რა იარაღი დავტოვეთ კოდორის ხეობაში? - კვირის პალიტრა

რა იარაღი დავტოვეთ კოდორის ხეობაში?

ბოლო დროს გააქტიურდა მსჯელობა იმაზე, თუ რა სახისა და რაოდენობის შეიარაღება დატოვა ქართულმა მხარემ კოდორის ხეობაში 2008 წლის აგვისტოში. ამ თემის ხელახლა ამოტივტივება გამოიწვია ბატალიონ "ავაზას" მეთაურის - ტრისტან წითელაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულმა ბრალდებამ, რომ კოდორის ხეობაში მისი ბრძანებით დატოვეს 1,5 მლრდ ღირებულების შეიარაღება, მათ შორის - 250 ცალი "იგლა", რომლებიც თურმე სომხეთმა იყიდა (თუმცა წითელაშვილი რატომღაც არ აზუსტებს, ლაპარაკია 1,5 მლრდ ლარზე თუ დოლარზე).

ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვდგებით ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებად (ბევრი მიზეზის გამო), თუმცა, ტრისტან წითელაშვილის ბრალდებამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება, მით უმეტეს, რომ მას ჯერ არ დაუსაბუთებია თავისი წინა ბრალდება - სააკაშვილმა კიევში მაიდანზე სნაიპერები გაგზავნაო (ამ დაუსაბუთებელი ბრალდებით კარგად ისარგებლა რუსეთის მასმედიამ და ზიანი მიადგა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს).

2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობაში მართლაც დარჩა დიდძალი იარაღი, რის გამოც პასუხი დღემდე არავის უგია, გენერალური შტაბის მოკვლევა კი დღემდე გასაიდუმლოებულია, რაც საზოგადოების ეჭვს იწვევს.

აგვისტოს ომის შემდგომ სეპარატისტული სოხუმის გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მათ კოდორის ხეობაში თითქოს ხელში ჩაუვარდათ 2 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, МТЛБ--ს ტიპის მსუბუქად შეჯავშნული ოთხი გამწევი, 122 მმ-იანი 8 ჰაუბიცა  Д-30, ოთხი ავტომატური საზენიტო ქვემეხი 3ე-23-2, ერთი 57 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი С-60, 160 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LAR-160-ის ნახევრად დაცლილი გასაშვები კონტეინერი, РПГ-7-ის ტიპის ხელის ყუმბარსატყორცნის 10 ათასამდე ჭურვი (თუ მართლაც ამდენი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი დავტოვეთ, ცუდად ყოფილა საქმე), ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის 1 500 ყუმბარა, 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის 600 ნაღმი, 350-მდე С-8 ტიპის საავიაციო უმართავი რაკეტა, 5,45 მმ კალიბრის 167 ათასამდე ვაზნა, 60 მმ-იანი ნაღმსატყორცნის 804 ნაღმი, დიდი რაოდენობით კარვები, სათადარიგო ნაწილები და სხვა. ნაალაფარის სია, ჩვენდა სამწუხაროდ, მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა, ჩამოთვლილი იარაღის საერთო ღირებულება ახლოსაც კი ვერ მივა ვერც 1,5 მლრდ ლართან და მით უმეტეს ვერც 1,5 მლრდ დოლართან.

რაც შეეხება წითელაშვილის მტკიცებას კოდორის ხეობაში 250 "იგლას" დატოვების შესახებ, სამწუხაროდ, ხეობიდან გამოსვლისას იქ მართლა დარჩა თუ დატოვეს, სავარაუდოდ, 23 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ანუ ათჯერ ნაკლები, ვიდრე წითელაშვილი ამტკიცებს (ზოგიერთი მონაცემით, ისინი მდინარეში ჩაყარეს, რომ მოწინააღმდეგეს არ გამოეყენებინა, თუმცა, ამ ტიპის იარაღს გადასატანი იმიტომ ჰქვია, რომ ერთ მებრძოლსაც შეუძლია მისი ტარება, და მათი იქ დატოვება დიდი დანაშაულია).

ზემოთ ჩამოთვლილ შეიარაღებას, რომელიც, სავარაუდოდ, დავუტოვეთ მოწინააღმდეგეს, და დავუმატოთ ის შეიარაღება, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა (მაგალითად, ასაფეთქებელი პლასტიდის მთელი კონტეინერი და დიდი რაოდენობით ნაღმები), რომლის შესახებ არაფერი ვიცით, ამხელა ღირებულების მაინც არ იქნება. მომავალში კიდევ რომ არ გაგრძელდეს მარჩიელობა, თუ რა მოგვივიდა 2008 წლის აგვისტოს ომში, რა შეცდომები დავუშვით და რა დანაკარგი მივიღეთ, საჭიროა ობიექტური გამოძიება და მისი შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის, რომელთა გადასახადებითაც იყო ნაყიდი ეს შეიარაღება, მით უმეტეს, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ, დიდი ხანია, ყველაფერი ზუსტად იცის.