ჰილმენდიდან გამოვედით, ავღანეთში ვრჩებით
28-07-2014
ჰილმენდიდან გამოვედით, ავღანეთში ვრჩებით
ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში ოთხწლიანი მისია 29 დაღუპულად და 150-მდე დაჭრილად დაგვიჯდა...

ჰილმენდი, ჩვენთვის ასე მძიმედ მოსაგონარი სახელი, წარსულს ბარდება - 23-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ბაზა "ლეზერნეკი" თითქმის დატოვა და იმედია, ამ ღვთისაგან მივიწყებულ და საშიშ ადგილას ქართველი ფეხს აღარასდროს დადგამს.

ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთში,  ISAF-ის მისიაში ჩართული ქართული სამხედრო კონტინგენტის უდიდესი ნაწილი (ქაბულის აეროპორტში მყოფი ქართული ოცეულის გარდა), ორი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში სწორედ ჰილმენდის პროვინციაში, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე იყო დისლოცირებული.
ქართული კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთის ამ ყველაზე საშიშ პროვინციაში მცდარი გადაწყვეტილება გახლდათ (თვით  NATO-ს წევრი ქვეყნები ცდილობენ, ავღანეთის უფრო მშვიდ პროვინციებში დაამთავრონ  ISAF-ის მისია).
2001 წლიდან დღემდე ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე 3462 სამხედრო დაიღუპა, მათგან ყველაზე მეტი - 951, სწორედ ჰილმენდის პროვინციაში.

ეს სტატისტიკა, რა თქმა
უნდა, ჰქონდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ რატომღაც მაინც ჰილმენდის პროვინცია არჩია და სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა - აქ 29 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 150-მდე კი დაიჭრა...
მისასალმებელია, რომ ბოლოს და ბოლოს, ვტოვებთ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონს, თუმცა ავღანეთში,  ISAF-ის შემადგენლობაში, ქართული სამხედრო მისია წლის ბოლომდე სრული შემადგენლობით რჩება.
ჰილმენდის პროვინციიდან გამოსვლის სანაცვლოდ, სექტემბერ-ოქტომბერში, ახალი ქართული ქვეითი ბატალიონი ბაგრამში გაიგზავნება და ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ისევ 1600-ს მიუახლოვდება, რადგან ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში გაზაფხულზე სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონი გავგზავნეთ.
როგორც ჩანს, შემოდგომაზე ქართული სამხედრო კონტინგენტის დანაყოფები დისლოცირებული იქნება ბაგრამში, ამერიკული სამხედრო სარდლობის ხელმძღვანელობით და მაზარი-შარიფში - გერმანელებთან ერთად.
საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, 2015 წლიდან,  ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც, ავღანეთში დატოვოს ერთი ბატალიონი, 750-მდე სამხედრო, რომელთა ძირითადი მოვალეობა არასაბრძოლო ამოცანების შესრულება, კერძოდ კი - ავღანელი სამხედროების გაწვრთნა იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით