თავდაცვის მინისტრების "დათარსული" სავარძელი... - კვირის პალიტრა

თავდაცვის მინისტრების "დათარსული" სავარძელი...

ვერსია X: ვრცელდება ხმა, რომ ალასანიას მოხსნას სხვა მიზეზი ჰქონდა: თავდაცვის მინისტრმა პარიზში სტუმრობისას ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას საქართველო-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, რაც ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას გულისხმობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრებში არ უმართლებს, უფრო სწორად, თავდაცვის მინისტრებს არ უმართლებთ, რადგან ისინი "დათარსულ" სავარძელს დიდი სკანდალების შემდეგ ტოვებენ.

ირაკლი ალასანია პირველი თავდაცვის მინისტრი როდია, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოსტი სერიოზული პოლიტიკური სკანდალის შედეგად დატოვა, მისი წინამორბედები - ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი თუ ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრობის შემდეგ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, თავდაცვის მინისტრის მოხსნა-დანიშვნა ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მეზობელი ქვეყნების სახელისუფლებო წრეებშიც.

ერთი რამ უდავოა - ირაკლი ალასანიას გადაყენება მოსკოვს მაინცდამაინც არ დაამწუხრებდა, რადგან იგი თავისი არაერთი პროდასავლური ინიციატივით (განსაკუთრებით - ბოლო დროს) კრემლის მესვეურთა აღფრთოვანებას არ იწვევდა.

კრემლის ყველაზე დიდი გამოხმაურება ალასანიას პროდასავლურ აქტიურობას მაშინ მოჰყვა, როდესაც ვაშინგტონში სტუმრობისას ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოში საჰაერო თავდაცვის საშუალებების განთავსებაში დახმარება სთხოვა. ალასანიას ეს ინიციატივა მოსკოვმა (და რატომღაც, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმაც) ისე გაიგო, თითქოს თავდაცვის მინისტრი თეთრ სახლს საქართველოში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ასამუშავებლად ეპატიჟებოდა, თუმცა საჰაერო თავდაცვასა და ანტისარაკეტო თავდაცვის (რომელიც ძირითადად ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი) სისტემებს შორის უდიდესი განსხვავებაა.

თავდაცვის მინისტრის "დათარსული" სავარძლიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების ოფიციალურ მიზეზად სახელდება მისი ბრალდება, რომ ქვეყანა პროდასავლურ კურსს იცვლის. ალასანიას ბრალდების საფუძველი კი გახდა ე.წ. კაბელების და ჯარისკაცების მოწამვლის საქმეები. სანამ არ ჩატარდება ობიექტური გამოძიება, არ მოეხსნება გრიფი "საიდუმლო" კაბელების საქმეს და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, რამის მტკიცება ან უარყოფა წყლის ნაყვაა. მანამდე  საზოგადოებაში ვრცელდება ხმა (რასაც გარკვეულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი), თითქოს ირაკლი ალასანიას მოხსნას სხვა მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა პარიზში სტუმრობისას თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას საქართველო-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, რაც თურმე ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას გულისხმობს. ზოგიერთი პოლიტიკოსის მტკიცებით, ხელშეკრულების დადება არ მოეწონა საქართველოს პრემიერს და ალასანიას მოსთხოვა, ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა, მაგრამ ალასანია ღარიბაშვილს არ დაემორჩილა, რასაც "დათარსული" სავარძლის გათავისუფლება მოჰყვა.

ძნელია, ამტკიცო, რა ხდება ხელისუფლების კულუარებში და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბოლო დღეებში "ფრანგულ" კვალზე გავრცელებული ხმა,  თუმცა ამის გარეშეც ნათელი იყო, რომ პრემიერი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ალასანია ერთად დიდხანს ვეღარ იმუშავებდნენ. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა ერთი გუნდის წევრების თანამშრომლობას აღარ ჰგავდა და ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა.

შეიძლება ასე ჯობდა, რადგან პრემიერ-მინისტრმა ერთიან გუნდს უნდა უხელმძღვანელოს და მასთან ერთად გაიზიაროს წარმატების სიხარული და პასუხი აგოს შეცდომებზე.

P.S. ირაკლი ალასანიას მოხსნის შემდეგ არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ იგი ყველაზე სუსტი თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს - საქართველოს თავდაცვის უწყებას, საუბედუროდ, მასზე არათუ სუსტი, არამედ დამნაშავე მინისტრებიც ახსოვს. ირაკლი ალასანიას მთავარი დამსახურება ის არის, რომ მან არმიასა და მის პირად შემადგენლობას დაუბრუნა ღირსების გრძნობა (რის ჩაკვლასაც ცხრა წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის მინისტრები ცდილობდნენ), შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზებული გახდა (რაც კარგად გამოჩნდა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც აღარავინ აძალებდა ჯარისკაცს, ხმა მაინცდამაინც მმართველი პარტიის კანდიდატებისთვის მიეცა), ამასთან, თავდაცვის მინისტრი ალასანია თითქმის არ ერეოდა გენერალური შტაბის მუშაობაში, რასაც კონსტიტუციაც მოითხოვს, თუმცა ეს ყოველდღე ხდებოდა ოქრუაშვილისა თუ ახალაიას მინისტრობისას.

მეორე მხრივ, ალასანიას მინისტრობის პერიოდში, სამწუხაროდ, არ ამაღლებულა ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობების დონე, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა და რაზეც პასუხი უფრო გენშტაბს მოეთხოვება.

ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ირაკლი ალასანიამ თავისი პრესკონფერენციით (როცა მან ხელისუფლება პროდასავლური კურსის შეცვლაში დაადანაშაულა და რამაც ელვის უსწრაფესად დააჩქარა "დათარსული" სავარძლიდან მისი გადაყენება) გაზარდა ჯარში ბუნტის საფრთხე და შესაძლო იყო, თავდაცვის მინისტრის გვერდით შეიარაღებული სამხედროები დამდგარიყვნენ. თუმცა, ამ მოსაზრების გაზიარება ძნელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პატივს სცემდნენ როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე შეიარაღებულ ძალებში, წარმოუდგენელია, ვინმეს მისი გათავისუფლება იარაღით ხელში გაეპროტესტებინა.

ქართული მხარე ფრანგული რაკეტებით იყო დაინტერესებული?

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე პარიზში ხელი მოაწერა ქართული არმიისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვას. ყოფილი მინისტრი არ უარყოფს, რომ საფრანგეთში მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არ ამბობს, ვიზიტისას რას მოაწერა ხელი.

თუკი ამ ინფორმაციას სიმართლესთან რამე საერთო აქვს, შეიძლება ვივარაუდოთ (და არ ვამტკიცოთ), რომ ქართული მხარე უნდა დაინტერესებულიყო ფრანგული თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების  SAMP-T-ს შეძენით. თითოეული ეს კომპლექსი აერთიანებს მობილურ მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს, საბრძოლო მართვის პუნქტს და  Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტების 8-გასაშვებიან მობილურ დანადგარს.  Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტის სიგრძე 4,8 მ-ია და იგი 445 კგ-ს იწონის. მას მაქსიმალურ 25 კმ-მდე სიმაღლესა და 100 კმ-სიშორეზე თითქმის ყველა თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება შეუძლია, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტებისა კი (მაგალითად, რუსული Точка-У-ს) - 35 კმ-იან რადიუსში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ფრანგულ საზენიტო კომპლექსს საზენიტო რაკეტების გაშვება ერთდროულად 10 საჰაერო სამიზნისკენ შეუძლია. ფრანგული SAMP-T-ე ამერიკული Patriot-ისა და რუსული С-300ПМУ-ის კლასის ანალოგი გახლავთ და რამდენიმე ასეთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს (რომლებიც გაერთიანებული იქნებიან საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში) საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე საქართველოს საჰაერო სივრცის საიმედოდ ჩაკეტვა შეუძლია.