უკრაინა ჯერ ლუგანსკს, შემდეგ დონეცკს გაათავისუფლებს - კვირის პალიტრა

უკრაინა ჯერ ლუგანსკს, შემდეგ დონეცკს გაათავისუფლებს

24 აგვისტოს კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე საზეიმო აღლუმით აღინიშნება და უკრაინის ხელისუფლებას სურს ამ დროისთვის პრორუსი ტერორისტებისაგან გაათავისუფლოს ქვეყნის დიდი ქალაქები - ლუგანსკი და დონეცკი.

16 აგვისტოს საღამოსთვის (როდესაც ეს სტატია იწერებოდა) უკრაინის სამთავრობო ძალების დანაყოფები უკვე ლუგანსკის (რომელიც ალყაშია) ქუჩებში იბრძოდნენ და, სავარაუდოდ, ლუგანსკის გათავისუფლება 24 აგვისტომდე მოხერხდება, რისი თქმაც დონეცკზე ცოტა ძნელია.

ყველაზე დიდი პრობლემა კიევისთვის დღეს უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ის თითქმის 150 კმ-იანი ზოლია, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ყოველღამ დონბასში პრორუსი ტერორისტები რუსეთიდან საბრძოლო ტექნიკის ახალ პარტიებსა და ცოცხალ ძალას იღებენ. ტერორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ინტერვიუში არ დამალა, რომ ბოლო დღეებში მათ 1200 მებრძოლი, 30 ტანკი და 120 ჯავშანტექნიკა შეემატათ. გამოდის, რაც უნდა წარმატებული იყოს უკრაინული სამთავრობო ძალების მოქმედება, რუსი ტერორისტები ზარალის ანაზღაურებას ყოველთვის მოახერხებენ უკონტროლო სასაზღვრო მონაკვეთიდან შესული დამხმარე ძალითა და ჯავშანტექნიკით.

ასეთ დროს გასაოცარია დასავლეთის და უპირველესად აშშ-ის ასე ნაქები ტექნიკური დაზვერვის უმოქმედობა ან თეთრი სახლის გადაწყვეტილება, არ გაასაჯაროოს სადაზვერვო ინფორმაცია. დაუჯერებელია, ამერიკულ დაზვერვას არ ჰქონდეს ფოტოვიდეომასალა, თუ ყოველღამ როგორ შედიან რუსეთიდან უკრაინაში ტანკები, "გრადები" თუ ჯავშანტრანსპორტიორები.

კიევმა სცადა საზღვრის ამ უკონტროლო მონაკვეთის დიდი ნაწილის ჩაკეტვა, მაგრამ საზღვართან გადასროლილი უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები ორმაგ ცეცხლში აღმოჩნდნენ - უკრაინის ტერიტორიის სიღრმიდან მათ პრორუსი ტერორისტები ესროდნენ, ხოლო რუსეთიდან კი რუსული არტილერია ბომბავდა. ამასთან, უკრაინელებს სასტიკად აკრძალული ჰქონდათ საპასუხო ცეცხლის გახსნა რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, რადგან კრემლი ამას, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენებდა. სამკვირიანი ალყის შემდეგ დაახლოებით 500 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და რუს მესაზღვრეებს ჩაბარდა, რამდენიმე დღეში კი მათი უკრაინაში დაბრუნება მოხერხდა.

აქედან გამომდინარე, ძალზე საეჭვოა, კიევმა შეძლოს საზღვრის სრულად გაკონტროლება. უკრაინის გენშტაბი ძალებს სწორედ ლუგანსკისა და დონეცკის გასათავისუფლებლად დარაზმავს.

ამისთვის უკვე გაკეთდა მთავარი საქმე - უკრაინელმა სამხედროებმა გადაჭრეს ლუგანსკისა და დონეცკის პრორუს ტერორისტთა დაჯგუფებების დამაკავშირებელი ძირითადი ავტომაგისტრალები, რაც ძალზე შეამცირებს ტერორისტთა ჯავშანჯგუფების მობილურობასა და ერთმანეთის დასახმარებლად ოპერატიულად გადაჯგუფების შესაძლებლობას.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს გასაოცარი სიტუაცია, რაც რუსულ ე. წ. "ჰუმანიტარულ ტვირთთან" არის დაკავშირებული. მოსკოვიდან სტარტაღებული 262 რუსული "კამაზი" 16 აგვისტოს ისევ რუსეთ-უკრაინის საზღვართან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ იზვარინოსთან იდგა. როგორც უცხოელმა ჟურნალისტებმა "აღმოაჩინეს", "კამაზების" დიდი ნაწილი ნახევრადაც კი არ იყო დატვირთული - მთელი ტვირთი თავისუფლად განთავსდებოდა 70-8M0 სატვირთო ავტომანქანაში. რა მორიგი ვერაგული ჩანაფიქრის შესრულება აქვს განზრახული ამ "ჰუმანიტარული" ავტოკოლონით კრემლს, მალე გამოჩნდება. თუმცა, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქუჩის ბრძოლებში გახვეულ ლუგანსკში ამ ავტოკოლონის უხიფათოდ შესვლა წარმოუდგენელია. იქნებ რომელიმე თეთრად გადაღებილი რუსული სამხედრო "კამაზის" აფეთქებას ელოდებიან სწორედ კრემლში, რომ ეს უკრაინელ სამხედროებს დააბრალონ და ამ საბაბით პუტინმა ოფიციალურად დაძრას არმია უკრაინაში შესაჭრელად?