უკრაინაში ომის განახლებას ელოდებიან
27-10-2014
უკრაინაში ომის განახლებას ელოდებიან
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას ელოდებიან. სიმართლე რომ ითქვას, 5 სექტემბრის შემდეგ, რაც მინსკში ხელი მოეწერა შეთანხმებას დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ზავი არც ყოფილა. ოფიციალური კიევის მონაცემებით, 5 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პრორუსულმა ძალებმა დონბასში 2 ათასჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების პოზიციებს, რის შედეგადაც დაიღუპა 89 უკრაინელი მებრძოლი და 54 სამოქალაქო პირი, 500 სამხედრო კი დაიჭრა. ბუნებრივია, საპასუხო ცეცხლს ხსნიდა უკრაინული მხარეც. დონეცკის აეროპორტის პერმანენტული იერიშების
დროს მათ "გივისა" და "მოტოროლას" პრორუსული შეიარაღებული ჯგუფების ათობით მებრძოლი გაანადგურეს.

ილოვაისკთან ალყაში მოქცევისა და ლუგანსკის მისადგომებიდან უკან დახევის შემდეგ უკრაინის არმიას ყველაზე მეტად გაუჭირდა სექტემბრის დასაწყისში. უკრაინული საბრძოლო დანაყოფების გადარჩენილი პირადი შემადგენლობა, ისევე, როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის სარდლობა, დემორალიზებული იყო და მინსკის ხელშეკრულებამ ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას სულზე მოუსწრო.

ილოვაისკის "ტომარაში" განადგურების შემდეგ, რაშიც ლომის წილი როსტოვის ოლქიდან დონბასის სამხრეთში შეჭრილმა რუსულმა საბატალიონე ტაქტიკურმა ჯგუფებმა შეიტანეს, უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობა დაეცა და პრორუს სეპარატისტებს რუს სამხედროებთან ერთად შეტევა რომ გაეგრძელებინათ, უკრაინა მარიუპოლსაც დაკარგავდა და საფრთხე ოდესასაც დაემუქრებოდა.
ასეა თუ ისე, მინსკის ხელშეკრულებამ უკრაინის არმიასაც და პრორუს სეპარატისტებსაც ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მათ შეძლეს დანაყოფების გადაჯგუფება, საბრძოლო ტექნიკის გარემონტება და ახალწვეულების გაწვრთნა.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიევში იმედი აქვთ, რომ უკრაინული პარლამენტი პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ პროუკრაინული პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდება და იქ ვერ გაიჭაჭანებენ კომუნისტები თუ მოსკოვისგან მართული პოლიტიკოსები.
ასეთ შემთხვევაში უკრაინულ არმიას ეროვნული რადას სახით კიდევ ერთი დიდი მხარდამჭერი ეყოლება (ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში ოფიციალურად ამოქმედდა ლუსტრაციის კანონი და ბევრ არასაიმედო ჩინოვნიკს თანამდებობებს ატოვებინებენ) პრეზიდენტისა და მთავრობის შემდეგ, ეს კი უკრაინას საშუალებას მისცემს, წამოიწყოს ფართომასშტაბიანი კონტრიერიშები დონბასის გასათავისუფლებლად. დღემდე უკრაინელთა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ კიევი ვერ აკონტროლებდა რუსეთთან საზღვრის დიდ მონაკვეთს და პრორუსი სეპარატისტები იარაღსა და ტყვია-წამალს რუსეთიდან დაუბრკოლებლად იღებდნენ.

დღეს უკრაინა-რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთების საერთო სიგრძე თითქმის 300 კმ-ია და ამ ეტაპზე უკრაინელი მესაზღვრეები მათ გაკონტროლებას ვერ ახერხებენ. ეუთოს დამკვირვებლები მხოლოდ ერთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დგანან და მხოლოდ 1(!) კმ-ს თუ აკონტროლებენ.
საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში უკრაინულ არმიას მოუწევს ტაქტიკის შეცვლა და გენერალური შეტევის წამოწყება ერთი კონკრეტული მიმართულებით და არა - ძალების გაბნევა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც აქამდე ხდებოდა.
კიევისთვის უდიდესი მიღწევა იქნება, თუკი ის ახალ წლამდე შეძლებს დონბასის უმთავრესი სტრატეგიული ობიექტის - ქალაქ დონეცკის გათავისუფლებას, რადგან ამის გარეშე ნებისმიერი დაბისა თუ სოფლის აღებას აზრი არ აქვს.

დონეცკის გათავისუფლება უკრაინელებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური გამარჯვებაც იქნება და ეს ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვით გამოწვეულ წუხილს.
ბუნებრივია, შეტევის წამოწყებას უკრაინული არმიის გარდა პრორუსი სეპარატისტებიც ცდილობენ. მათ სურთ, სულ მცირე, კრამატორსკისა და სლავიანსკის ხელახლა დაპყრობა, საბოლოოდ კი ხარკოვში, მარიუპოლსა და დნეპროპეტროვსკში შეჭრა, საიდანაც გზა გაეხსნებათ ოდესისა და კიევისკენაც კი.
უკრაინაში გამალებით ხსნიან კონსერვაციიდან იმ ტანკებს, ჯავშანმანქანებსა და საარტილერიო დანადგარებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლიდან, ღია ცის ქვეშ ინახებოდა. ბევრი მათგანი უკვე აღარ ექვემდებარება რემონტს, თუმცა ორი-სამი ტანკის ნაწილებით ერთის აწყობა მაინც შეიძლება. ამასთან, უკრაინას სამი ტანკსარემონტო ქარხანა აქვს, სადაც სამ ცვლაში მიმდინარეობს ჯავშანტექნიკის აღდგენა-რემონტი.

ამით იმის თქმა გვსურს, რომ უკრაინას აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი და საბრძოლო ტექნიკა და საჭურველი, რომ მასშტაბური კონტრიერიში წამოიწყოს დონბასში ერთი მიმართულებით - დონეცკის გასათავისუფლებლად, თუმცა, ამ შემთხვევაში დონეცკი დანგრევას, სამწუხაროდ, ალბათ, ვეღარ გადაურჩება.
ანა
01 ნოემბერი 2014 21:31
ეეეჰ, ვინ იფიქრებდა სსრკ-ს დაშლაზე. ან ვინ წარმოიდგენს რა დღეები მოელის რუსეთს. ფასები იზრდება, რუბლი უფასურდება, საწვავის ფასი მსოფლიოში ეცემა, იქ ძვირდება, საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ხარჯები იკვეცება და ა. შ. ეეჰ, ვინ წარმოიდგენს, რომ რუსეთი სულ ასეთი ძლიერი ვერ იქნება. დრო რუსეთზე ნამდვილად არ მუშაობს. უკრაინა საკმაოდ დიდი რესურსების ქვეყანაა, ის აუცილებლად გაერთიანდება. მმართველებიც კარგი აირჩიეს. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო.
tedore
31 ოქტომბერი 2014 15:12
სამწუხაროდ დონეცკი მართლაც დაინგრევა, ეს ქალაქი თბილისზე ცოტათი დიდია და ბევრად განვითარებული, ბევრი თანამედროვე და ბევრიც ისტორიული შენობით დახუნძლული, ძალიან ტრაგიკულია, ისეთი ტრაგიკული როგორიც ულამაზესი სოხუმის გადაწვა იყო.
alex
31 ოქტომბერი 2014 09:48
ვაა გამოცდილი კაცი მგონიხართ ბატონო ირაკლი და რას წერთ არ გრცხვენიათ ამინც? :D რა დონეცკის გათავისუფლება რა შეტევა იდევ ბევრ ტერიტორიას დაკარგავენ მერწმუნეთ ნუ იქმნით ილუზიებს დონეცკი არა როსტოვი კიდე

რედაქტორის რჩევით