NATO-ს ბაზის ნაცვლად მუდმივი სწავლებები? - კვირის პალიტრა

NATO-ს ბაზის ნაცვლად მუდმივი სწავლებები?

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის შექმნის იდეაც კი კრემლის გაღიზიანებას იწვევს...

ბოლო ორ კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ ორჯერ გააკეთა განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედროთა მომზადების პერსპექტივის შესახებ.

პირველად კრემლმა ერთგვარი დაყვავებით მოიწონა საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომლის თანახმად, თბილისი უარყოფდა ქვეყნის ტერიტორიაზე სირიის ხელისუფლების ზომიერი შეიარაღებული ოპოზიციის მოსამზადებელი ცენტრის გახსნას.

კრემლის მეორე განცხადება კი კატეგორიული გახლდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების ამოქმედება სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ამჯერად საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისმა ბრიუსელს შესთავაზა საქართველოში NAთO-ს სამხედრო სკოლის შექმნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მოემზადებიან და ამოქმედდება ლოჯისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ლოგიკურად რომ განვსაჯოთ, ვერც  NATO-ს სამხედრო სკოლა და ვერც ლოჯისტიკის ცენტრი ვერ გამოიწვევს დესტაბილიზაციას სამხრეთ კავკასიაში, როგორც ამას კრემლი ამტკიცებს, რადგან ისინი არ არიან ოპერატიული მოქმედებების საბრძოლო დანაყოფები და არც მძიმე საბრძოლო ტექნიკა ექნებათ შეიარაღებაში.

სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციას სწორედ ოფიციალური მოსკოვის მოქმედება იწვევს, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რამდენიმე ასეული ტანკი, ჯავშანმანქანა და საარტილერიო დანადგარი შემოიტანა. ამასთან, რუსეთი დაუბრკოლებლად ამარაგებს თავისი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აზერბაიჯანს და აიარაღებს თავის მოკავშირე სომხეთსაც.

თუმცა, რუსეთის ასეთი პოზიცია სრულიად გასაგებია. მოსკოვს არ სურს, NATO-მ ფეხი მოიკიდოს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, რადგან აზერბაიჯანში NATO-ს გამოჩენა უახლოეს მომავალში შეუძლებელია, ხოლო სომხეთში - წარმოუდგენელი.

უკრაინაში რუსული არმიის აგრესიამ და ბალტიისპირეთში იმავეს გამეორების საშიშროებამ NAთO-ს ხელმძღვანელობა, ბოლოს და ბოლოს, გამოაღვიძა და ალიანსის ბიუროკრატიული მექანიზმი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იწყებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას.

სწორედ საპასუხო ქმედებაა ბოლო დღეებში პოლონეთსა და ბალტიისპირეთში მძიმე საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის - ამერიკული "აბრამსის" ტიპის ტანკებისა და საბრძოლო დანაყოფების გადასროლა სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მიზნით.

ეს NATO-ს ერთგვარი სამხედრო ეშმაკობაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ლიტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც ათი წელია, ალიანსის წევრები არიან, დღემდე მათ ტერიტორიაზე NAთO-ს არც ერთი სამხედრო ბაზა არ აშენებულა (ბოლო წლებში ალიანსის წევრი ქვეყნები ბალტიისპირეთის ცის დასაცავად როტაციის პრინციპით გზავნიდნენ ოთხიოდე გამანადგურებელს). საბჭოთა კავშირის დაშლისა და  NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესის დაწყებისას ბრიუსელი არაოფიციალურად შეუთანხმდა მოსკოვს, რომ ალიანსის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ნატო-ს სამხედრო ბაზები არ განთავსდებოდა.

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის რეგულარული საჯარისო სამხედრო დანაყოფების შეჭრის შემდეგ ნატო მოქმედების ტაქტიკას ცვლის და აღმოსავლეთით ალიანსის საზღვრებს აძლიერებს.

პოლონეთში, რუმინეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში სამხედრო სწავლების ჩატარების მიზნით გაგზავნილი ამერიკული "აბრამსები" და "ბრედლები" რა თქმა უნდა, გააძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს (ინფორმაციისთვის - ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს მხოლოდ ერთი ტანკი ჰყავთ, რომლებსაც ერთმანეთს წვრთნების დროს ათხოვებენ ხოლმე) და ვერც მოსკოვი დასდებს ბრალს ბრიუსელს, რომ NATO-მ აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზები შექმნა.

სამხედრო სწავლებები კი პერმანენტულად გაგრძელდება, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს, ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში მუდმივად ჰყავდეს სახმელეთო-საჰაერო და საზღვაო დამრტყმელი ძალა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანალოგიური სცენარი აქვთ ჩაფიქრებული სამხრეთ კავკასიაშიც. საქართველოში NATO-ს სამხედრო სკოლისა და სწავლებების უზრუნველყოფის ლოჯისტიკური ცენტრის ამოქმედება ალიანსის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით გამართოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები და სწავლებები.

საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება NATO-ს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზა, მაგრამ ქართულ მიწაზე მუდმივად იქნებიან სამხედრო სწავლებების მონაწილე ალიანსის სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დანაყოფები. ისე, ვინ იცის, ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება Aგილე შპირიტ-ი 2008 წლის ივლისის ბოლოს რომ არ დამთავრებულიყო და აგვისტოშიც გაგრძელებულიყო, იქნებ კრემლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოჭრა ვერც გაებედა? იქნებ მოსკოვში სწორედ ამ საერთაშორისო სამხედრო სწავლების დამთავრებას ელოდნენ?