სომხური "ნიანგი" რუსული "იგლათი" ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

სომხური "ნიანგი" რუსული "იგლათი" ჩამოაგდეს

კრემლის ორმაგი თამაში - სომხეთის მთავარი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანი სწორედ რუსეთისგან ყიდულობს დიდი რაოდენობით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას, რომელსაც ადრე თუ გვიან ერევნის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ოფიციალური ერევანი ყველგან აცხადებს, რომ მისი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა, რომელიც სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არც სამხედრო ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს.

ამაზე მეტყველებს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი ხელშეკრულება და გიუმრისა და ერევანში რუსული სამხედრო ბაზების არსებობაც, თუმცა გაკვირვებას იწვევს კრემლის ორმაგი თამაში - სომხეთის მთავარი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანი სწორედ რუსეთისგან ყიდულობს დიდი რაოდენობით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას, რომელსაც ადრე თუ გვიან ერევნის წინააღმდეგ გამოიყენებს.

სწორედ ასე მოხდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 12 ნოემბერს, როდესაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით სომხური საბრძოლო შვეულმფრენი Ми-24 (რომელსაც მფრინავ "ნიანგსაც" ეძახიან) ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც სომხური Ми-24-ის ჩამოგდებაა აღბეჭდილი. მიუხედავად ვიდეოფირის დაბალი ხარისხისა, მაინც ჩანს, თუ როგორ უშვებს აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე საზენიტო რაკეტას და როგორ აგდებს დაბალ სიმაღლეზე მფრენ სომხურ "ნიანგს".

სომხური შვეულმფრენის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა, ოფიციალურმა ბაქომ კი აზერბაიჯანელი მეზენიტე დააჯილდოვა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, ასეთი ინციდენტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თითქმის ყოველდღე ხდება, თუმცა 12 ნოემბრის ინციდენტი მაინც განსაკუთრებულია, რადგან აზერბაიჯანელმა მეზენიტემ სომხური Ми-24 სავარაუდოდ, იმ უახლესი Игла-C ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდო, რომლის პარტია რუსეთმა აზერბაიჯანს რამდენიმე წლის წინ მიჰყიდა!

უფრო მეტიც - ამ ინციდენტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 13 ოქტომბერს, ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა: "რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად გეგმავს კასპიის ზღვის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა შექმნას".

რა გამოდის? აზერბაიჯანი, რომლის სამხედრო შესყიდვების 80% რუსეთზე მოდის, ნელ-ნელა ხდება მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში, რაც ოფიციალური ერევნისთვის სასიხარულო არ უნდა იყოს.

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებაზე (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ორი ქვეყანა გაბალის რადიოლოკაციური სადგურის ერთობლივ ექსპლუატაციაზე ვერ შეთანხმდა) ისიც მეტყველებს, რომ ბაქოს ყურეს გასულ თვეში მეგობრული ვიზიტით ეწვია რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ორი სამხედრო ხომალდი, 2015 წელს კი ბაქო რუსეთისგან თანამედროვე შეიარაღების ახალი პარტიების ყიდვას აპირებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისა და რუსეთის სამხრეთ კავკასიაში გატარებული ახალი პოლიტიკის რეალიები გვაფიქრებინებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადასვლა უახლოეს ხანს მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ინციდენტები კვლავ გაგრძელდება.