100 მმ-იანი საჩუქარი" გონიოს პოლიგონიდან - კვირის პალიტრა

100 მმ-იანი საჩუქარი" გონიოს პოლიგონიდან

მორიგი ტრაგედია, რომელიც საბრძოლო საჭურველთან არასწორ მოპყრობას მოჰყვა

14 იანვარს, ძველით ახალ წელს, როდესაც ბევრი ზეიმობდა, გონიოში, ნუგზარ ბილმანიძის ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - აფეთქებამ სამი ადამიანის, თავად ნუგზარის, მისი მეუღლე ქეთევანისა და მათი 6 წლის ძმისწულის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედიის წინა პირობა, სამწუხაროდ, უკვე ნაცნობი აღმოჩნდა - პოლიგონზე ჯართის შეგროვება და მისი დახარისხება, რომლის დროსაც საბრძოლო საჭურველმა დეტონაცია განიცადა...

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, გონიოს პოლიგონზე ნუგზარ ბილმანიძემ და მისმა მეწყვილემ წინა დღეებში, სხვა ჯართთან ერთად, მიწიდან ოთხი 100 მმ კალიბრიანი აუფეთქებელი ჭურვიც ამოთხარეს. ჭურვები ძმურად გაიყვეს. 14 იანვრის დილას ბილმანიძემ ეზოში ერთ-ერთი ჭურვის დანაწევრება მოინდომა და აფეთქების ხმაც გაისმა...

ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნი მეორე, ძლიერ კოროზირებული ჭურვი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი პოლიგონზე არაერთი ათეული წელი იყო ჩამარხული.

გონიოს პოლიგონზე ათწლეულების განმავლობაში 100 მმ-იან ჭურვებს ძირითადად Т-54 და Т-55 ტიპის ტანკები, ასევე MТ-12 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები ისროდნენ.

სატანკო ქვემეხებისა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის ჭურვები, მიუხედავად ერთნაირი კალიბრისა, ერთმანეთისგან განსხვავდება: ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი გლუვლულიანია, ხოლო სატანკო ქვემეხი - ხრახნილიანი.

ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნი (ასევე მეორე ჯართის მძებნელის მიერ წაღებული და, იმედია, უკვე ჩამორთმეული) ჭურვის დეტალური დათვალიერების შემდეგ გაირკვევა, თუ რა ტიპის ჭურვი გახდა ტრაგედიის მიზეზი.

სავარაუდოა, რომ გონიოს პოლიგონზე ამოთხრილი დაჟანგული 100 მმ-იანი ჭურვები მსხვრევადფუგასური ტიპის იყო. მათ ტანკსაწინააღმდეგო MТ-12 ტიპის ქვემეხებით ისვრიან. თითოეული ჭურვის მასა 16,7 კგ-ია.

აჭარისგან განსხვავებით, სადაც, საბედნიეროდ, საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და მათ საფრთხე მხოლოდ პოლიგონებიდან ამოთხრილი ფეთქებადსაშიში მასალებით ელოდებათ, შიდა ქართლის მიწა, სამწუხაროდ, კვლავ ინახავს ძალზე საშიშ კასეტურ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.

აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიაზე განნაღმვითი სამუშაოები 8.705.885 დოლარით დააფინანსეს.

მაგრამ შედეგი?

11 იანვარს სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივმა მცხოვრებმა თავის ბაღში მორიგი კასეტური ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა, თუმცა დეკემბერში საერთაშორისო გამნაღმველებმა მას ხელი მოაწერინეს ჩაბარების დოკუმენტზე, რომ მისი ბაღი სრულიად გაიწმინდა და სახიფათო აღარ იყო...

მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ ადგილზე თავმოყრილი ფეთქებადსაშიში საგნები გაუვნებლებამდე ღამით მოუპარავთ და ასაფეთქებლად გამზადებული კასეტური ელემენტები ჯართში ჩაუბარებიათ...