პენტაგონი ისლამისტების ხმელეთიდან განადგურებასაც მოითხოვს
06-10-2014
პენტაგონი ისლამისტების ხმელეთიდან განადგურებასაც მოითხოვს
მართლდება ჩვენი ვარაუდი, როდესაც "კვირის პალიტრის" წინა  ნომერში ვწერდით, რომ "...რაც უნდა ეფექტური იყოს წერტილოვანი საჰაერო დაბომბვა, ქალაქებს მაინც ქვეითები ათავისუფლებენ და არა - პილოტები".

27 სექტემბერს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ საავიაციო დარტყმებით ვანადგურებთ "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურას, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რათა საბოლოოდ გავანადგუროთ ჯიჰადისტები."

ამერიკელ გენერალს
მიაჩნია, რომ ისლამისტების დაპყრობილი ტერიტორიების გასათავისუფლებლად საჭიროა 15 ათასი მებრძოლი მაინც, რომელთა რიგები შეიძლება შეავსოს იმ ზომიერმა ოპოზიციამ, რომელიც დღემდე უშედეგოდ ცდილობს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას.
თუმცა ამ 15-ათასიანი საბრძოლო შენაერთის მომზადება პენტაგონს სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. საქმე ის არის, რომ საუდის არაბეთში საწვრთნელ
ცენტრს (რომელიც ახლა იქმნება და იქ უკვე ჩადიან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები) წელიწადში მხოლოდ 5 ათასამდე მებრძოლის მომზადება შეუძლია, რაც არასაკმარისია, რადგან დასავლეთი, ისევე, როგორც "არაბთა ლიგის" წევრი ქვეყნები, არ აპირებენ კიდევ ერთი-ორი წელი მოითმინონ "ისლამური სახელმწიფოს" არსებობა.

რა თქმა უნდა, უფრო სწრაფი გამოსავალი იქნებოდა ერაყ-სირიის საზღვარზე რამდენიმე ამერიკული ქვეითი ბრიგადის გადასროლა ერაყელი და ქურთი მებრძოლების დასახმარებლად, მაგრამ პრეზიდენტი ბარაქ ობამა წინააღმდეგია ერაყში ამერიკელი ქვეითების დაბრუნების, ამიტომაც ძირითად ძალად სირიაში მოქმედი ზომიერი ოპოზიცია, ერაყის რეგულარული არმია და ქურთი მოხალისეები რჩება. მათ გარდა სახმელეთო ბრძოლებში, სავარაუდოდ, ირანის "ისლამური რესპუბლიკის გუშაგების კორპუსის" დანაყოფებიც მონაწილეობენ, თუმცა, არც ოფიციალური თეირანი და არც დასავლეთი არ ახმაურებს ირანელების ბრძოლას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის ფონზე აქტუალური ხდება ახალი საწვრთნელი ცენტრების შექმნა, რათა რაც შეიძლება მალე მოხერხდეს 15 ათასამდე მებრძოლის მომზადება ("ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, 30-50 ათასი კაცი უნდა იყოს).
ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ქართულმა მხარემ მართლაც შესთავაზა აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა ამას კატეგორიულად უარყოფს.

ასეა თუ ისე, კარგი იქნება, თუკი საქართველოში ამგვარი საწვრთნელი ცენტრი არ გაიხსნება და ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე დაუჭერს მხარს "ისლამისტური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ თითქმის ორმოცქვეყნიან კოალიციას.

P.S.. შეიძლება მისასალმებელია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების თემა დღეს მსოფლიოს პირველ პრობლემად არის მიჩნეული და ათეულობით ქვეყანა ამ იდეამ გააერთიანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრობლემამ უკან გადასწია რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესია. აშშ-ს, ისევე, როგორც ევროპას, სურს "ისლამისტური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთიც გვერდით დაუდგეს, რასაც კრემლი აკეთებს კიდეც, მაგრამ სავარაუდოდ, პუტინი სამაგიეროდ დასავლეთის ლიდერებს სანქციების მოხსნასა და უკრაინის ნაწილის ანექსიაზე თვალის დახუჭვას მოსთხოვს...

ისლამისტები თურქეთს სირიასთან აპირისპირებენ

8 აგვისტოდან 3 ოქტომბრის ჩათვლით აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფებისა და პოზიციების წინააღმდეგ 334 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - 248 ერაყის, ხოლო 86 სირიის ტერიტორიაზე (სირიის ტერიტორიაზე დაბომბვები 23 სექტემბერს დაიწყო).
მიუხედავად მეტ-ნაკლებად ინტენსიური საჰაერო დაბომბვებისა, "ისლამურმა სახელმწიფომ" შეტევა წამოიწყო სირიის ქალაქ კობანის დასაპყრობად, რომელიც ქურთებით არის დასახლებული და თურქეთის საზღვრიდან 1 კმ-ით არის დაშორებული (ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე, მხოლოდ საჰაერო დარტყმებით, კოალიცია "ისლამურ სახელმწიფოს" ვერ გაანადგურებს). 3 ოქტომბერს თურქეთის არმიამ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ქ. კობანთან თავმოყრილ ისლამისტთა შეიარაღებულ ჯგუფებს, რაც, ფაქტობრივად, ოფიციალური ანკარის ომში ჩართვას ნიშნავს.

პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას ამერიკული თვითმფრინავების მიერ სირიის ტერიტორიაზე ისლამისტების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, თურქული არტილერიის შეტევა კი მაშინვე სუვერენული სირიის წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო აგრესიად შეაფასა. მოსალოდნელია, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა თურქეთ-სირიის დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.
shtirlici
10 ოქტომბერი 2014 17:27
უფრო მეტი სტატია რომ იბეჭდებოდეს სამხედრო თემაზე კარგი იქნებოდა,ძალიან საინტერესო სტატიები იბეჭდება,ოღონდ ცოტა და არ გვაწყენდა კიდევ მეტი იმფორმაცია საქართველოს ჯარზე, მის დღევანდელ ყოფაზე და ინფრასტრუქტურაზე.
giga
07 ოქტომბერი 2014 23:13
რატომ შემცირდა ამ გაზეთთი სამხედრო გვერდის მოცულობა ?

რედაქტორის რჩევით