დროებითი ზავი გადამწყვეტი ბრძოლების წინ
08-09-2014
დროებითი ზავი გადამწყვეტი ბრძოლების წინ
რუსეთი ეცდება, გაჭრას სახმელეთო გასასვლელი როსტოვიდან უკრაინის ზღვისპირეთის გავლით ყირიმსა და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში...

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 5 სექტემბრის 18 სთ-დან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
სტატიის დაწერის დროს, 6 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება მეტ-ნაკლებად ძალაში იყო, მაგრამ ამ ზავის ხანგრძლივობის არც კიევში სჯეროდათ და არც - ოკუპირებულ დონბასში.
როგორც ჩანს, პრორუსი ტერორისტები რუსული არმის დანაყოფების მხარდაჭერით ეცდებიან, დაიპყრონ ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, სადაც გამოაცხადებენ ახალ სეპარატისტულ
სახელმწიფოს "ნოვოროსიას". ამისთვის მათ შეტევების განხორციელება სამხრეთით, მარიუპოლის დასაპყრობადაც მოუწევთ.

თუმცა, სავარაუდოდ, პუტინი უკრაინისთვის დონბასის ჩამოჭრით არ დაკმაყოფილდება. კრემლს სჭირდება სახმელეთო კომუნიკაცია უკვე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან და პირდაპირი სახმელეთო კავშირი სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან.

საბჭოთა პერიოდიდან არსებობს საერთაშორისო კატეგორიის ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთის ქ. როსტოვიდან (მდ. დონზე) მიემართება
დასავლეთით აზოვის ზღვის ჩრდილო სანაპიროს გასწვრივ ჯერ მარიუპოლისკენ, შემდეგ მელიტოპოლისა და ხერსონისკენ (ამ ორივე უკრაინული ქალაქიდან გადის საავტომობილო გზები ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ).
ხერსონიდან საავტომობილო მაგისტრალი ჯერ საპორტო ქალაქ ნიკოლაევსკისკენ, შემდეგ კი ოდესისკენ მიემართება. ოდესიდან მოლდავეთის საზღვარზე, სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტირასპოლისკენაც ავტომაგისტრალია გადაჭიმული.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გზები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ზღვისპირა რეგიონში შესაჭრელად, რასაც სამი მიზანი უნდა ჰქონდეს: პირველი - რუსეთი ჭრის სახმელეთო დერეფანს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ, რადგან მისი მართვა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზებით ძალიან გაუჭირდა. ეს ამ ზაფხულს ქერჩის გადასასვლელზე ბორნების მოლოდინში რამდენიმე ათასი ავტომანქანის მრავალდღიანი რიგებითაც კარგად გამოჩნდა.

მეორე - ყირიმის ნახევარკუნძულისკენ გზის გაჭრის შემდეგ კრემლს გაუჩნდება სურვილი, გაჭრას პირდაპირი სახმელეთო დერეფანი სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენაც და ამ პრორუსულ წარმონაქმნს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსი სტატუსი მიანიჭოს.
მესამე - პირველი ორი ამოცანის შესრულების შემთხვევაში რუსეთი ავტომატურად მიაღწევს მესამე მიზანს - უკრაინას აღმოსავლეთთან ერთად ჩამოაჭრის სამხრეთ ნაწილს და კიევს აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე გასასვლელს ჩაუკეტავს. ეს უკრაინას დაუკარგავს ზღვისპირა ქვეყნის სტატუსს, რაც უკრაინის ეკონომიკას ძალზე დააზარალებს.

როგორ შეიძლება განახორციელოს ზემოხსენებული შესაძლო ჩანაფიქრი მოსკოვმა? ამისათვის მას საკმაო ძალა აქვს, როგორც სახმელეთო ჯარების, ისე საჰაერო და საზღვაო კომპონენტების სახით.

მარიუპოლზე სახმელეთო შეტევა აღმოსავლეთიდან, როსტოვის ოლქიდან უკვე დაწყებულია. მოსალოდნელია, პრორუსმა ტერორისტებმა შეტევა წამოიწყონ დონეცკის სამხრეთიდან, მარიუპოლის ჩრდილოეთ ნაწილის დასაპყრობად. თუკი მარიუპოლი დაეცა, სახმელეთო შეტევა მელიტოპოლი-ხერსონის მიმართულებით გაგრძელდება, რასაც მხარს აუცილებლად დაუჭერს ანექსირებულ ყირიმში თავმოყრილი რუსეთის ჯარების დაჯგუფება. ის შეტევას ჩრდილოეთის მიმართულებით წამოიწყებს (დასახლება არმიანსკიდან) და სამხრეთიდან შეუტევს მელიტოპოლსა და ხერსონს. თუკი მოსკოვის ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება, შეტევის შემდეგი სამიზნე ოდესა გახდება, სადაც რუსეთის სახმელეთო დანაყოფებს მხარში ამოუდგებიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები, რომელთა დესანტირება ოდესის სანაპიროებზე დიდი სადესანტო ხომალდებიდან შეიძლება.
ბრძოლის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეტევით ოპერაციას წამოიწყებენ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზისა და ადგილობრივ სეპარატისტთა დანაყოფებიც.
lolipop
16 სექტემბერი 2014 22:41
otari -ს
კი მაგრამ გვერდით არავინ გყავდათ გამოეღვიძებინა თქვენი თავი ასეთი კოშმარის სიზმრად ხილვისას? ,,კარგათ შეიარაღებულ რუსეთის რეგულარული არმია" სად ნახეთ, უნიტაზების და ჩექმების დანახვა რომ უკვირთ და სკოლებში კარ-ფანჯრებს რომ არ აყენებენ მთელს, წიგნებზე აღარაფერს ვამბობ და ზურგზე ბანკომატმოგდებულ რუს ბომჟებზე კიდევ. ისე, პრინციპში მართალი ბრძანდებით, ოღონდ უკრაინის ნაცვლად რუსეთი უნდა დაგეწერათ. ვის არ შეგვშლია, არა უშავს.
Oxera Mamadzagli
12 სექტემბერი 2014 02:03
პატივცემულო ავტორო,
რაც თქვენს ამ სტატიაში წერია, ამას ნებისმიერი მიხვდება, ვინც რუქას დახედავს.

ცოტა უფრო კონკრეტული პროგნოზი რომ გააკეთოთ, ჯობია და გთხოვთ. მაგ.:
1. მარიუპოლის თავდაცვის ხაზი რანაირად შეიძლება გამოიყურებოდეს ზღვის და რელიეფის გათვალისწინებით - მაგ.: უბრალოდ სანგრები და ბლოკპოსტები, თუ უფრო სერიოზული საფორტიპიკაციო ნაგებობები დაბომბვის და ა.შ.
2. რა ტიპის შეტევას შეიძლება ელოდნენ ძირითადად - მაგ. სახმელეთო "მუშტის" ფორმის, თუ მაგ. ზღვის მხრიდან უშუალოდ მარიუპოლში ან მისი სამხრეთით დესანტის გადასხმით და ალყაში მოქცევით.
3. მაგ. რამდენად შეიძლება გამოყენებული იყოს ავიაცია (რითაც ყველაზე დიდ პრორუსსაც დასავლეთში ვეღარ ათქმევინებს, რომ რაც რუსეთის ჯარი არ ერევა)
4. უკრაინელებს რა კონტრზომები შეუძლიათ - მარიუპოლის ჩრდილოეთიდან შეტევის შემთხვავაში რუსები საკუთარ ხაფანგში ხო არ გაებმებიან, თუკი დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მხრიდან შეუტევს უკრაინა.
5. თუ გაქვთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია რამდენად მძიმე იარაღს იყენებენ რუსები (მაგ. "სმერჩი") და რა პოტენციალი აქვს უკრაინას, როგორც თავდაცვაში მყოფს და ა.შ.


მოკლედ ამ საიტს იმაზე მეტად ჩახედული და აზრზე მყოფი ხალხი კითხულობს, ვიდრე შეიძლება გეგონოთ, ამიტომ მოგიწოდებთ, ცოტა უფრო კონკრეტულად წეროთ, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და საიტის პოპულარობისთვისაც.

otari
11 სექტემბერი 2014 13:13
დასავლეთი შეეგუა იმას რომ შეიქმნება ახალი დამოუკიდებელი არ აღიარებული სახელმწიფო სახელად ნოვა რუსია.რუსეთს ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ.უკრაინის არმიას არ ყოფნის იარაღი და საბრძოლო მასალები. არმია გატყდა მორალურათ. იწვევენ უკვე სტუდენტებს და უფროსი ასაკის ხალხს 60 წლამდე. მაგრამ კარგათ შეიარაღებულ რუსეთის რეგულარულ არმიასთან ბრძოლია ადვილი არაა. ახალწვეულებს არანაირი საბრძოლო გამოცდილება არა აქვთ. ისინი ფაქტიურათ საზარბაზნე ხორცი ხდებიან.ქვეყნის ეკონომიკა კრახის წინაშეა, გრინვი სულ უფრო უფასურდება. ბანკები დოლარს და ევროს აღარ აძლევენ. უკმაყოფილება იზრდება ხალხში. უკმაყოფილებაა არმიაში, დასავლეთი მცირე თანხებით ეხმარება მაგრამ ეს საკმარისი არაა. აკლიათ მედიკამენტები. მეტი უნდა დაეხმაროს ამერიკამაც თორემ უკრაინა ვერ გაუძლებს რუსებს, მარტო აღშფოთება კი საქმეს არ შველის.

რედაქტორის რჩევით