დაძაბულობამ დონბასში პიკს მიაღწია - კვირის პალიტრა

დაძაბულობამ დონბასში პიკს მიაღწია

როგორც ჩანს, აღმოსავლეთ უკრაინაში დროებითი ზავი მთავრდება და ფართომასშტაბიანი ომის ახალი ძალით განახლებაა მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ მინსკის ხელშეკრულებას სრულფასოვნად ერთი დღეც არ უმუშავია და სროლა სრულად არ შემწყდარა, დონბასში დიდი ბრძოლები ერთ თვეზე მეტია, აღარ მიმდინარეობს.

ამ დროებითი ზავით ორივე მხარემ სცადა დროის მოგება და გადაიარაღება. უკრაინელმა სამხედროებმა სასწრაფოდ დაიწყეს ჯავშანტექნიკისა და არტილერიის კონსერვაციიდან მოხსნა, ხოლო პრორუსმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რუსულმა რეგულარულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ლუგანსკსა და დონეცკში რუსეთიდან ათობით ტანკი, "გრადი" თუ ჰაუბიცა მიიღეს.

NATO აცხადებს, რომ ხედავს რუსეთიდან დონბასში საბრძოლო ტექნიკის შესვლას, თუმცა, რატომღაც არ აქვეყნებს ამის დამადასტურებელ უეჭველ ფოტო და ვიდეოკადრებს, რის გარეშეც კრემლს სასაცილოდაც არ ჰყოფნის დასავლეთის ბრალდებები და შეუჩერებლივ აგრძელებს დონბასში პრორუსული ძალების გადაიარაღებას, მათ შორის - საარტილერიო ცეცხლის აღმოჩენისა და კოორდინატების დამდგენი მობილური რადიოლოკაციური სადგურების მიწოდებას. მათი ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში უკრაინის არტილერიის პოზიციების აღმოჩენა გაადვილდება, რაც რუსებს კონტრბატარეულ ბრძოლას გაუადვილებს.

ბოლო ორმა საერთაშორისო ფორუმმა ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი ავსტრალიაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს და რუსეთის პრეზიდენტიც გახლდათ, ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მიუხედავად რუსეთში დაწყებული ეკონომიკური პრობლემებისა, პუტინი უკან დახევას არ აპირებს და შეეცდება, დასავლეთთან პოლიტიკური ბრძოლისას უკრაინა საჯიჯგნად გამოიყენოს...