პუტინმა "ჰუმანიტარული კოლონით" ყველა გააცურა - კვირის პალიტრა

პუტინმა "ჰუმანიტარული კოლონით" ყველა გააცურა

22 აგვისტოს რუსეთი უკრაინაში უკვე ღიად შეიჭრა - სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა პუტინის "ჰუმანიტარულმა კოლონამ". შეთანხმების თანახმად, კოლონის ყველა მანქანა უკრაინელ მებაჟეებს უნდა შეემოწმებინათ, ხოლო ლუგანსკამდე ეს კოლონა საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა გაეცილებინათ.

34 სატვირთო "კამაზის" შემოწმების შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინელ მებაჟეებს გვერდი აუარეს და საკონტროლო გამშვებ პუნქტ "იზვარინოს" გავლით (რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები ვერ აკონტროლებენ) უკრაინის ტერიტორიაზე 281 რუსული ავტომობილი შევიდა, რომელთაგან 197 სატვირთო "კამაზი" იყო, ხოლო დანარჩენი - ტექნიკური დახმარების (საწვავის მზიდი, სანიტარიული და სხვა) მანქანა.

პუტინის "ჰუმანიტარული კოლონა" ლუგანსკამდე შეიარაღებულმა ტერორისტებმა და გადაცმულმა რუსმა სამხედროებმა მიაცილეს და დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რა შეიტანეს მათ ნაწილობრივ ბლოკირებულ ლუგანსკში.

ეს "ჰუმანიტარული კოლონა" თავიდანვე ეჭვს იწვევდა, რაც მას შემდეგ გამძაფრდა, რაც აღმოჩნდა, რომ "კამაზების" უზარმაზარი მისაბმელები თითქმის ცარიელი იყო, ტვირთი კი თავისუფლად განთავსდებოდა სამ-ოთხჯერ ნაკლები რაოდენობის სატვირთოებში.

უკრაინის ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის გახლდათ, რომ კატეგორიულად არ მოითხოვა რუსული "ჰუმანიტარული კოლონის" იმ სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტზე გავლა და შემოწმება, რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, მაგალითად, ხარკოვის ოლქში.

სავარაუდოდ, იზვარინოს უკონტროლო სასაზღვრო პუნქტიდან გასული რუსული "კამაზები" უკრაინის ტერიტორიაზე დაიტვირთა იმ პრორუსი მებრძოლებით და საბრძოლო საჭურვლით, რომლის უკონტროლო საზღვარზე გადატანა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლითაც თავისუფლად შეიძლება (კოსმოსურ რუკას თუ დავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ იზვარინოს მიდამოებში სასაზღვრო ზოლი სიმბოლური ცნებაა და მისი გადალახვა ბავშვსაც კი შეუძლია). პრორუსი მებრძოლებით დატვირთული თეთრად შეღებილი "კამაზები" დაუბრკოლებლად შევიდნენ ლუგანსკში. უკრაინის არმია ვერ გაბედავდა მათ შეჩერებას, რადგან პუტინის რეჟიმი სწორედ ამას ელოდებოდა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ემცნო, როგორ დაცხრილეს უკრაინელებმა რუსული ჰუმანიტარული კოლონა.

ამ გულისამრევ ისტორიაში მკაცრ კრიტიკასა და უნდობლობას იმსახურებს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მოქმედება. მათ აღუთქვეს ოფიციალურ კიევს, რომ პუტინის "ჰუმანიტარული კოლონის" ყველა მანქანას შეამოწმებდნენ და თითოეულ მათგანს წითელი ჯვრის წარმომადგენელი გაჰყვებოდა, ბოლო წუთს კი უღალატეს უკრაინულ მხარეს და უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილ პუტინის "ჰუმანიტარულ კოლონას" იმ მოტივით არ გაჰყვნენ, რომ თურმე უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდათ. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტში, ცხადია, თავიდანვე იცოდნენ, რომ პრორუსი ტერორისტები მათ უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემდნენ, ამიტომ თავიდანვე არ უნდა აეღოთ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა.

რა მოხდება უახლოეს მომავალში უკრაინაში? იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი ვერ აკონტროლებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის 100 კმ-ზე მეტს, უკრაინის ტერიტორიაზე ყოველღამე დაუბრკოლებლად გადადიან პრორუსი მებრძოლები, გადააქვთ საბრძოლო საჭურველი, გადაჰყავთ საბრძოლო ტექნიკა. ასეთ პირობებში გამარჯვება ძალზე რთულია, თუ შეუძლებელი არა.

ტაქტიკური წინსვლა, რაც უნდა დაგვირგვინებულიყო სტრატეგიული გამარჯვებით - ლუგანსკისა და დონეცკის განთავისუფლებით - ფაქტობრივად, შეჩერებულია, რადგან შეიარაღებული დანაყოფები, რომელთაც მხარს რუსეთი უჭერს, აქტიურ კონტრშეტევაზე გადადიან. საბრძოლო შეტაკებების ადგილებში (ახლა დონბასში ერთდროულად მიმდინარეობს ბრძოლები ცხრა-ათ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად დაშორებულ რაიონში) აღმოჩენილია არაერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ღიად იბრძვიან რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების, მათ შორის - ფსკოვის 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დანაყოფები (უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ ამ რუსული დივიზიის მედესანტეთა საბრძოლო მანქანა და ეკიპაჟის წევრების საბუთები).

უკრაინელი პატრიოტების გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ დასავლეთი მხოლოდ "აღშფოთებითა და შეშფოთებით" კმაყოფილდება და აშკარა აგრესორს - რუსეთს ვერ აჩერებს, არადა, ეს ჩვენთვის 2008 წლის აგვისტოს ომიდან კარგად ნაცნობი სურათია, თუმცა, მაშინ დასავლეთის ქვეყნებს იმის მეათედიც არ გაუკეთებიათ კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც დღეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აკეთებენ, თუნდაც ეკონომიკური სანქციების სახით.

24 აგვისტოს უკრაინამ თავის ისტორიაში ყველაზე რთული დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, რომელსაც ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულითა და დონბასში შეჭრილი მტრით შეხვდა.

თუკი დასავლეთმა უფრო აქტიურად არ დაუჭირა მხარი უკრაინას (მათ შორის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, დაზვერვის საშუალებების და მართვადი საარტილერიო ჭურვების გადაცემა-მიყიდვის სახით) და არ გაამკაცრა ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პუტინი, სავარაუდოდ, თავისას მიაღწევს - დონბასს ყირიმივით ჩამოაჭრის უკრაინას და სამხრეთით შავი ზღვის სანაპირო რეგიონებისა (ოდესა, ჰერსონი, მელიტოპოლი) და აზოვის ზღვის მიმდებარე მარიუპოლის რაიონის ოკუპაციასაც დაიწყებს, რათა კიევს ზღვაზე გასასვლელი მოუჭრას.