გამოუცხადებელი ომი რუსულად - კვირის პალიტრა

გამოუცხადებელი ომი რუსულად

უკრაინაში შეჭრილი პუტინი მისი, როგორც ქვეყნის, საერთოდ განადგურებას შეეცდება

როგორც კი უკრაინელი სამხედროები დაპყრობილი დონბასის ორი მთავარი ქალაქის - ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლების ოპერაციას დაიწყებენ, მოსალოდნელია კრემლის გააქტიურება და უკრაინის აღმოსავლეთში რუსული არმიის რეგულარული საბრძოლო დანაყოფების შეჭრა, რათა პრორუსმა ტერორისტებმა ეს ქალაქები არ დათმონ - ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის შევიწროება დაიწყეს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ეს მოსაზრება დადასტურდა - თუკი მანამდე დონბასში პრორუსი ტერორისტების გვერდით ძირითადად რუსეთის არმიის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები იბრძოდნენ, 12-15 აგვისტოდან გაუკონტროლებელი საზღვრის გავლით რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე გადავიდა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედების ზონაში ჩაიტანეს ათობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი თუ საარტილერიო დანადგარი.

უკრაინელების მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს დონბასში საბრძოლო მოქმედებებში უკვე მონაწილეობდა რუსეთის არმიის სამი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, ორი სატანკო ბატალიონი და 8-10 სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი.

27 აგვისტოს რუსეთის როსტოვის ოლქიდან უკრაინაში ქ. ნოვოაზოვსკისა და ამბროსიევკა-ილოვაისკის მიმართულებით ორი რუსული სამხედრო შენაერთი შეიჭრა.

"კვირის პალიტრის" 25 აგვისტოს ნომერში ვწერდით: "პუტინი, სავარაუდოდ, თავისას მიაღწევს - დონბასს ყირიმივით ჩამოაჭრის უკრაინას და სამხრეთით შავი ზღვის სანაპირო რეგიონებისა (ოდესა, ხერსონი, მელიტოპოლი) და აზოვის ზღვის მიმდებარე მარიუპოლის რაიონის ოკუპაციასაც დაიწყებს, რათა კიევს ზღვაზე გასასვლელი მოუჭრას".

სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი ორ დღეში გამართლდა - ნოვოაზოვსკში შეჭრისა და მისი დაპყრობის შემდეგ რუსული ჯავშანსატანკო კოლონა სწორედ მარიუპოლისკენ გაემართა და ქალაქი ალყაში მოაქცია.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარიუპოლზე შეტევით რუსეთის გენშტაბმა უკრაინელი სამხედროები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან კიევი იძულებული გახდა, ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დანაყოფების დახმარების ნაცვლად ეროვნული გვარდიის პირველი ოპერატიული ბრიგადა მარიუპოლისკენ გადაესროლა.

მარიუპოლის დაცემის შემთხვევაში მოსალოდნელია, რუსულმა საბრძოლო შენაერთებმა შეტევის გაგრძელება სცადონ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების გავლით, რათა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი სახმელეთო გზა მოჭრან.

ალბათ, მათ შესახვედრად ჩრდილოეთით ხერსონისკენ შეტევას წამოიწყებს ის გაძლიერებული რუსული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც დღეს ყირიმის ნახევარკუნძულზეა დაბანაკებული და დაახლოებით 20 ათას კაცს ითვლის.

მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ოპერაციაში ჩაერთოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის საბრძოლო ხომალდები უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადას დაიწყებენ, ხოლო დიდი სადესანტო ხომალდებიდან რუსი საზღვაო ქვეითების დესანტს ნიკოლაევისა და ოდესის სიახლოვეს გადასხამენ.

ოდესის ოლქში რუსული საზღვაო დესანტის გადასხმის შემთხვევაში ასევე მოსალოდნელია შეტევის დაწყება სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის მიმართულებით, ოდესისკენ.

27 აგვისტოს ამბროსიევკა-ილოვაისკის მიმართულებით დაძრულმა რუსულმა ჯავშანკოლონამ დიდი თავსატეხი გაუჩინა უკრაინელ სამხედროებს. მათი დახმარებით პრორუსმა ტერორისტებმა დაიბრუნეს საურ-მაგილის სიმაღლე, რომლის გათავისუფლებას ერთი თვის წინ არაერთმა უკრაინელმა შეაკლა თავი.

ყველაზე ცუდი კი კიევისთვის ის არის, რომ ივლისის ბოლოს მოპოვებული სტრატეგიული უპირატესობა - დონეცკისა და ლუგანსკის ტერორისტული დაჯგუფებების დამაკავშირებელი გზების გაწყვეტა დებალცევო-შახტარსკას მონაკვეთში - დაკარგულია. მოწინააღმდეგემ შეძლო გაერთიანება და თანაც ისე, რომ ილოვაისკის რაიონში უკრაინული სამხედრო ნაწილები მორიგ "ტომარაში" მოჰყვნენ.

ამასთან, რუსულმა საბრძოლო დანაყოფებმა რუსეთის ტერიტორიიდან იერიში მიიტანეს სტანიცა ლუგანსკაიაზე და გაიჭრნენ ქალაქ ლუგანსკისკენ, რომელიც უკრაინელებს ნახევრად ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში ძალზე არასახარბიელოდ მოჩანს უკრაინული მხარის მდგომარეობა, რადგან ვითარება ისეთივე ხდება, როგორიც ივნის-ივლისში, როდესაც მოწინააღმდეგე დონბასში შედარებით დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა. უკრაინელთა დროებითი წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის უმთავრესი რუსეთთან საზღვრის 100 კმ-ზე გრძელი მონაკვეთის (ბოლო დროის მოვლენების შემდეგ გაუკონტროლებელი საზღვრის სიგრძე კიდევ უფრო გაიზარდა) კონტროლის შეუძლებლობა გახლდათ. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორედ ამ უკონტროლო საზღვრიდან შედიან პრორუსი ტერორისტები და რეგულარული რუსული საბრძოლო დანაყოფები. რაც უფრო მეტ მოწინააღმდეგეს ანადგურებენ და მტრის რაც უფრო მეტ საბრძოლო ტექნიკას აფეთქებენ უკრაინელები, მით მეტ დაქირავებულ მებრძოლსა და ჯარისკაცს გზავნის კრემლი დონბასში. ასეთ სიტუაციაში ომის მოგება, ცხადია, ძალიან ძნელია.

უკრაინელთა საბრძოლო წარუმატებლობის მეორე მთავარი მიზეზი ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობის არჩეული ტაქტიკაა. მათ შეტევის რამდენიმე მიმართულება განსაზღვრეს, აპირებდნენ, ალყაში მოექციათ ლუგანსკი და დონეცკი და ასე გაეთავისუფლებინათ ეს დიდი ქალაქები. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, უკრაინელთა წინააღმდეგ მხოლოდ პრორუსი ტერორისტები რომ იბრძოდნენ, მაგრამ უკრაინაში 27 აგვისტოს (და მანამდეც) შეჭრილმა რეგულარულმა რუსულმა საბრძოლო ნაწილებმა უკრაინელებს ზურგიდან შეუტიეს (მაგალითად, ამბროსიევკიდან ილოვაისკში, სტანიცა ლუგანსკიდან ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით) და ისინი ალყაში მოაქციეს.

უკრაინელთათვის გამოსავალი ფრონტის ხაზის "გასწორება" იქნება, რათა მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ იყოს შეჭრილი უკრაინული საბრძოლო პოზიციები და ისინიც "ტომარაში" არ მოაქციონ. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს ბრძოლით აღებული პოზიციების დათმობას და ლუგანსკისა და დონეცკის მისადგომებიდან უკან დახევას, მაგრამ ახლა კიევს სხვა გამოსავალი არ აქვს - დაკარგულია საბრძოლო ინიციატივა, მოწინააღმდეგე უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრილი რამდენიმე ათასი რუსი სამხედროს (აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 5-დან 10 ათასამდეა) ხარჯზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა და რამდენიმე მიმართულებით სწრაფ კონტრიერიშზე გადავიდა, ხოლო სამხრეთით, მარიუპოლისკენ, ახალი ფრონტიც გახსნა. ასეთ დროს ჯობს უკან დახევა და ფრონტის ხაზის "გასწორება", რათა გადარჩეს უკრაინული არმიის, ეროვნული გვარდიისა და ტერიტორიული ბატალიონების პირადი შემადგენლობა, რომელთა საბრძოლო სულისკვეთება ბოლო დღეების წარუმატებლობის გამო დაეცა.

თუმცა საკითხავია, მისცემს თუ არა მოწინააღმდეგე უკრაინელებს ამოსუნთქვისა და გონზე მოსვლის საშუალებას, თუ კვლავაც გააგრძელებს კონტრშეტევებს დაპყრობილი ტერიტორიების გასაფართოებლად?!

რა დახმარება სჭირდება უკრაინას

უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, აშკარა სამხედრო აგრესიაზე გადავიდა, ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთის სწრაფი დახმარება, მაგრამ როგორი შეიძლება იყოს ის? სამხედრო დახმარებაზე, ანუ უკრაინაში ამერიკელი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების მებრძოლების გაგზავნაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია - დასავლეთი ასე ღიად რუსებს არ დაუპირისპირდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 28 აგვისტოს გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა კიევისთვის დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიხატებოდა დასავლეთის ლიდერების მკვეთრი გამოსვლებითა და რეზოლუციებით და რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციების დაწესებით. აქამდე მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ კრემლის მესვეურთა ღიმილს იწვევდა და ის პუტინის შესაშინებლად არ გამოდგა. უფრო ანგარიშგასაწევი და მტკივნეული იქნება, თუკი პუტინის რეჟიმს ხელიდან გამოეცლება რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყარო - ნავთობპროდუქტებითა და იარაღის ექსპორტით მიღებული ასეულობით მილიარდი. ბოლო დღეებში ნავთობზე ფასის დაცემა (რუსული ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 92-93 დოლარამდე დაეცა) სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია. თავის დროზე, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ კოლაფსსა და საბოლოო დაშლას სწორედ მსოფლიოში ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად დაცემამ შეუწყო ხელი და დღეს ანალოგიური სქემა რუსეთის შემთხვევაშიც ეფექტურად იმუშავებს. რაც შეეხება უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას, ეს საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე გადაწყვეტილი არ არის. უკრაინის არმიას არც ავტომატები აკლია, არც ტანკები, ჰაუბიცები თუ ტყვია-წამალი (სხვა საქმეა, როდესაც 20 წელზე მეტხანს ბაზებში მდგარი ტანკებისა და ჯავშანმანქანების რემონტი და საბრძოლო დანაყოფებისთვის გადაცემა გვიანდება, რასაც საბოტაჟის სუნი ასდის). უკრაინის არმიისთვის დღეს ყველაზე საჭიროა დაზვერვის თანამედროვე საშუალებები - როგორც მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის აღმომჩენი და ზუსტი კოორდინატების დამდგენი რადიოლოკაციური საშუალებები, ისე უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები საარტილერიო ცეცხლის ზუსტი კოორდინირებისთვის.

უკრაინელ სამხედროებს ასევე სჭირდებათ დიდი რაოდენობით თბოვიზორები ღამით მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად და გასანადგურებლად, დახურული კავშირის მქონე რადიოგადამცემები, რათა ნაკლებად გამოიყენონ მობილური ტელეფონები (სხვათა შორის, მობილურმა ტელეფონებმა არაერთხელ გაუწია დათვური სამსახური უკრაინელ მებრძოლებს. რუსეთის რადიოტექნიკური დაზვერვის პოსტები ადვილად აფიქსირებენ მინდორსა თუ ტყის მასივში რამდენიმე ათეული თუ ასეული მობილური ტელეფონის მუშაობას და ამ კოორდინატების მასობრივ საარტილერიო დაბომბვას იწყებენ).

უკრაინელებს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირიდან დიდი რაოდენობით დარჩათ და თავადაც შექმნეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, მაინც სასწრაფოდ სჭირდებათ უფრო ეფექტური თანამედროვე დასავლური წარმოების ანტისატანკო რაკეტები, რომლებიც წინიდან კარგად შეჯავშნულ რუსულ ტანკებს ზემოდან გაანადგურებენ. ჩამონათვალი იმისა, თუ რა შეიარაღებით შეიძლება დაეხმაროს დასავლეთი უკრაინის არმიას, მრავალ პუნქტს შეიცავს, თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს დასავლეთის დიდი სურვილი, უკრაინელები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შეაიარაღოს. პირველი NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელიც გაბედავს და შეიარაღებას გადასცემს ან მიჰყიდის უკრაინას, სავარაუდოდ, პოლონეთი იქნება.

ქართველი სამხედროები ომის შესახებ

ირაკლი ქურასბედიანი, ქართული არმიის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი:

- ბრძოლები მიდის... მე "დონბასის" ბატალიონში ვარ. დასავლეთის მხრიდან ვუტევდით, მაგრამ მოწინააღმდეგეს თავდაცვითი ხაზი კარგად ჰქონდა გამაგრებული. ერთი ქართველი ბიჭი დაგვეჭრა. სკოლაში ვიყავით გამაგრებული, რომლის სარდაფსაც ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მათ არც წყალი ჰქონდათ, არც საჭმელი, აღარც წამლები. ყველაფერი მივეცით. სეპარატისტები ცდილობენ, მოსახლეობის გული მოიგონ, მაგრამ ისეთ აგრესიას ავლენენ, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ”რუსეთი მოვა და ყველაფერი მოგვარდება...”

მე ყოფილი სამხედრო ოფიცერი ვარ. 2008 წლის ომამდე შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვას ვხელმძღვანელობდი. 18 წლისა აფხაზეთის ომის დროს, გაგრის ბრძოლებისას გავხდი, ახლა 40-ის ვარ და ისევ ვიბრძვი... 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დავტოვე. ამაზე ლაპარაკი არ მინდა... 2010-ში საზღვარგარეთ წავედი. ძნელი მისახვედრი არ არის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ და ზეგ ეს პროცესი გადაედება ბევრ ქვეყანას და რუსეთი შეიძლება სხვა საზღვრებში ვიხილოთ...

ვასილ მენაბდე (ყოფილი სამხედრო):

- სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობდი უკრაინაში მოხალისედ წასვლაზე (შეიარაღებული ძალები 2011 წელს დავტოვე), თუმცა შემდეგ გადავიფიქრე. არა იმიტომ, რომ შემეშინდა. უბრალოდ, მივიჩნევ, რომ ჩვენ, ვისაც სამხედრო გამოცდილება გვაქვს, ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანას აქ გამოვადგებით. სანამ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია, ჩვენთვის ომი არ დასრულებულა და ამ ფონზე სხვა ქვეყანაში საომრად წასვლა გაუმართლებლად მიმაჩნია. მით უმეტეს, უკრაინელებს ადამიანური რესურსი არ აკლიათ. როდესაც ამას ვამბობ, ერთი წუთითაც არ ვაკნინებ იმ ქართველი ბიჭების თავდადებას, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. ვიცი, ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომი მათი ომიცაა, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი ომი წინ გველოდება და ყველას მოვუწოდებ, თავი საქართველოსთვის შეინახოს. ამავე დროს, სახელმწიფომ თუ რიგითმა მოქალაქეებმა მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინელთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ომი უკრაინაში და საფრთხე საქართველოში

ერთი შეხედვით უკრაინის აღმოსავლეთი, სადაც მეხუთე თვეა, ნამდვილი ომი მიმდინარეობს, საქართველოდან შორს არის და საფრთხე არ უნდა გვემუქრებოდეს, მაგრამ ამ ომის მეორე მონაწილეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი, სადაც მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელებისთვის საუკეთესო პოზიციები აქვს მომზადებული.

ქართველი საზოგადოების ნაწილი ზოგჯერ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩაფლული, ჩვენთვის აღარ სცალია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გათავისუფლებისთვის საჭიროა ამ მომენტის გამოყენება.

ეს პატრიოტული მოტივი, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ მილიონიან რუსულ არმიას აქვს საკმაო რესურსი, უკრაინასაც ებრძოლოს და საქართველოსაც შეუქმნას ახალი პრობლემები.

აქტუალობა არ დაუკარგავს კრემლში მომზადებულ გეგმას, გაჭრას სახმელეთო დერეფანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან სომხეთისკენ.

თუ დავაკვირდებით, მოსკოვს არ აქვს სახმელეთო კავშირი თავის ყველაზე ერთგულ სატელიტებთან: დასავლეთით - სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან და სამხრეთით - სომხეთთან. რაც უნდა განვითარებული იყოს საჰაერო ტრანსპორტი, სახმელეთო ინფრასტრუქტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს - საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების პერიოდში.

ოდესის ოლქში შავი ზღვის ფლოტის საზღვაო დესანტის გადასხმისა და მისი ოკუპაციის შემთხვევაში რუსეთი სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან პირდაპირ კავშირს დაამყარებს ოდესა-ხერსონი-მელიტოპოლი-მარიუპოლი-როსტოვის ოლქის საგზაო მაგისტრალით.

ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა არც სამხრეთ კავკასიაში შეიძლება. ცხინვალი-გორი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდა საგზაო მაგისტრალის დაპყრობითა და მასზე სამხედრო კოლონების გავლით მოსკოვს საშუალება მიეცემა, პირდაპირი სახმელეთო კავშირი ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაში თავის მთავარ ფორპოსტთან - სომხეთთან.

ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიური სახმელეთო დერეფნების გაჭრა ოკუპირებული აფხაზეთიდანაც არის დაგეგმილი ზუგდიდი-სენაკი-ქუთაისი-ხაშური-ახალქალაქის მიმართულებით, ისევე, როგორც აჭარიდან გოდერძის უღელტეხილის გამოყენებით.

უკრაინის ომში, ფაქტობრივად, ღიად ჩართვის შემდეგ, ისედაც არაპროგნოზირებადი პუტინი სრულიად უმართავი გახდა. მან შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას, რადგან ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის აღშფოთება-შეშფოთება მისთვის მხოლოდ სასაცილოა.