განწირული რეისი... - კვირის პალიტრა

განწირული რეისი...

ექვსი ფაქტი რუსეთის გასამტყუნებლად...

ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, რადგან რუსეთის ხელისუფლება საზენიტო იარაღს ათასი ჯურის ტერორისტს აწვდის, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში...

კრემლმა სეპარატისტების საფარქვეშ საზენიტო "ბუკი" პირველად 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში გამოიყენა ქართული ავიაციის წინააღმდეგ

17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა - საზენიტო რაკეტამ 10კმ სიმაღლეზე მფრენი მალაიზიის ავიახაზების  "ბოინგ-777" ჩამოაგდო, რასაც 298 მგზავრის, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

საზენიტო რაკეტით სარეისო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება მთელ მსოფლიოში ფასდება, როგორც საერთაშორისო დონის ტერორისტული აქტი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კი გამაოგნებელია იმითაც, რომ საზენიტო რაკეტა, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტ-ტერორისტებმა გაუშვეს.

ამის თქმის საფუძველს ტრაგედიიდან მეორე დღესვე ის მტკიცებულებები გვაძლევს, რაც ასე მოკლე ხანში უკვე გამოჩნდა.

პირველი - ერთმანეთს ემთხვევა "ბოინგის" ეკიპაჟთან რადიოკავშირის გაწყვეტისა და დონეცკის ოლქის ქ. სნეჟნოედან სტარტაღებული საზენიტო რაკეტის მიერ დატოვებული თეთრი ინვერსიული კვალის გამოჩენის (რომლის შემსწრე ასობით ადამიანი იყო) დრო.

მეორე - ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეებმა სნეჟნოესთან გადაიღეს ფოტოსურათები, თუ როგორ გადააქვთ მისაბმელიანი ტრაილერით "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი პრორუს ტერორისტებს.

მესამე - გადაღებულია ფოტოსურათი თუ როგორ მალავენ "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ ტერორისტები "ბუკის" დანადგარს სნეჟნოეს ერთ-ერთი კვარტალის საცხოვრებელ სახლთან.

მეოთხე - ტერორისტების მეთაურმა გირკინმა რაკეტის გაშვების შემდეგ სოციალურ ქსელში მაშინვე დადო სატრაბახო წერილი იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოუგდეს უკრაინელ სამხედროებს მორიგი სატრანსპორტო Ан-26. ეს "სასიხარულო" ინფორმაცია მაშინვე აიტაცა რუსულმა მასმედიამ და სასწრაფოდ გაავრცელა. თუმცა როდესაც გაირკვა, რომ საზენიტო რაკეტამ უკრაინულის ნაცვლად მალაიზიის სამგზავრო ლაინერი იმსხვერპლა, სოციალური ქსელებიდან ტერორისტებმა მანამდე გამოქვეყნებული "პოსტების" წაშლა დაიწყეს.

მეხუთე - ძნელი დასაჯერებელია, პრორუს ტერორისტებს მაინცდამაინც მალაიზიური ლაინერის ჩამოგდება ჰქონოდათ განზრახული. იმ საჰაერო დერეფნის სიახლოვეს, რომლითაც მალაიზიური "ბოინგი" მიფრინავდა, უკრაინელი სამხედროები სატრანსპორტო Bკ-76-დან ალყაში მოქცეული  უკრაინული სამხედრო დანაყოფებისთვის ტვირთის პარაშუტებით ჩაყრას აპირებდნენ და სავარაუდოდ, მალაიზიური "ბოინგი" "ბუკის" ეკიპაჟს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი ეგონა.

მეექვსე - საიდან აღმოჩნდა საზენიტო სარაკეტო "ბუკი" პრორუსი ტერორისტების ხელში? საქმე ის არის, რომ მანამდე ტერორისტებს უკრაინული ავიაციისგან დასაცავად რუსული სპეცსამსახურები მხოლოდ "სტრელას" და "იგლას" ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწოდებდნენ, რომლებიც მხოლოდ 3-3,5 კმ სიმაღლეზე თუ მოქმედებს. ამის გამო უკრაინულმა ავიაციამ უფრო მეტი სიმაღლიდან დაიწყო საბრძოლო ამოცანის შესრულება და ტერორისტებმაც თავიანთ რუს პატრონებს უფრო მძლავრი საზენიტო საშუალებები მოსთხოვეს. თავიდან ლუგანსკში ტერორისტების განკარგულებაში Стрела-10 ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარი გამოჩნდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დონეცკის ოლქში Бук-М1-ის გამოჩენამ ტერორისტებს საშუალება მისცა, თვითმფრინავები თითქმის 20 კმ სიმაღლეზე და 35 კმ-ის რადიუსში დაეზიანებინათ. სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა...

მალაიზიური "ბოინგის" ფრაგმენტები და მგზავრების ცხედრები სოფელ გრაბოვესთან, 4 კმ-ის რადიუსში გაიფანტა და იქ უმალ გაჩნდნენ პრორუსი ტერორისტები, რომლებმაც გაფაციცებით დაიწყეს რაღაცის ძებნა. ეს რაღაც "ბოინგის" "შავი ყუთებია", თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ლაინერის ფიუზელაჟისა და ფრთების ის ფრაგმენტები, რომლებსაც საზენიტო რაკეტის აფეთქების შემდეგ ქობინის დამაზიანებელი ელემენტები მოხვდა.

თუკი რუსული სპეცსამსახურები მოახერხებენ, გადამალონ ან გაანადგურონ თვითმფრინავის დაზიანებული ფრაგმენტები, მაშინ გაძნელდება იმის დამტკიცება, რომ სამგზავრო ლაინერი მართლაც "ბუკის" რაკეტამ იმსხვერპლა.

მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში არაპირდაპირ დამნაშავე არიან ის ევროპელი პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებმაც თვეების განმავლობაში წაუყრუეს უკრაინელების ძახილს, რომ რუსეთი დონბასში მოქმედ ტერორისტებს აღჭურავს და აიარაღებს. შედეგად "ბოინგის" ჩამოგდებას ჰოლანდიელი, გერმანელი, ბრიტანელი, ფრანგი, ბელგიელი, ავსტრალიელი და მალაიზიელი უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.

ევროპას და აშშ-ს აქამდე რუსეთისთვის უფრო მკაცრი და ეფექტური სანქციები რომ დაეწესებინათ, დღეს უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტ-ტერორისტები ასე თავისუფლად ვერ იმოქმედებდნენ...

მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ საერთაშორისო ავიაკომპანიებმა მიიღეს სასწრაფო გადაწყვეტილება, საჰაერო ტრანზიტის დერეფნები უკრაინას აარიდონ. ის სამგზავრო თვითმფრინავები, მათ შორის საქართველოდანაც, რომლებსაც უკრაინაში უწევთ ფრენა, ვალდებული იქნებიან, არანაკლებ 200 კმ-ით დაშორდნენ დონეცკი-ლუგანსკის იმ ზონას, სადაც დღეს ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

სხვათა შორის, მალაიზიური "ბოინგის" ტრაგედიამდე ორიოდე კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვიდან თბილისისკენ გამოფრენილ სამგზავრო თვითმფრინავს ლუგანსკის მიდამოებიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს, მაგრამ ვერ მიაწვდინეს, რადგან თვითმფრინავი უკვე საკმაოდ მაღლა იყო.

იმ ქართველ პილოტებს, რომლებსაც უკრაინის საჰაერო სივრცის გადაკვეთა უწევთ, მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან რუსეთის წყალობით ტერორისტების ხელში ისეთი საზენიტო საშუალებები აღმოჩნდა, რომლებითაც 10კმ-ის ზევით ძირითად მაგისტრალურ საავიაციო ეშელონებზეც შეიძლება სამგზავრო  თვითმფრინავის დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მის დროსაც რუსულმა სპეცსამსახურებმა "ჩვენებურ" სეპარატისტებს "სტრელასა" და "იგლას" გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცეს, რომელთა საშუალებით 3,5კმ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოყრა შეიძლება, ისევე, როგორც აეროპორტის სიახლოვეს დაფრენა-აფრენის რეჟიმში მყოფი დიდი სამგზავრო ლაინერების დაზიანება.

ჩვენი დოსიე:

მალაიზიური ავიახაზების Boeing-777-FR-ი თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე შორს მფრენ სამგზავრო ლაინერად ითვლება, მას ძირს დაუშვებლად მაქსიმალურ 14 260 კმ-ზე 301-დან 400-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ჩამოგდებული თვითმფრინავი 1997 წელს იყო გამოშვებული. ლაინერის სიგრძე 64 მ-მდე იყო, ფრთების  სიგანე - 61 მ-მდე, სიმაღლე - 18,5 მ. "ბოინგის" მაქსიმალური ასაფრენი მასა 297 ტ-ს აჭარბებდა, საიდანაც 170 ათასი ლიტრი საავიაციო საწვავი იყო. ამსტერდამიდან გამოფრენის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდების დროს ლაინერის მასა დაახლოებით 200 ტ იქნებოდა.

კრემლი თავის დაძვრენას ცდილობს

სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების ბრალდების თავიდან ასაცილებლად რუსეთის სპეცსამსახურები და მათდამი დაქვემდებარებული რუსული მასმედიის დიდი ნაწილი ათასნაირ ვერსიას იგონებს. რუსული მასმედია ცდილობს, გამოძიება ათასნაირი მიმართულებით წაიყვანოს, რისთვისაც ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მალაიზიური "ბოინგი" უკრაინულმა Су-25-მა რაკეტით ჩამოაგდო, რაც ტექნიკურადაც შეუძლებელია, რადგან ამ მოიერიშეს ჰერმეტული კაბინა არა აქვს და პილოტს მხოლოდ 7 კმ სიმაღლეზე თუ შეეძლო თვითმფრინავის აყვანა, მაშინ, როდესაც "ბოინგი" 10 კმ-ზე მაღლა მიფრინავდა. მეორე რუსული დეზინფორმაციის თანახმად, თითქოს უკრაინელ მეზენიტეებს სამხრეთ ამერიკიდან  დაბრუნებული პუტინის სამგზავრო ლაინერის ჩამოგდება სურდათ და ის "ბოინგში" შეეშალათ, არადა პუტინის  Ил-96-ს ოთხი ძრავა აქვს, ჩამოგდებულ "ბოინგ-777"-ს კი მხოლოდ ორი ჰქონდა, რისი გარჩევაც ძრავებიდან გამოსული ინვერსიული კვალის მიხედვით სიმაღლეზეც კი ძალიან ადვილია.

კრემლი პირველად არ ცდილობს თავის დაძვრენასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. 31 წლის წინ, 1983 წლის 1 სექტემბერს, სახალინთან საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა Су-15-მა ორი რაკეტით ჩამოაგდო სამხრეთკორეული სამგზავრო ლაინერი, "ბოინგი-747", რასაც 269 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრემლი მაშინაც უარყოფდა საბჭოთა გამანადგურებლების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, სანამ დასავლეთმა მოსკოვს ეს უტყუარი დოკუმენტაციით არ დაუმტკიცა. შეძლებს კი დღევანდელი დასავლეთი იმავეს გაკეთებას?

"ბოინგ 777"-ზე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები იყო?!

დონეცკთან ჩამოვარდნილი "ბოინგ 777"-ის ბორტზე შიდსთან ბრძოლის საკითხებში  წამყვანი სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ავსტრალიაში, მელბურნში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ. შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კანადელი სპეციალისტის, ტრევორ სტრეტტონის ინფორმაციით, დაღუპული სპეციალისტები ძალიან ახლოს იყვნენ შიდსის სამკურნალო ვაქცინის შექმნასთან. აქედან გამომდინარე, ის არც იმას გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის ბორტზე შესაძლოა შიდსის სამკურნალო მედიკამენტებიც იყო.