NATO-ს "ოქროს ბარათით" რუსულ ტანკებს ვერ შევაჩერებთ - კვირის პალიტრა

NATO-ს "ოქროს ბარათით" რუსულ ტანკებს ვერ შევაჩერებთ

შეაჩერებს კი NATO-ს "ოქროს ბარათი" იმ "დაჟანგულ" რუსულ ტანკებს, რომლებიც თბილისიდან ორმოციოდე კმ-ში დგანან?

4-5 სექტემბერს უელსში გამართულ  NATO-ს სამიტზე საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და იორდანიასთან ერთად გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივის წევრი ქვეყნების სიაში მოხვდა და ე.წ. "ოქროს ბარათიც" მიიღო.

უელსის სამიტზე ასევე გაცხადდა, რომ  NATO დაეხმარება საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის პროცესში, რეკომენდაციებს გაუწევს თავის წევრ ქვეყნებთან; შეიძლება საქართველოში NAთO-ს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნას, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად მისი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც მოემზადებიან.

ერთი შეხედვით უდავოა, რომ საქართველო NATO-ს უელსის სამიტიდან ხელცარიელი არ დაბრუნებულა. ჩვენი ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსნის განცხადებების თანახმად, ამ სამიტზე ჩვენ უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. თუმცა ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს (რაც სოციალურ ქსელებში ყველაზე კარგად გამოჩნდა) მაინც გაუჩნდა კითხვა: ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეაჩერებს კი NATO-ს "ოქროს ბარათი" იმ "დაჟანგულ" რუსულ ტანკებს, რომლებიც თბილისიდან ორმოციოდე კმ-ში დგანან?

თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ უელსის სამიტზე საქართველოს უდიდესი მიღწევა სწორედ ჩვენთვის MAP-ის (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მონიჭება იქნებოდა და არა კიდევ ერთი "გაძლიერებული თანამშრომლობის" დოკუმენტის მიღება.

ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება დაგვიცვას რუსეთის შესაძლო ახალი სამხედრო ინტერვენციისაგან, მხოლოდ და მხოლოდ NATO-ს სრულუფლებიანი წევრობაა, რის შემდეგ ალიანსი ვალდებული იქნება, აამოქმედოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტი. მანამდე კი არც ასპირანტობა, არც "ოქროს ბარათის" ფლობა და არც თვით MAP-ი ასეთ გარანტიას არ იძლევა.

მაგრამ მზად არის კი NATO, გაფართოვდეს აღმოსავლეთით და საქართველოც დაიცვას?

ალიანსის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, რომ NATO-ს სტანდარტები დააკმაყოფილოს და მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს (არადა ძნელი დასაჯერებელია, რომ 2009 წელს ალიანსის სრულუფლებიან წევრად მიღებულ ალბანეთში უფრო მეტი დემოკრატიაა და მისი ჯარიც ქართულ არმიაზე უკეთესად არის მომზადებული). სიმართლე რომ ითქვას, პრობლემა უფრო მეტად არა საქართველოში, არამედ NAთO-შია. მისი უკვე ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის (რომელსაც 1-ლი ოქტომბრიდან ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის) აღიარებით: "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის მოვლენებმა გამოაღვიძა".

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთ დიდ ბიუროკრატიულ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომელმაც გაძლიერებული რუსეთიდან მომავალი საფრთხე 2008 წლის აგვისტოში, რუსული არმიის სუვერენულ საქართველოში შემოჭრის შემდეგაც ვერ აღიქვა და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ, კრემლის მიერ ჯერ ყირიმის ანექსიისა და შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში რუსების შეჭრის შემდეგ შეფუცხუნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უელსის სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ და წევრმა ქვეყნებმა თავიანთი თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე დაიწყეს ზრუნვა. ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალებში ჩამოაყალიბებს სწრაფი რეაგირების კორპუსს, რომელსაც 48 სთ-ში შეეძლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე, რაც გაზრდის ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის უსაფრთხოებას.

ალიანსი თავისი წევრებისგან ითხოვს, რომ ეროვნული სამხედრო  ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% გახდეს, რაც გაზრდის წევრი ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნას.

NAთO-ს გენერალიტეტი იწყებს უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედების დეტალურ ანალიზს და შეიმუშავებს ეფექტურ საწინააღმდეგო მეთოდებს.

ალიანსის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე როტაციის პრინციპით მუდმივად გაიმართება NATO-ს სამხედრო სწავლებები, ისე, რომ ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში მუდმივად იმყოფებოდეს ალიანსის ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთი.

როგორც ხედავთ, NATO-ს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და იმ ძალზე რეალური საშიში ქმედებისაგან თავდასაცავად, რაც პუტინის რეჟიმმა საქართველოში წამოიწყო და უკრაინაში გააგრძელა.

ასეთ დროს, NATO, ბუნებრივია, არც MAP-ს მისცემს საქართველოს და მით უმეტეს, არც თავის სრულუფლებიან წევრად მიიღებს, რადგან მაშინ მისი უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს, რაც დღეს NAთO-ს არ შეუძლია არც სამხედრო და არც ფინანსური თვალსაზრისით.