ობამამ პუტინი "ბოინგის" ჩამოგდებაში ღიად დაადანაშაულა
28-07-2014
ობამამ პუტინი "ბოინგის" ჩამოგდებაში ღიად დაადანაშაულა
აშშ-ის ადმინისტრაციას ერთი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ოფიციალურად, ღიად დაედანაშაულებინა რუსეთის ხელისუფლება დონბასში მოქმედი პრორუსი ტერორისტებისთვის საზენიტო "ბუკის" გადაცემაში, რომლითაც მათ მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდეს. შემთხვევას 298 უდანაშაულო ადამიანის (მათ შორის - 85 ბავშვის) დაღუპვა მოჰყვა.

თეთრი სახლი დარწმუნებულია პუტინის ხელისუფლების დანაშაულში და აცხადებს, რომ მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, თუმცა 26 ივლისამდე ოფიციალურად გავრცელებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ამერიკელების სიფრთხილესა და ერთგვარ ბიუროკრატიულ სიდინჯეს კარგად იყენებენ კრემლში და იქით
უტევენ უკრაინელებს, თითქოს მალაიზიური "ბოინგი" მათ ჩამოაგდეს. ლაინერის ორივე "შავი ყუთი" უკვე ბრიტანეთშია და იშიფრება, ცხედრები კი ჰოლანდიაში გაიგზავნა სრული ექსპერტიზისა და იდენტიფიკაციის ჩასატარებლად.
მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში პრორუსი ტერორისტებისა და მათი დამხმარე კრემლის დადანაშაულება უკრაინისთვის ძალზე საშური საქმეა, რადგან ამ ქვეყნის აღმოსავლეთში სისხლისმღვრელი საბრძოლო მოქმედებები
არ წყდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს დასახლებულ პუნქტებს, ქალაქები - ლუგანსკი და დონეცკი კვლავ პრორუსი ტერორისტების ხელშია. ამასთან, ისინი კვლავ იღებენ სამხედრო დახმარებას რუსეთის ტერიტორიიდან იმ სასაზღვრო მონაკვეთების გავლით, რომლებსაც უკრაინელი მესაზღვრეები დღემდე ვერ აკონტროლებენ.

უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, დაეხმარონ მესაზღვრეებს ლუგანსკის (აღმოსავლეთით) და დონეცკის (სამხრეთით) მიმართულებით საზღვრების ჩაკეტვაში, მაგრამ ორმაგ ცეცხლში ხვდებიან: ერთი მხრიდან მათ პრორუსი ტერორისტები ესვრიან, რუსეთის ტერიტორიდან კი რუსი სამხედროების "გრადები" და მსხვილკალიბრიანი არტილერია უტევთ.
უკრაინელი სამხედროები პასუხს სცემენ პრორუს ტერორისტებს, მაგრამ არ შეუძლიათ კონტრბატარეული ცეცხლით ჩააჩუმონ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული საარტილერიო დანადგარები, რადგან კრემლი სწორედ ამას ელოდება, რათა კიევს ომის დაწყება დააბრალოს და საზღვართან თავმოყრილი 40-ათასიანი სამხედრო დაჯგუფება უკრაინისკენ დაძრას.

რაც მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინული არმია და რაც უფრო რეალური გახდება ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლებისა და პრორუსი ტერორისტების დამარცხების შანსი, მით უფრო გაიზრდება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საფრთხე.

უკრაინის მოვლენებს 2008 წლის აგვისტოს ომს თუ შევადარებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ კრემლი მაშინაც ასეთი სცენარით მოქმედებდა, მაგრამ როგორც კი 7 აგვისტოს ღამეს დაინახეს, რომ რეგიონში მობილიზებული ქართული საარმიო და საპოლიციო დანაყოფები ადრე თუ გვიან მაინც აიღებდნენ ცხინვალს და რაც მთავარია, როკის გვირაბის გამოსასვლელს, მოსკოვმა სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს წინააღმდეგ დაუფარავი სამხედრო აგრესია დაეწყო. რუსი გენერლები კარგად ხვდებოდნენ, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში შემავალ ერთადერთ მოასფალტებულ მაგისტრალს - როკის გვირაბს - თუ ვეღარ გააკონტროლებდნენ, ძალზე გაუჭირდებოდათ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება და მანამდე ცხინვალის რეგიონში მალულად გადმოსროლილ სადაზვერვო-დივერსიულ რაზმებს (სწორედ ისეთებს, დღეს უკრაინის აღმოსავლეთით რომ მოქმედებენ) დასახმარებლად სასწრაფოდ გამოუგზავნეს ტანკები, ჰაუბიცები, მოიერიშე და დამრტყმელი თვითმფრინავები.

დღეს კრემლს ეს საშიშროება არ ემუქრება, რადგან სახელმწიფო საზღვრის ათობით კმ-ს უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და რუსეთს ჯერჯერობით არ სჭირდება, თავისი არმია დაუფარავად ჩართოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა თუკი უკრაინელმა სამხედროებმა და მესაზღვრეებმა მაინც მოახერხეს პრორუსი ტერორისტების მიერ კონტროლირებად დონბასსა და უკრაინის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთს შორის თუნდაც 5-10 კმ-იანი კარგად კონტროლირებადი ბუფერული ზოლის შექმნა, მაშინ ანტიტერორისტული ოპერაციის (სინამდვილეში კი - ნამდვილი ომის) წარმატება კიევს თითქმის გარანტირებული ექნება, რადგან ბლოკადაში მოქცეულ ტერორისტებს რუსეთი სახმელეთო გზით ვეღარ დაეხმარება.

მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნე, უკრაინელების ასეთი სამხედრო წარმატება (საზღვრების ჩაკეტვა და დასახლებული პუნქტების გათავისუფლება) რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხეს უფრო რეალურს გახდის.
არსებობს მოვლენების განვითარების მესამე, შესაძლოა, ჩვენთვის და ცხადია, უკრაინისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი - ბოლოს და ბოლოს, ვლადიმირ პუტინი ცივი გონებით აწონ-დაწონის შექმნილ სიტუაციას, უარს იტყვის უკრაინის წინააღმდეგ დაუფარავი სამხედრო აგრესიის დაწყებაზე და გაიმეტებს დასაღუპავად დღეს დონბასში მებრძოლ პრორუს ტერორისტებსა და მათ მხარდამჭერ რუსულ სადაზვერვო-დივერსიულ რაზმებს.
Tii
05 აგვისტო 2014 22:49
პუტინი მართლაც ანტიქრისტეა და ბევრი მისნაირია საქართველოში ვინც მას გაიძახის,რომ ომი სააკაშვილმა დაიწყოოო.ეხლანდელი მთავრობა კი პუტინის მოციქულები არიან.პუტინის დადგმული სცენარია ყველაფერი. პუტინის დავალებით მოქმედებს დღეს საქართველოს მთავრობა და სააკაშვილის დაჭერაც მისი ინიციატივააა.ელოდეთ სანამ ეგ მოხდება.მოღალატეები ვართ ქართველები და უფრო მეტი უნდა დაესაჯა სააკაშვილს.
მიშას არ გაუჭირდება ცხოვრება არცერთ ქვეყანაში.ჩვენ ვიკითხოტ გასაცოდავებულმა ქართველებმა პუტინის ხახაში რომ გვიკრა თავი ივანიშვილმა.კაცს მაინც გავდეს ეგ ეშმაკის მოციქული.
ოტტო
29 ივლისი 2014 20:34
პუტინი არის ანტიქრისტე...სანამ მუცლიდან გამიძვრებოდა,მანამდე უნდა ჩაებრიდათ.

რედაქტორის რჩევით