დროებითი ზავი გადამწყვეტი ბრძოლების წინ - კვირის პალიტრა

დროებითი ზავი გადამწყვეტი ბრძოლების წინ

რუსეთი ეცდება, გაჭრას სახმელეთო გასასვლელი როსტოვიდან უკრაინის ზღვისპირეთის გავლით ყირიმსა და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში...

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 5 სექტემბრის 18 სთ-დან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

სტატიის დაწერის დროს, 6 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება მეტ-ნაკლებად ძალაში იყო, მაგრამ ამ ზავის ხანგრძლივობის არც კიევში სჯეროდათ და არც - ოკუპირებულ დონბასში.

როგორც ჩანს, პრორუსი ტერორისტები რუსული არმის დანაყოფების მხარდაჭერით ეცდებიან, დაიპყრონ ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, სადაც გამოაცხადებენ ახალ სეპარატისტულ სახელმწიფოს "ნოვოროსიას". ამისთვის მათ შეტევების განხორციელება სამხრეთით, მარიუპოლის დასაპყრობადაც მოუწევთ.

თუმცა, სავარაუდოდ, პუტინი უკრაინისთვის დონბასის ჩამოჭრით არ დაკმაყოფილდება. კრემლს სჭირდება სახმელეთო კომუნიკაცია უკვე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან და პირდაპირი სახმელეთო კავშირი სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან.

საბჭოთა პერიოდიდან არსებობს საერთაშორისო კატეგორიის ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთის ქ. როსტოვიდან (მდ. დონზე) მიემართება დასავლეთით აზოვის ზღვის ჩრდილო სანაპიროს გასწვრივ ჯერ მარიუპოლისკენ, შემდეგ მელიტოპოლისა და ხერსონისკენ (ამ ორივე უკრაინული ქალაქიდან გადის საავტომობილო გზები ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ).

ხერსონიდან საავტომობილო მაგისტრალი ჯერ საპორტო ქალაქ ნიკოლაევსკისკენ, შემდეგ კი ოდესისკენ მიემართება. ოდესიდან მოლდავეთის საზღვარზე, სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტირასპოლისკენაც ავტომაგისტრალია გადაჭიმული.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გზები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ზღვისპირა რეგიონში შესაჭრელად, რასაც სამი მიზანი უნდა ჰქონდეს: პირველი - რუსეთი ჭრის სახმელეთო დერეფანს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ, რადგან მისი მართვა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზებით ძალიან გაუჭირდა. ეს ამ ზაფხულს ქერჩის გადასასვლელზე ბორნების მოლოდინში რამდენიმე ათასი ავტომანქანის მრავალდღიანი რიგებითაც კარგად გამოჩნდა.

მეორე - ყირიმის ნახევარკუნძულისკენ გზის გაჭრის შემდეგ კრემლს გაუჩნდება სურვილი, გაჭრას პირდაპირი სახმელეთო დერეფანი სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენაც და ამ პრორუსულ წარმონაქმნს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსი სტატუსი მიანიჭოს.

მესამე - პირველი ორი ამოცანის შესრულების შემთხვევაში რუსეთი ავტომატურად მიაღწევს მესამე მიზანს - უკრაინას აღმოსავლეთთან ერთად ჩამოაჭრის სამხრეთ ნაწილს და კიევს აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე გასასვლელს ჩაუკეტავს. ეს უკრაინას დაუკარგავს ზღვისპირა ქვეყნის სტატუსს, რაც უკრაინის ეკონომიკას ძალზე დააზარალებს.

როგორ შეიძლება განახორციელოს ზემოხსენებული შესაძლო ჩანაფიქრი მოსკოვმა? ამისათვის მას საკმაო ძალა აქვს, როგორც სახმელეთო ჯარების, ისე საჰაერო და საზღვაო კომპონენტების სახით.

მარიუპოლზე სახმელეთო შეტევა აღმოსავლეთიდან, როსტოვის ოლქიდან უკვე დაწყებულია. მოსალოდნელია, პრორუსმა ტერორისტებმა შეტევა წამოიწყონ დონეცკის სამხრეთიდან, მარიუპოლის ჩრდილოეთ ნაწილის დასაპყრობად. თუკი მარიუპოლი დაეცა, სახმელეთო შეტევა მელიტოპოლი-ხერსონის მიმართულებით გაგრძელდება, რასაც მხარს აუცილებლად დაუჭერს ანექსირებულ ყირიმში თავმოყრილი რუსეთის ჯარების დაჯგუფება. ის შეტევას ჩრდილოეთის მიმართულებით წამოიწყებს (დასახლება არმიანსკიდან) და სამხრეთიდან შეუტევს მელიტოპოლსა და ხერსონს. თუკი მოსკოვის ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება, შეტევის შემდეგი სამიზნე ოდესა გახდება, სადაც რუსეთის სახმელეთო დანაყოფებს მხარში ამოუდგებიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები, რომელთა დესანტირება ოდესის სანაპიროებზე დიდი სადესანტო ხომალდებიდან შეიძლება.

ბრძოლის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეტევით ოპერაციას წამოიწყებენ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზისა და ადგილობრივ სეპარატისტთა დანაყოფებიც.