მოსწავლის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე ხუთი სამინისტრო იზრუნებს - კვირის პალიტრა

მოსწავლის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე ხუთი სამინისტრო იზრუნებს

სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სასწავლო პროცესის აღდგენას სპეციალური ტექნიკური ბაზის შექმნა და მომზადებული მასწავლებლების

2400-კაციანი ბრიგადა დასჭირდება...

ხუთი სამინისტროს პირველმა პირებმა სასწრაფოდ დაიწყეს განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივისა, მაღალ კლასებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის კურსის აღდგენის თაობაზე.

განათლების სამინისტროს მხარში ამოუდგნენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ბუნების დაცვის სამინისტროები, რომლებიც ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. ამ ჯგუფმა კოორდინირებულად უნდა შეადგინოს ის საკითხები და თემები, რომელთა სწავლება სკოლებში წლევანდელი სექტემბრიდან დაიწყება.

"კვირის პალიტრამ" ამ საჭირბოროტო თემას ჯერ კიდევ შარშან, 9 ნოემბერს დაუთმო ყურადღება სტატიით "სამშობლოს დაცვას სკოლის მერხიდან უნდა სწავლა." ამ სტატიაში ვასაბუთებდით, რომ საქართველოსნაირი მუდმივ ომში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია, მაღალი კლასის მოსწავლემ სკოლის მერხიდანვე შეისწავლოს შემდეგი აუცილებელი საკითხები: სამოქალაქო თავდაცვა (თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების, ასევე სტიქიური უბედურების დროს და ა.შ.), პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქართული არმიის საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა.

სასიამოვნოა, როდესაც ერთად შეკრებილი ხუთი სამინისტროს პირველი პირებიც სწორედ იმ კონკრეტულ თემებზე იწყებენ მსჯელობას, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამახვილებდით ყურადღებას. ამ თემებს სწავლების პროცესში ალბათ დაემატება საქართველოს ომების ისტორია და გზებზე მოძრაობის წესებიც.

თავდაპირველად, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დარგში შეიძლება ექსპერიმენტები მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დაიწყოს, რადგან მათ საყოველთაო დანერგვას საგანგებო მატერიალური ბაზის (თვალსაჩინოებები, პლაკატები, არასაბრძოლოდ გადაკეთებული იარაღი, ოთახების დაცვის სიგნალიზაცია და ა.შ.) შექმნა და თითქმის 2400 სამხედრო მასწავლებელი დასჭირდება (სწორედ ამდენი სკოლაა საქართველოში).

P.S. იმედია, "კვირის პალიტრისა" და სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" დიდ გამოცდილებას ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაში ყურადღებას მიაქცევენ და ჩვენც გვკითხავენ აზრს, თუ როგორ უნდა ჩაისახოს სამშობლოს დამცველის სული მერხთან მსხდომ ახალგაზრდებში...