უკრაინელებმა "იოსებ სტალინი" დაატყვევეს... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა "იოსებ სტალინი" დაატყვევეს...

დონბასში, პრორუს ტერორისტებთან ბრძოლაში, უკრაინის არმიამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და საინტერესო ალაფი ჩაიგდო ხელთ, რომელსაც საბრძოლოზე მეტად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

საქმე ის არის, რომ პრორუსი ტერორისტები "იოსებ სტალინზე" ამხედრებული გადადიოდნენ შეტევაზე, სანამ უკრაინელმა მედესანტეებმა ქალაქ კონსტანტინოვკის (დონეცკის სიახლოვეს) გათავისუფლებისას ეს 46-ტონიანი "სტალინი" ხელში არ ჩაიგდეს.

"იოსებ სტალინი" - სწორედ ასე იშიფრება მძიმე საბჭოთა ტანკი ИС-3, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1945 წელს გამოუშვეს, 1555 ერთეული.

მათგან ერთ-ერთი, "სტალინი" დონეცკის ოლქში, ქ. კონსტანტინოვკაში იდგა რამდენიმე ათეული წელი, სანამ 5 ივნისს ის პრორუსმა სეპარატისტებმა არ მოიპარეს. ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ "იოსებ სტალინი" აკუმულატორების დაყენებისთანავე დაიქოქა და პოსტამენტიდან თავად "ჩამოცოცდა".

არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ "იოსებ სტალინით" პრორუსმა ტერორისტებმა 1-ლი ივლისის შეტევა მოიტანეს უკრაინელი სამხედროების საგუშაგოზე სოფელ ულიანოვკასთან, რის შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა.

ნაალაფარი "იოსებ სტალინის" შემოწმების შემდეგ უკრაინელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ტანკის კოშკურაზე დაყენებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ტერორისტები ნამდვილად ისროდნენ, ახლა კი არკვევენ, გამოიყენეს თუ არა "იოსებ სტალინის" 122 მმ-იანი კალიბრის ქვემეხი ჭურვების გასასროლად.

ამ სამუზეუმო "იოსებ სტალინის" კორპუსის შუბლა ჯავშნის სისქე - 110 მმ, ხოლო მისი დახრის კუთხე 72 გრადუსი გახლავთ და თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისთვისაც კი მისი აფეთქება არცთუ იოლია.

პ.ს. სანამ "იოსებ სტალინს" ისევ კვარცხლბეკზე დააბრუნებენ, უკრაინელმა სამხედროებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მნიშვნელოვან და შესაძლოა, ერთ-ერთ გადამწყვეტ წარმატებას მიაღწიეს - მათ შუაზე გახლიჩეს ტერორისტული ორგანიზაციების - "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ აქამდე კონტროლირებადი ტერიტორია, რამაც უკრაინის ხელისუფლებას ხელი უნდა შეუწყოს დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლებაში.

პ.ს.ს. 2 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ჩრდილოეთი გარეუბანი და სროლა უკვე ქალაქის ცენტრში ისმოდა.