგს.

მეორე მხრივ, დონეცკსა და ლუგანსკში გამაგრებულ პრორუს სეპარატისტ-ტერორისტებს არ გააჩნიათ საკმაო ძალები, რომ თითოეული ქუჩისთვის იბრძოლონ ან 385 კვადრატულ კმ-ზე გადაჭიმულ დონეცკს თავდაცვითი ზღუდეები შემოაკრან.

თუმცა სანამ საიმედოდ არ ჩაიკეტება უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მიმდებარე მონაკვეთები, სეპარატისტ-ტერორისტები რუსეთიდან მუდმივად მიიღებენ დახმარებას როგორც პირადი შემადგენლობის, ისე საბრძოლო ტექნიკის სახით.

ოფიციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე ყოველდღიურად ხორციელდება ყურადღების გადამტანი თავდასხმები, რომელთა დროსაც საზღვრის სხვა არაოფიციალური გადასასვლელებიდან რუსეთიდან უკრაინაში ღამის საათებში განუწყვეტლივ შემოჰყავთ ტანკები, "გრადები", ჯავშანტრანსპორტიორები და ჰაუბიცები.
ძალზე საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - პრორუსი სეპარატისტ-ტერორისტები გამუდმებით უტევენ ლუგანსკისა და დონეცკის აეროპორტებში გამაგრებულ უკრაინელ მედესანტეებს, მაგრამ რისთვის სჭირდებათ ამ აეროპორტების დაპყრობა ტერორისტებს? იქნებ რუსეთიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად? მაგრამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მწყობრიდან გამოყვანა, ისევე, როგორც დაშვებული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება, საკმაოდ ადვილია, ხოლო ტერორისტებისთვის საჰაერო დახმარების გაგზავნა რუსეთის საზღვრიდან შვეულმფრენებითაც შეიძლება, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთენ საზღვარს და უკრაინულ რადიოლოკატორებს მათი დროული დაფიქსირება გაუჭირდებათ.

რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენებმა (მათ შორის შედარებით თანამედროვე Ка-52-მა) რამდენჯერმე უკვე დაარღვიეს უკრაინის საზღვარი და 4 კმ-ის სიღრმეშიც კი შეიჭრნენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ჯერჯერობით თავს იკავებენ მათი ჩამოგდებისაგან, რათა კრემლს არ მისცენ საბაბი, ომი გამოუცხადოს კიევს. არადა, უკრაინის საზღვართან ისევ თავმოყრილია ძლიერი რუსული სამხედრო დაჯგუფება, რამდენიმე საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის, საარტილერიო დანაყოფების და საავიაციო შენაერთების სახით, რომლებიც არავინ იცის, როდის შეიძლება დაიძრას უკრაინისკენ...
tata
01 აგვისტო 2014 14:10
აუტანელია იმ ხალხის მოსმენა ვინც რუსეთის მთავრობის მოქმედებებს რაიმეთი ამართლებს..როდისმე გაჩერდება ეს მონსტრი??რითი დამთავრდება ეს ყველაფერი??
rezo
27 ივლისი 2014 18:30
ბატონო ირაკლი გაარკვიოთ ეგებ ამ ვიდეოს ავთენტურობა ვის მხარეზე იბრძვიან ეს ქართველები https://www.youtube.com/watch?v=fwWFWs5lIds
tony
20 ივლისი 2014 14:22
როგორც კი უკრაინის არმია საზღვარზე კონტროლს აღადგენს, ვირთხებივით ამოხდიან სულს ბანდფორმირებების წევრებს. იმედი მაქვს ეს დროც მალე დადგება. დიდება უკრაინას და უკრაინელ ხალხს!

რედაქტორის რჩევით