ვის და რატომ უჩივის ჯარიდან დათხოვნილი 21 სამხედრო?! - კვირის პალიტრა

ვის და რატომ უჩივის ჯარიდან დათხოვნილი 21 სამხედრო?!

ქუდზე გვარი და სახელი რატომ არ გაწერიაო?!.

ამ კვირაში სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს 21 ქართველი სამხედრო. ისინი თავდაცვის სამინისტროს უჩივიან შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო.

ასეთი ჯგუფური სარჩელი დიდი ხანია არ შესულა თავდაცვის უწყების წინააღმდეგ. დეკემბერში ახალი წლის წინ მოულოდნელად დათხოვნილი 21 სამხედრო მოითხოვს სამხედრო სამსახურში აღდგენას.

ჩვენ ამ საქმის დეტალებში გარკვევა ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორს, ირაკლი სესიაშვილს ვთხოვეთ.

ირაკლი სესიაშვილი: - დეკემბერში იურიდიული კონსულტაციისთვის მოგვმართა თბილისში,  ვარკეთილში დისლოცირებული ცალკეული საინჟინრო დანაყოფის 21-მა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალებმა და უმცროსმა ოფიცრებმა.

ისინი ამბობენ, რომ მეთაურმა დისციპლინური სასჯელი დაადო ერთ-ერთ მათგანს იმ მოტივით, რომ ქუდზე არ ჰქონდა მიმაგრებული გვარისა და სახელის აღმნიშვნელი წარწერიანი ნიშნული. შემდეგ გაირკვა, რომ არც სხვა სამხედროებს ჰქონდათ ქუდზე ასეთი აღნიშვნა და მეთაურმა მათ განუცხადა, - ხელფასის 30%-ით დაჯარიმდებითო. ერთმა უმცროსმა ოფიცერმა ვერ მოითმინა და აღელვებულმა მეთაურს მიახალა, - ვინც ჩემს შვილებს ახალ წელს ფულს წაართმევსო... მეთაური მაშინვე დაუკავშირდა ხელმძღვანელობას, ნაწილში სასწრაფოდ მივიდნენ გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები. დათხოვნილი სამხედროების თქმით, თავდაცვის მინისტრიც. მათ მოითხოვეს დასჯილ სამხედროთა სია. სიაში 21 კონტრაქტით მომსახურე კაპრალი და უმცროსი ოფიცერი აღმოჩნდა. ცოტა ხანში გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ოცდაერთივე სამხედრო დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან შემდეგი მოტივით - კონტრაქტის იმ ნაწილის დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს უფლებას, დაითხოვოს ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სასჯელის მოქმედების დროს ჩაიდინეს ორი ან ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომა.

შედგა სამანდატო კომისია და 21 სამხედროს წაუყენეს ორი დისციპლინური სასჯელი: ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა და ბრძანების შეუსრულებლობა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ შექმნილიყო შესაბამისი საფუძველი კონტრაქტის დარღვევის მოტივით მათი ჯარიდან სასწრაფოდ დათხოვნისა.

ფორმის ტარების წესის დარღვევაში ბრალის დადება არასამართლიანია, რადგან ეს წესი არ ითვალისწინებს ქუდზე გვარისა და სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტის ქონას და თუ ეს რეგულირდება შიდა წესით, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თავად უნდა უზრუნველეყო ეს სამხედროები შესაბამისი ნიშნებით.

მეორე ბრალდებაა ბრძანების შეუსრულებლობა. გაუგებარია, რა ბრძანების შეუსრულებლობა ედებათ ბრალად. როდესაც სამხედროებმა მოითხოვეს ამ ბრძანების ჩვენება, მათ ის ვერ წარუდგინეს.

საგულისხმოა, რომ 21-ივე დათხოვნილი კაპრალისა და უმცროსი ოფიცრის პირად საქმეებში მხოლოდ ჯილდოები და მადლობებია (მათ შორის თავდაცვის მინისტრისა), არსად ჭაჭანებს ძველი დისციპლინური გადაცდომები.

ვფიქრობ, როდესაც ჯარში არის უმცროს ოფიცერთა მნიშვნელოვანი დეფიციტი, რასაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაც აღიარებს, ასეთი ვიწროდისციპლინური მიდგომა სრულიად გაუმართლებელია.

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ირაკლი სესიაშვილმა ისიც თქვა, რომ მათი ასოციაცია ყოველნაირად დაეხმარება დათხოვნილ სამხედროებს სამართლის პოვნაში.

P.S. ამ სტატიის ავტორს ათზე მეტი ქვეყნის არმიის ყაზარმა აქვს ნანახი და არსად შეხვედრია გვარისა და სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტით ქუდდამშვენებულ სამხედროს. ეს კი არა, ბრძოლებში ცდილობენ, გვარისა და წოდების აღმნიშვნელი ტრაფარეტები მკერდიდან მოიხსნან, რომ მოწინააღმდეგის სნაიპერის მიზანმიმართული ნადირობის მსხვერპლი არ გახდნენ.

იმედია, თავდაცვის სამინისტრო მიუბრუნდება ამ 21 დათხოვნილი სამხედროს (მით უმეტეს, მენაღმის, რომელთა პროფესია ასე საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლება თავდაცვით ბრძოლებზე ფიქრობს) საქმეს და სიმართლე გაიმარჯვებს...

P.S.S. თავდაცვის სამინისტროს გვინდა ვკითხოთ, არის თუ არა დისციპლინური წესის დარღვევა, როდესაც ქართული არმიის ყველა ოფიცერს სამხრეებზე  შვიდქიმიანი ვარსკვლავი აქვს დამაგრებული, ხოლო რამდენიმე მოქმედ გენერალს ხუთქიმიანი ვარსკვლავი!