ყარაბაღში ბრძოლა განახლდა
04-08-2014
ყარაბაღში ბრძოლა განახლდა
მთიან ყარაბაღში 1987 წელს დაწყებული კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით შეჩერდა, რის შემდეგაც "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ" საერთო საზღვარი შექმნა სომხეთის რესპუბლიკასთან, თუმცა ის დღემდე გაეროს წევრ არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც სომხეთს არ უღიარებია.
აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღს სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ და 1994 წლიდან მოყოლებული, აქ სიტუაცია დროდადრო უკიდურესად იძაბება.

ასე მოხდა 31 ივლისსაც, როდესაც აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხურმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანულ პოზიციაზე მალულად შეღწევა სცადა,
რასაც ორმხრივი სროლა და მსხვერპლი მოჰყვა.
2 აგვისტოს, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, ყარაბაღის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ბრძოლაში მსხვილკალიბრიანი არტილერია, მათ შორის - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც ჩართეს.

თუკი საარტილერიო მომზადების შემდეგ მხარეები ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებასაც ეცდებიან, ეს
ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ნიშანი იქნება და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება მთელ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დაძაბვის მიზეზი გახდეს.

საქმე ის არის, რომ რუსეთს სომხეთთან დადებული აქვს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რაც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის სომხეთის არმიის მხარეზე ბრძოლას ითვალისწინებს. თუკი აზერბაიჯანულმა არმიამ შეტევა დაიწყო მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად, სომხეთი, ბუნებრივია, გვერდით დაუდგება თვითაღიარებული "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას", ხოლო ერევანს სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას მოსკოვი აღმოუჩენს.
თავის მხრივ, ბაქოსაც აქვს დადებული ხელშეკრულება ანკარასთან სამხედრო დახმარების შესახებ, თუმცა ჩაერთვება თუ არა თურქეთი მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში, ძნელი სათქმელია.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაციამ შეიძლება გვერდი არც საქართველოს აუაროს, რადგან რუსეთის არმია, სავარაუდოდ, ეცდება, "გაჭრას" სახმელეთო დერეფანი ოკუპირებული ცხინვალიდან სომხეთამდე თბილისის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გავლით, რათა მისი საშუალებით დამატებითი საბრძოლო ტექნიკა და ტყვია-წამალი მიაწოდოს თავის სტრატეგიულ პარტნიორს - სომხეთს.

თუკი თბილისმა ასეთი სახმელეთო დერეფანი მოსკოვს დაუბრკოლებლად დაუთმო, ეს მეზობელი აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება, დერეფნის არდათმობამ კი შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის განახლება გამოიწვიოს.
როგორც ჩანს, ძალიან ბევრია სცენარი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მთიან ყარაბაღში ომის გაჩაღებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და კონკრეტულად - საქართველოსთვის.

არსებობს ვარაუდი, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სცადოს, ისარგებლოს მომენტით, როდესაც რუსეთი ნელ-ნელა ეფლობა უკრაინასთან გამოუცხადებელი ომის ჭაობში და მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვიდან 20 წლის თავზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სცადოს იმავე გზით, როგორც ეს ტერიტორია დაკარგა - ომით...
giorgi
08 სექტემბერი 2014 22:17
სომხებს ბირთვული იარაღI?! ასეთ დასკვნას საიდან აკეთებთ ?! ბირთვული იარაღIს დასამზადებელი რა რესურსი აქვს სომხეთს?
კახა
29 აგვისტო 2014 18:57
ყ ელა კონფლიკტი უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით და დაუშვებელია ომი,რუსეთის დაშლამ მსოფლიოს დედა უტირა და კიდევ თუ დაიშალა ჩათვალეთ რომ რაც დღეს იარაღები არსებოს სანამ არ ამოიწურება მანამდე ომი იქნება და ვიღაცის გამარჯვება და ვიღაცის დამარცხება წარმოუდგენელია რადგან ყველა განადგურდება,დაფიქრდით გერმანიას თავის დროზე ბირთვული იარაღი რომ ქონოდა არ გამოიყენებდა?ასე რომ რუსეთის დაშლაზე ნუ ოცნებობთ,პირიქით ძლიერი რუსეთია დღეს მსოფლიოს მშვიდობის გარანტი
odabade
14 აგვისტო 2014 11:16
აზეირბაიჯანი ვერაფერს ვერ გააკეთებს. ალიევი საკმაოდ მკაცრად არის გაფრთხილებული სომხების მიერ. არარის გამორიცხული სომხებს გააჩნდეს ბირთვული იარაღი.ეს ერთი

მეორე, რუსეთი ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა.

რუსეთის დაშლი შესახებ. ორი შეკითხვა.

1. რატომ უნდა დაიშალოს.
2. თუ დაიშალა რა ხეირს ვნახავთ ჩვენ?

რედაქტორის რჩევით