უკრაინელებმა 7 634 ქართველი გადაარჩინეს... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა 7 634 ქართველი გადაარჩინეს...

დღეს უკრაინა ისევეა რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი, როგორც საქართველო იყო 1992-93 და 2008 წლებში, თუმცა საზოგადოების ნაწილი რატომღაც მაინც ფიქრობს, რომ არ არის საჭირო, ქართველებმა მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს და მოსკოვი-კიევის დაპირისპირება თურმე ჩვენ არ გვეხება.

სადავო არ არის, რომ რუსეთი დღეს უკრაინას იმავე მეთოდებით ებრძვის, რა მეთოდებითაც საქართველოს ებრძოდა და თუკი კრემლი ფეხს წაიტეხს უკრაინასა და გვიან, მაგრამ მაინც გამოღვიძებულ დასავლეთთან ჭიდილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი გაუჩნდება.

თუმცა, ამ სტატიაში სხვა საკითხზე გვსურს ყურადღების გამახვილება. ბევრს ახსოვს, მაგრამ ბევრმაც (განსაკუთრებით - ახალგაზრდებმა) არ იცის, რა წვლილი მიუძღვით უკრაინელებს ქართველების გადარჩენაში.

სოხუმის დაცემის შემდეგ, როდესაც კოდორის ხეობისკენ დევნილთა უზარმაზარი ნაკადი დაიძრა, 1993 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით უკრაინელმა სამხედრო პილოტებმა 291 გაფრენა განახორციელეს, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე 7 634 დევნილი გადაიყვანეს (ბევრი მათგანი ქუთაისშიც ჩაიყვანეს) და 487 ტ ჰუმანიტარული ტვირთი (კვების პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავ-საპოხი მასალა, თბილი ტანსაცმელი) ჩაიტანეს კოდორის ხეობაში.

ამ სტატიის ავტორმა მაშინ ფეხით გაიარა 42 კმ-იანი უღელტეხილი საკენიდან ჭუბერში და კარგად იცის, რა გოლგოთა იყო ის, განსაკუთრებით ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისთვის, რომლებიც ორი-სამი დღე-ღამე უნდებოდნენ დათოვლილი უღელტეხილის გადავლას. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ამ უღელტეხილზე დაიღუპა.

უკრაინელმა სამხედრო პილოტებმა დევნილები 15 ერთეული Ми-8МТ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო (რომლებიც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ვაპნიარკის 488-ე და ხერსონის 320-ე ცალკეულ შვეულმფრენთა პოლკებს ეკუთვნოდა) და თითო-თითო Ка-27 და Ка-27ПС ტიპის შვეულმფრენებით (ისინი ოჩაკოვოში დისლოცირებული 555-ე ცალკეული ნავსაწინააღმდეგო შვეულმფრენების პოლკიდან იყვნენ) გადაიყვანეს და ვინ იცის, რამდენი ჩვენი თანამემამულე გადაარჩინეს...