კაბელი, რომელმაც ქართული არმიის იმიჯი დააზარალა...
03-11-2014
კაბელი,  რომელმაც ქართული არმიის იმიჯი დააზარალა...
საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა ერთადერთი გზაა სიმართლის დასადგენად - მართლაც აპირებდნენ თავდაცვისა და გენშტაბის მაღალჩინოსნები მილიონების მითვისებას, თუ საქმე პოლიტიკურ ორთაბრძოლასთან გვაქვს...

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა, ქართული არმიის იმიჯს ყველაზე დიდი დარტყმა 2014 წლის 28 ოქტომბერს მიადგა, როდესაც მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა.

მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის - საიდუმლო სამხედრო შესყიდვის პირობების დარღვევა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის
გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენაში "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭება; ასევე - "სილქნეტისთვის" წინასწარ 6,48 მლნ ლარის გადახდა (თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტისგან" ქონება და მომსახურება მხოლოდ 2015 წლის დასაწყისში უნდა მიიღოს).

თუმცა, მთავარი ბრალდება ის არის, რომ პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველად ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა გასაყვანი ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალის
მთლიანად შესყიდვაზე, შემდგომ კი "სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება ამ მაგისტრალში არსებული კაბელის მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის (სავარაუდოდ, 2 წყვილი წვერის) წვერების შეძენაზე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, იმ საბოლოო პროდუქტის საბაზრო ღირებულება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უნდა მიეღო, შეადგენდა მხოლოდ 2 618 004,82 ლარს, ხელშეკრულების თანახმად კი თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, "სილქნეტს" გადაუხადოს 6 720 877,42 ლარი (როგორც აღვნიშნეთ, ავანსად უკვე გადარიცხულია 6 480 877,42 ლარი). მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხუთ მაღალჩინოსანს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872,6 ლარის "სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგვაში სდებს ბრალს. გამოძიება გრძელდება ამ საქმეში მონაწილე თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლების გამოსავლენად.
ერთ ტენდერში 4 მლნ ლარის გაფლანგვაში დადანაშაულება მართლაც ძალზე სერიოზული ბრალდებაა და ის უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. საქმე ის გახლავთ, რომ თუკი ბრალდება დამტკიცდება, უდავოდ შეილახება ქართული არმიის იმიჯი, ბრალდების გაქარწყლების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, დადგება მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი.

გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია, ამ საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას და საზოგადოებას საშუალება მიეცეს, თვალი ადევნოს სიმართლის დადგენის პროცესს.
თუკი გამოძიებამ ბრალდება დაამტკიცა, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას სათანადო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს (შესაძლოა, მათ თანამდებობების დატოვებაც მოუხდეთ), მაგრამ თუკი ბრალდება გაქარწყლდა (ტრაქტორების ყბადაღებული საქმის მსგავსად), ნათელი გახდება, რომ ხელისუფლებაში დაპირისპირებაა, რაც საქართველოს გაძლიერებას ნამდვილად არ უწყობს ხელს...

რა არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და რატომ სჭირდება ის ქართულ არმიას

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გამოიყენება კავშირგაბმულობის თანამედროვე ხაზებში, იგი გამოირჩევა დაცვის მაღალი ხარისხით, რადგან ბოჭკოსებრი შუქგადამცემებით ოპტიკურ სიგნალს უდიდესი სისწრაფით ავრცელებს და ძალზე ძნელია ამ კაბელში ჩუმად მიერთება, რადგან არასანქცირებული ჩართვის შესახებ სპეციალური აპარატურა განგაშს ტეხს.
ამის გათვალისწინებით, მკითხველი იოლად მიხვდება, თუ რატომ სჭირდება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს დაცული კავშირგაბმულობის ხაზი.

თავდაცვის სამინისტროში 2008 წლის ბოლოდან მოქმედებს ასეთი ხაზი, რომელიც ქართული არმიის თითქმის ყველა სამხედრო ნაწილს ერთმანეთთან და თბილისთან აკავშირებს. თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელებს ერთი კომპიუტერის გარდა, რომელიც ჩვეულებრივ ინტერნეტშია ჩართული, აქვთ მეორე კომპიუტერიც, რომელიც მხოლოდ შიდადაცულ, დახურულ ქსელში მუშაობს. ასეთ ქსელს ინტრანეტს უწოდებენ და ის ფართოდ გამოიყენება როგორც პენტაგონში, ისე  NATO-ს წევრი ქვეყნების არმიებში. ინტრანეტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში, როდესაც რუსი და ჩინელი ჰაკერები, რომლებსაც სახელმწიფოები მხარს უჭერენ, დღე და ღამე ცდილობენ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების თავდაცვის უწყებების ელექტრონული ქსელების გატეხას.
შიდადაცული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენების აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ომმაც ცხადყო, როდესაც გრაკალთან თბილისი-გორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აფეთქების შემდეგ გაწყდა საკაბელო კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებთან.

დღეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით ფუნქციონირებს დაცული კავშირი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება უწყების შიდასატელეფონო საუბრები, სიმულაციურ რეჟიმში იმართება სწავლებები, ტარდება ვიდეოკონფერენციები, გადაიცემა საიდუმლო დოკუმენტაციის ფაილები.
თავდაცვის სამინისტროსგან გამოცხადებული საიდუმლო სამხედრო შესყიდვის მიზანი გახლდათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იმ სამხედრო ობიექტებთან კავშირის დამყარება, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს (მაგალითად, ორფოლოს პოლიგონი და ახალქალაქი, სადაც ახალი ქართული სამხედრო ბაზა შენდება). "სილქნეტს" დაგეგმილი ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანა სამცხე-ჯავახეთის გავლით ბათუმამდე. "სილქნეტი", სავარაუდოდ, მრავალწვერიანი (შეიძლება 96-წვერიანისაც კი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადებას აპირებდა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი წვერი დაახლოებით 10 გეგაბიტი მოცულობის ინფორმაციას გადასცემს ერთ წამში 1კმ მანძილზე და სპეციალისტების აზრით, თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მხოლოდ ორი წყვილი წვერიც ეყოფოდა.

ჩვენი აზრით, მთავარი კითხვა სწორედ აქ იბადება: თუკი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ორი წყვილი წვერი სრულიად საკმარისია (როგორც დღეს, ისე შორეულ მომავალში) დაცული ინფორმაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადასაცემად, რატომ გამოაცხადა თავდაცვის უწყებამ ტენდერი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანაზე, რაც ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ტენდერში "სილქნეტის" გამარჯვების შემდეგ კი მასთან ახალი ხელშეკრულება მხოლოდ განსაზღვრული (სავარაუდოდ, სწორედ ორი) რაოდენობის წვერების შეძენაზე გააფორმა?
თემო
10 ნოემბერი 2014 11:24
პროკურატურას ნუთუ არ შეეძლო, რომ ეს საქმე გამოეძიებინა უხმაუროდ, საქმე როცა მივიდოდა სასამრთლომდე და სასამართლო გამოიტანდა განაჩენს მაშინ დაეკავებინათ და ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, განსაკუთრებით რუსეთი, ვითუმეტეს როგორც იძახიან საიდუმლო იყო ეს გაფორმებული ხელშეკრულება და აღარც ყოფილ მინისტრს ექნებოდა პრეტეზიები. რა აუცილებელი იყო მათვის წინასწარი პატიმრობა, ვინმეზე ზეწოლას მოახდენდნენ თუ გაიქცეოდნენ. პს: ისმის კითხვა განზრახ გააკეთეს და რუსეთს განზრახ მიწოდეს ეს ინფორმაცია ნუთუ მთავრობაში არავის ებადება კითხვა ან ებადებათ და არ იღებენ ხმას, ამ შემთხვევაში მაშინ მარტო პროკურორი კიარა დამნაშავე არამედ ყველა ვინც ჩუმადაააააააა
Gim
07 ნოემბერი 2014 21:12
არის კონკრეტული ბრალდება, რომ კაბელის საბაზრო ღირებულება იყო 2 618 004 ლარი, გადაიხადეს 6 720 877 ლარი, სხვაობა არის 4 102 872 ლარით მეტი. ბრალდებული მხარესთვის პასუხი მარტივია, თუ პროკურატურა ტყუის და კაბელის საბაზრო ფასის შესახებ ცრუ ინფორმაციას აავრცელებს თქვან ამის შესახებ. ყველა მივხვდებით, რომ საქმე კრიმინალთან კი არა პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე. თუ მართალი თქვა პროკურეტურამ, მაშინ ერთი ადგილი ვერ ქონიათ მშრალი და რა ახტუნავებთ.
საქართველოსთვის!!!
03 ნოემბერი 2014 19:44
ალასაინია ამბობს ჩემი ბიჭები სუფთები არიანო და ეს სავარაუდოდ ეგრეც იქნება. ალასანია დიდი ხანია არ ევასებათ მთავრობაში... ასევე დიდი ხანია ერთმანეთს ჭამენ კოალიციაში... ბიძინა არ პატიობს ალასიანიას იმ ფარულ ჩანაწერში ბიძინას სულ ... რომ ეძახა და... ;)

რედაქტორის რჩევით