"შავი ქორი" ქართულ ცაში
15-09-2014
"შავი ქორი" ქართულ ცაში
პენტაგონი ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა საქართველოსთვის UH-60 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენების მიყიდვას...

NATO-ს უელსის სამიტის დამთავრებისთანავე თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრენილმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩარლზ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე დაეხმარება საქართველოს სატრანსპორტო შვეულმფრენების გადმოცემის პროცესში.

ეს კი ნიშნავს, რომ ნავსი გატყდა და პენტაგონი თანახმაა, მიაწოდოს ქართულ არმიას სატრანსპორტო შვეულმფრენები, რომელთა პარკის გადახალისება დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი (ბევრთაგან) ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

ის, ვისაც ხანდახან ცაში ახედვა არ ეზარება და მეტ-ნაკლებად ერკვევა
შვეულმფრენების კლასიფიკაციაში, შეამჩნევდა, რომ ქართულ ცაში თითქმის ერთი წელია, აღარ დაფრენენ საბრძოლო Ми-24 და სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8 ტიპის შვეულმფრენები. გამონაკლისს მხოლოდ სასაზღვრო პოლიციისა და ავიაკომპანია "თუშეთის" ორიოდე სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-8 წარმოადგენს, რომლებიც თეთრად არის შეღებილი და თავდაცვის კუთვნილი კამუფლირებული Ми-8-ებისაგან მათი გარჩევა ძალიან ადვილია.

დიდი საიდუმლო
აღარ არის (თუმცა აქამდე ჩვენ თავს ვიკავებდით, ამაზე საჯაროდ დაგვეწერა), რომ შეიარაღებული ძალები Ми-8 და Ми-24 ტიპის შვეულმფრენების გარეშე დარჩა, რადგან მათ კაპიტალური რემონტი სჭირდებათ (თუ რატომ გაიხარჯა მათი საფრენოსნო რესურსი ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკების ხუშტურის გამო, სხვა საკითხია).

საბჭოთა წარმოების შვეულმფრენების კაპიტალურ რემონტს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს, რადგან მათი განცხადებით, რუსეთში ეს შეუძლებელია, უკრაინაში სხვადასხვა კორუფციული და ბიუროკრატიული პრობლემის გამო, ძალზე ძვირი ჯდება, დღეს კი, იქ მიმდინარე ომის გამო, ეს კიდევ უფრო გართულდა.
რეალურად შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რამდენიმე სატრანსპორტო UH-1H "იროკეზის" ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენი რჩება, თუმცა, ამ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გამოშვებული "იროკეზების" (რომლებიც 2001-2002 წლებში აშშ-მა და თურქეთმა გვაჩუქეს) საფრენოსნო რესურსიც ამოუწურავი არ არის.
"იროკეზებს" შეიძლება გვერდით ამოსდგომოდა ის სამი ფრანგული "სუპერპუმას" ტიპის შვეულმფრენი, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საკმაოდ ძვირად შეიძინეს, მაგრამ დღევანდელმა მთავრობამ ისინი თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან მოხსნა და დღემდე უმოქმედოდ დგანან თბილისის აეროპორტში, ალექსეევკის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის საშვეულმფრენო ესკადრილიის ტერიტორიაზე.

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და შვეულმფრენი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მფრინავი საშუალება - მისწრებაა ყველაზე რთულ ადგილამდე მისაღწევადაც კი. ამიტომაც შვეულმფრენებს საქართველოში არა მარტო სამხედრო დანიშნულება აქვთ (მაგალითად, მოწინააღმდეგის ზურგში მალულად სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასმა, დაჭრილების ევაკუაცია ან სულაც ბრძოლა მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფებთან მათი შესაბამისი შეიარაღებით აღჭურვის შემდეგ), არამედ შეუცვლელი არიან ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დროსაც, რაც კარგად დაგვანახა ლარსთან ორჯერ მომხდარმა ტრაგედიამ.
ამის ფონზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა ბოლოს და ბოლოს, გაბედა "ჩუმი ემბარგოს" დარღვევა და თანხმობა განაცხადა ქართული არმიისთვის შვეულმფრენების გადმოცემაზე.

სიმართლე რომ ითქვას, ქართული არმიის შვეულმფრენების პარკის განახლებაზე ჯერ კიდევ იმ ექვსპუნქტიან შეთანხმებაში ეწერა, რომელსაც 2012 წლის იანვარში ვაშინგტონში აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.
თუმცა, მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და საქმე წინ არ იყო წასული, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამხედროები იყვნენ აშშ-ში, შეარჩიეს კონკრეტული შვეულმფრენის მოდიფიკაცია და განსაზღვრეს შესაძენი ფასიც კი.
შეიძლება ზოგიერთი მკითხველისთვის ეს ინფორმაცია არცთუ მისაღები იყოს, მაგრამ აშშ საქართველოსთვის შვეულმფრენების მიყიდვას აპირებს და არა - ჩუქებას.

"კვირის პალიტრამ" უტყუარი საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო, რომ იგეგმება ამერიკული UH-60 ტიპის მრავალდანიშნულების შვეულმფრენების პარტიის შესყიდვა.

ეს შვეულმფრენები, რომლებსაც "შავ ქორსაც" უწოდებენ, ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში და 1977 წლიდან მოყოლებული, "სიკორსკის" ფირმამ არანაკლებ 2500 სხვადასხვა მოდიფიკაციის "შავი ქორი" დაამზადა.
მართალია, ამერიკულ "შავ ქორს" საბჭოთა Ми-8-ზე ორჯერ ნაკლები ადამიანი გადაჰყავს, მაგრამ გამოირჩევა თანამედროვე სანავიგაციო აპარატურითა და ძრავების ეკონომიურობით. Ми-8-ის მსგავსად, "შავი ქორის" დასამაგრებელ ფრთებზეც შეიძლება მართვადი და უმართავი რაკეტებისა და ბომბების ჩამოკიდება, რაც მას საბრძოლო შვეულმფრენად გადააქცევს.

სავარაუდოდ, ქართული მხარე ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს "შავი ქორის" თანამედროვე მოდიფიკაციის - UH-60M-ის შეძენაზე, რომელმაც პირველი საცდელი გაფრენა ექვსი წლის წინ, 2008 წლის სექტემბერში განახორციელა. ეს მოდიფიკაცია გამოირჩევა ციფრული  ნავიგაციის თანამედროვე მოწყობილობებით და გაუმჯობესებული ტურბოხრახნიანი ძრავებით.
და აი, მივადექით ყველაზე მტკივნეულ თემას - რა შეიძლება დაუჯდეს ერთი ახალი ამერიკული "შავი ქორის" შეძენა საქართველოს ბიუჯეტს?

ვიკიპედიის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 2012 წელს ერთი UH-60M-ის ფასი 21,3 მლნ აშშ დოლარი იყო.
ეს ფასი მართლაც ფანტასტიკური ჩანს იმ Ми-8-ების (თუმცა, ნახმარი და მოძველებული) ფასთან შედარებით, რომელთაც ათიოდე წლის წინ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან 1,5-3 მლნ დოლარად ვყიდულობდით.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოსთვის მისაყიდი "შავი ქორების" ფასი ნაკლები იქნება, თუმცა, ეს ციფრი 17-18 მლნ დოლარს, ალბათ, მაინც არ ჩამოსცდება.

გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ქართველი მფრინავების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ "შავი ქორების" მართვა შეძლონ. ასევე დაგვჭირდება ტექნიკური პერსონალის მომზადება, თუმცა "იროკეზებზე" მფრენ პილოტებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ "შავი ქორების" მართვის წესების სწრაფად ათვისება.
giorgi
28 სექტემბერი 2014 13:34
ერს რომელსაც არ უნდა საკუთარი არმიის შენახვა, მას მოუწევს მტრის არმიის შენახვა._ასე რომ ძლიერი არმია გვინდა თავისი კომპონენტებით,რაც კი საჭიროა ყველაფერი უნდა შევიძინოთ.
amerikeli
27 სექტემბერი 2014 17:33
აბა არ იყოდოს საქარტველომ ვნახავთ რა ჩიტსაც დაიჟერს. ამ პოლიტიკოსებს ხალხს რომ გონია ირჩევს - ეს სჰენტანხმებები ხელოოსაცერად პირველი ვე დგიდან ხვდებატ.

მატი კეთილდეობა ამაზე დამოკიდებული. საქარტველოს კი ჩჰვენი დზველი ტექნიკა - მეტის მოხმარება მაინც არ იცით.

სემი ბიძია
achi
23 სექტემბერი 2014 04:04
ყველაფეზე უკმაყოფილება სშეიძლება? :)

რედაქტორის რჩევით