ავღანეთში 750 ქართველ სამხედროს ვტოვებთ - კვირის პალიტრა

ავღანეთში 750 ქართველ სამხედროს ვტოვებთ

ISAF-ის შემდგომ ოპერაციაში - "გადამწყვეტი მხარდაჭერა" - ავღანეთში ქართველები ამერიკელი და გერმანელი სამხედროების გვერდით დადგებიან

ISAF-ის ოპერაცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ავღანეთში უცხო ქვეყნების სამხედროები აღარ იქნებიან.

ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი როგორც NATO-ს წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს შორის ისევ საქართველოს ეყოლება - ჩვენი ქვეყანა ავღანეთში 750 სამხედროს ტოვებს.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს NAთO-ს წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური პარტნიორობის გაუმჯობესების პოლიტიკას, რის შედეგად იქნებ ამ ქვეყნების (იგულისხმება გერმანია და საფრანგეთი) ლიდერებმა ბოლოს და ბოლოს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ჯერ  MAP-ის მონიჭებას, შემდეგ კი NATO-ს სრულუფლებიან წევრად მიღებას.

ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ავღანეთში მომავალ წელს გასაგზავნი 750 სამხედროდან ერთი ასეული ქ. მაზარი-შარიფში სწორედ გერმანულ კონტინგენტთან ერთად განთავსდება.

რაც შეეხება საფრანგეთს, მისი სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ნახევარი წლის წინ უკვე გავგზავნეთ ერთი ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მართალია, მას როტაციის ვადა გასდის, მაგრამ ფრანგული მხარე თბილისს სთავაზობს, გააგრძელოს თავისი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

თუკი მაზარი-შარიფში გერმანელებთან ერთად ქართული არმიის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ასეული (რომელიც ამჟამად სწორედ გერმანიაში გადის ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების კურსს) იმოქმედებს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონმა 512 კაცის შემადგენლობით უკვე გადაიბარა ოპერაციის რაიონი და მის ფუნქციებში შევა როგორც ბაზის დაცვა, ასევე მიმდებარე რაიონებში ამერიკელებთან ერთად პატრულირება.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან ავღანეთში ერთი ქართული ოცეული ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმოქმედებს, ხოლო გვარდიის ერთ ოცეულს ბაზის შიდა უსაფრთხოების დაცვა დაევალება.