"დაუყოვნებლივ გაარემონტეთ, ჩვენ საქართველოში მიმავალი კიდევ ერთი გზა გვჭირდება!" - პუტინი - კვირის პალიტრა

"დაუყოვნებლივ გაარემონტეთ, ჩვენ საქართველოში მიმავალი კიდევ ერთი გზა გვჭირდება!" - პუტინი

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად დაუცველს გახდის...

ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური გახდა დაღესტნიდან ყვარლის რაიონში საავტომობილო გზის გაყვანის საკითხი, რამაც როგორც საქართველოში, ასევე დაღესტანში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

სიმართლე რომ ითქვას, ჩრდილო კავკასიიდან კახეთში კავკასიის მთავარ ქედზე გადმოსასვლელი საცალფეხო გზა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან არსებობდა. მეფის რუსეთისთვის ის სტრატეგიული მნიშვნელობის საკომუნიკაციო საშუალება იყო, რადგან ოსმალეთის იმპერიის სამხრეთ კავკასიაში შემოჭრის შემთხვევაში, ჩრდილო კავკასიიდან ტიფლისისკენ რუსული არმიის დანაყოფების ოპერატიულად გადმოსროლის საშუალებას იძლეოდა.

მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში რუსეთის ფედერაცია სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს ოთხი ძირითადი სატრანსპორტო დერეფნით უკავშირდებოდა: აფხაზეთში, მდ. ფსოუზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებით, ცხინვალის რეგიონში როკის საავტომობილო გვირაბით, ლარსიდან საქართველოს სამხედრო გზით და აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზით.

90-იან წლებში საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომების შედეგად ფსოუსა და როკზე სატრანსპორტო გზები ნაწილობრივ ჩაიკეტა და ძირითადი დატვირთვა საქართველოს სამხედრო გზაზე გადავიდა. სწორედ ამ დროს, 1996 წელს, დაღესტნელმა ბიზნესმენმა მაგომედ კებედოვმა თავისი ფულით ავარეთ-კახეთის გზის 55 კმ-იანი გრუნტის გზა გაჭრა, აქედან 36 კმ - საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზეც მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადადიოდნენ და საწვავის კონტრაბანდა ხორციელდებოდა. 1997 წელს ეს გზა მესაზღვრეებმა გადაკეტეს.

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ, 1999 წლის შემოდგომაზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა დაღესტანში, ბოთლიხის რაიონში, სწორედ ავარეთ-კახეთის გზის მიმდებარედ. ამ დროს რუსეთის ხელისუფლებაში მოსულ ჯერ პრემიერ-მინისტრ, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმირ პუტინს ამ გზის არათუ აღდგენა, არამედ საიმედოდ ჩაკეტვა სურდა, რათა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან მებრძოლები არ შემატებოდნენ შამილ ბასაევისა და ხატაბის შეიარაღებულ რაზმებს. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის დასაწყისში, როდესაც პუტინმა რამზან კადიროვის დახმარებით, ფაქტობრივად, შეძლო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატრიოტული მოძრაობის ჩახშობა და საქართველოსთვისაც მოიცალა.

2008 წლის 4 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად ჩავიდა დაღესტანში და ინსპექტირება ჩაუტარა ბოთლიხის 33-ე სამთო ბრიგადას. ბრიგადაში ყოფნისას ვლადიმირ პუტინმა ტელეკამერების წინ წარმოთქვა ისტორიული ფრაზა, რომელსაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს: "დაუყოვნებლივ გაარემონტებინეთ ეს გზა, ჩვენ გვჭირდება საქართველოში მიმავალი კიდევ ერთი გზა".

მაშინ, 2008 წლის დასაწყისში, როდესაც მოსკოვი-თბილისის დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდებოდა, რუსეთის პირველი პირის ეს განცხადება რეალურ საფრთხედ იქნა აღქმული. სამწუხაროდ, რუსეთთან ომს მაინც ვერ გადავურჩით, მაგრამ ავარეთ-კახეთის გზა მაშინ უფუნქციოდ დარჩა.

დღეს ამ თემის ისევ წამოწევა დაღესტნელი ჩინოვნიკების დამსახურებაა. მათ მახაჩყალაში "მრგვალი მაგიდა" გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ავარეთ-კახეთის 83 კმ-იანი გზის მონაკვეთის გაყვანა 28-32 მლრდ რუბლი დაჯდება და იგი მახაჩყალასა და თბილისს შეაერთებს საავტომობილო გზით, რომლის სიგრძე მხოლოდ 470 კმ იქნება. 83 კმ-იანი გზის მონაკვეთზე აუცილებელი იქნება 5 გვირაბის, 25 ხიდისა და ზვავისგან დამცველი 7 გალერის აგება.

რას მოუტანს საქართველოსა და რუსეთს ავარეთ-კახეთის გზის გახსნა?

ერთი შეხედვით მეზობელთან ახალი გზის გაყვანას არაფერი სჯობს, რადგან ის უფრო ინტენსიურს გახდის მიმოსვლას (მით უმეტეს, რომ საქართველოს სამხედრო გზაზე ასე გახშირებული ზვავების გამო ლარსის მონაკვეთი არცთუ უსაფრთხო ხდება), გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა და ქართველ გლეხებსაც გაუადვილდებათ მოწეული მოსავლის ჩრდილო კავკასიაში გატანა.

თუმცა ეს მოსაზრება მართებულია მაშინ, თუ მეზობელთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გაქვს. რუსეთზე, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საერთოდ მიერთებას აპირებს, ამის თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

6 წლის წინ პუტინის გამოთქმული სურვილი დღესაც აქტუალურია, რადგან ავარეთ-კახეთის გზის აღდგენა კრემლს საშუალებას მისცემს, განახორციელოს მეფის რუსეთის თითქმის ორი საუკუნის წინანდელი ჩანაფიქრი - აღმოსავლეთ საქართველოში ოპერატიულად გადმოისროლოს რუსული სამხედრო შენაერთები, მათ შორის - მძიმე საბრძოლო ტექნიკაც.

შეიძლება ვინმე შეგვეკამათოს - რაში სჭირდება პუტინს დაღესტნიდან კახეთში ტანკების ჩაყვანა, როდესაც ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან შეუძლია შემოუტიოს თბილისსო.

რა თქმა უნდა, ოკუპირებული ცხინვალი და ახალგორი საფრთხეს უქმნიან თბილისს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში რუსული საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების გამოჩენა უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს არა მარტო დედაქალაქის დამცველებს, არამედ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 1998 წლის მაისიდან მოყოლებული (როდესაც შევარდნაძემ თელავში დისლოცირებული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი ფოთში გადაისროლა), კახეთში აღარ არის დისლოცირებული არც ერთი საბრძოლო დანაყოფი, რომ აღარაფერი ვთქვათ შენაერთზე (თელავის გვარდიის რეზერვისტთა კადრირებული ბატალიონის საბრძოლო შესაძლებლობებზე საუბარი, ალბათ, არც ღირს). ვაზიანში დისლოცირებული მე-4 მექანიზებული და 1-ლი საარტილერიო ბრიგადების მთავარი საბრძოლო ამოცანა დედაქალაქის დაცვაა და არა - ყვარელსა თუ გურჯაანთან თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ავარეთ-კახეთის გზის გახსნას ეწინააღმდეგება. "ისლამისტური ხალიფატის" რიგებში პანკისელთა მონაწილეობაზე ბოლო დროს ასე გავრცელებული ინფორმაცია ზრდის საშიშროებას, რომ კრემლმა ეს ფაქტი პანკისის ხეობაში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბად გამოიყენოს, ანუ გააკეთოს ის, რასაც 2001-2002 წლებში ძლივს გადავურჩით, რადგან დროზე მოვახერხეთ პანკისის ხეობიდან გელაევის რაზმის გაყვანა. მართალია, ავარეთ-კახეთის გზა დაღესტნის ბეჟთის რაიონიდან ყვარელთან გადმოდის და არა პანკისის ხეობაში, მაგრამ ყვარლიდან ახმეტამდე მოასფალტებული სამანქანო გზა მიდის...

საქართველოში გზის გადმოყვანა კადიროვმაც მოინდომა

დაღესტნელების გარდა, ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში საავტომობილო გზის გაყვანის მომხრეა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. იგი აცხადებს, რომ 1990-იან წლებში ჩეჩნეთის ითუმ-ყალის რაიონიდან ახმეტისკენ გაიყვანეს გრუნტის გზა, რომლის ამოქმედება ქართულმა მხარემ 1998 წელს შეაჩერა. 2014 წლის 15 თებერვალს რამზან კადიროვმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემდეგ აღარაფერი უშლის ხელს, რომ ითუმ-ყალის გზა მოასფალტდეს და ჩეჩნებს საქართველოსა და შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდეთ.