საზენიტო "პეტრიოტები" პოლონეთიდან რუსეთს 60 კმ-ზე "მიუჩოჩდნენ" - კვირის პალიტრა

საზენიტო "პეტრიოტები" პოლონეთიდან რუსეთს 60 კმ-ზე "მიუჩოჩდნენ"

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეაჩერა წინამორბედის - ჯორჯ ბუში-უმცროსის გადაწყვეტილება, პოლონეთში ათი ანტისარაკეტო რაკეტის განთავსებაზე.

მაშინ ეს კრემლმა ამერიკელთა უკან დახევად და რუსეთის პრინციპულ გამარჯვებად მიიჩნია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვის სიხარული ნაადრევი გამოდგა.

გასულ კვირას ვაშინგტონი და ვარშავა შეთანხმდნენ, რომ ათი ანტირაკეტის სანაცვლოდ პოლონეთში ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ებს ჩაიტანენ.

"პეტრიოტის" ერთ საზენიტო-სარაკეტო ბატარეაში 4-დან 8-მდე გამშვები დანადგარია. თითოეულ დანადგარზე კი ოთხი საზენიტო რაკეტის გასაშვები კონტეინერია დამონტაჟებული. გამოდის, რომ "პეტრიოტის" მარტო ერთ ბატარეას 16-დან 32-მდე საზენიტო რაკეტის თითქმის ერთდროულად გაშვება შეუძლია, რაც, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერ საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე მხოლოდ 10 ანტირაკეტა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანტირაკეტისგან განსხვავებით "პეტრიოტის" ძველი მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტას ძალიან უჭირს ოპერატიული თუ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება, რაც 1991 წელს გამოჩნდა ერაყში "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს.

ნაკლებად სარწმუნოა, რომ პენტაგონმა პოლონეთში "პეტრიოტის" მხოლოდ ერთი ბატარეა განათავსოს, სავარაუდოდ, ჩაიტანს 2-4 დივიზიონს მაინც. თითოეულ დივიზიონში კი რამდენიმე ბატარეა შედის. ასე რომ, პოლონეთი მოგებული რჩება - 10 ანტირაკეტის ნაცვლად მას რამდენიმე ათეული "პეტრიოტის" საზენიტო რაკეტა დაიცავს. ამასთან, ანტირაკეტები ჰიპოთეზური საფრთხის - ირანული ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად იყო განკუთვნილი, რომლებსაც თეირანი ოდესმე ჩრდილო ამერიკის კონტინენტს ესროდა. ასეთი შორი მოქმედების რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ირანს ჯერ არ აქვს და ეტყობა, 15-20 წელი არც ექნება.

სამაგიეროდ, რუსული საჰაერო თავდასხმის საფრთხეა რეალური, რისი საშიშროებაც რუსეთის უშუალო მეზობლებმა 2008 წლის აგვისტოში ნათლად იგრძნეს, როდესაც რუსული თვითმფრინავები დაუნდობლად ბომბავდნენ ქართულ მიწას, მათ შორის დასახლებულ პუნქტებსაც.

კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზია კრემლისთვის ის, რომ ამერიკული "პეტრიოტები" ვარშავის გარშემო კი არა, განთავსდება პოლონეთის ქალაქ, მორაგის ახლოს, საიდანაც რუსეთის  კალინინგრადის ოლქამდე მხოლოდ 60 კმ-ია, ხოლო თავად კალინინგრადამდე - 100 კმ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლონეთში ამერიკელებს Patriot-ის კომპლექსის PAC-2 და PAC-3 მოდიფიკაციის ჩატანა სურთ, რომელთა საზენიტო რაკეტები 20 კმ სიმაღლეზე და 160 კმ რადიუსში სწვდებიან საფრენ აპარატებს, ჩანს, რა არის პენტაგონისა და პოლონელი მოკავშირეების სტრატეგიული გათვლა.

პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით განთავსებული ამერიკული "პეტრიოტები" არა მარტო ჩაკეტავენ იმ საჰაერო დერეფნებს, საიდანაც რუსული ბომბდამშენები შეიძლება შეიჭრნენ NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში, არამედ მთლიანად დაფარავენ რუსეთის ანკლავს - კალინინგრადის ოლქის ცას.

ამ სტატიის ავტორი თავის დროზე სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა კალინინგრადის ოლქის ქალაქ ჩერნიახოვსკში, სადაც საფრონტო ბომბდამშენ Су-24М-ების პოლკი იდგა. სწორედ ასეთი ბომბდამშენები უტევდნენ საქართველოს 2008 წლის აგვისტოში. პოლონური მორაგიდან კალინინგრადის ჩერნიახოვსკის სამხედრო აეროდრომამდე 143 კმ-ია და თუკი რუსული ბომბდამშენები ჰაერში რამდენიმე ასეულ მეტრზეც ავლენ, პოლონეთიდან ამერიკული "პეტრიოტების" სამიზნეში მოხვდებიან...

მორაგიდან ბალტიის ზღვაში, ქ. ბალტიისკში განთავსებულ მთავარ რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზამდე კი მხოლოდ 80 კმ-ია და "პეტრიოტებს" თამამად შეუძლიათ პოლონეთიდან მისი მთლიანად გაკონტროლება.

თუკი თეთრი სახლი მოინდომებს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შესაბამისად "პეტრიოტის" თითო საზენიტო ბატარეის განთავსებას, ქართული ცა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, საიმედოდ იქნება ჩაკეტილი. აი, ეს იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ყველაზე ნაღდი და რეალური დახმარება ჩვენთვის, მაგრამ მოინდომებს კი თეთრი სახლი საქართველოს გამო კრემლთან ურთიერთობის დაძაბვას?!