ყინული დაიძრა?! - რა იარაღს გადასცემს აშშ უკრაინას - კვირის პალიტრა

ყინული დაიძრა?! - რა იარაღს გადასცემს აშშ უკრაინას

ყინული დაიძრა! აშშ-მა უკრაინას სამი მცირე ზომის რადიოლოკატორი გადასცა, რომლებიც მოწინააღმდეგის ნაღმსატყორცნების ცეცხლის დასაფიქსირებლად და მათი კოორდინატების დასადგენად შეიძლება გამოიყენონ. უახლოეს კვირებში უკრაინაში ამერიკელები კიდევ 17 ასეთ რადიოლოკატორს ჩაიტანენ. პენტაგონმა 118 მლნ დოლარი გამოყო უკრაინელების დასახმარებლად, თუმცა, სავარაუდოდ, ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის ისეთი შეტევითი დანიშნულების შეიარაღება, რომლითაც შეიძლება მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა და საფრენი აპარატების დაზიანება.

როგორც ჩანს, ძალზე ფრთხილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც მოჰბეზრდა რუსი კოლეგის თავგასულობა და შეიძლება მალე პენტაგონმა უკრაინას ლეტალური სახის  შეიარაღება, მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო `ჯაველინები~ და საზენიტო `სტინგერებიც~ მიაწოდოს. ეს მით უფრო მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან აშშ-ის სენატის იმ კომიტეტს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს, სავარაუდოდ, სენატორი ჯონ მაკკეინი უხელმძღვანელებს. სწორედ მაკკეინი მოითხოვს დაჟინებით საქართველოსა და უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას.

უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხის განხილვის მომხრეა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ენტონი ბლინკენიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრ სახლში (რომელიც დღემდე წინააღმდეგი იყო საქართველოსა და უკრაინისათვის ლეტალური შეიარაღების გადაცემისა იმ მოტივით, რომ ეს კრემლს გააღიზიანებდა) ნელ-ნელა ცვლიან აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები შეიარაღებისადმი დამოკიდებულებას.

პირველ ეტაპზე უკრაინელი სამხედროებისთვის მცირე ზომის რადიოლოკატორების გადაცემაც, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ რადიოლოკატორებით მოწინააღმდეგის 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის (მაქსიმალური 7კმ სიშორიდან) აღმოჩენა და ამ ნაღმსატყორცნების პოზიციის ზუსტი კოორდინატების რამდენიმე წამში დადგენა შეიძლება, უკრაინულ ბლოკ-პოსტებს კი პრორუსი სეპარატისტები ძირითადად სწორედ ნაღმსატყორცნებიდან უხსნიან ცეცხლს. თუკი უკრაინელი არტილერისტები კარგად აითვისებენ ამერიკულ რადიოლოკატორებს, მათი დახმარებით წარმატებული კონტრსაბატარეო ცეცხლის გახსნას და მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების განადგურებასაც შეძლებენ.