"მისტრალებით" რუსეთი ყველას დაგვემუქრება - კვირის პალიტრა

"მისტრალებით" რუსეთი ყველას დაგვემუქრება

"მისტრალების" თემა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია ევროკავშირისა და  NATO-ს წევრი საფრანგეთის ხელისუფლებისთვის. თუკი ოფიციალური პარიზი "მისტრალს" გადასცემს რუსეთს, იგი ამით წაახალისებს მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკას. მეორე მხრივ კი, თუკი საფრანგეთი რუსეთს არ მისცემს ორ "მისტრალს" (რომელთა შესაძენად კრემლს 1,2 მლრდ ევრო აქვს გადახდილი), მოსკოვი, რა თქმა უნდა, საფრანგეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს და მრავალმილიარდიან კომპენსაციას მოითხოვს.

წესით, პირველი "მისტრალის" ტიპის "ვლადივოსტოკი", რომელმაც უკვე გაიარა საზღვაოსნო გამოცდა, რუს მეზღვაურებს ჯერ კიდევ 14 ნოემბერს  უნდა გადასცემოდათ სენ-ნაზერის პორტში, თუმცა, ეს გაურკვეველი დროით გადაიდო. მანამდე კი ზღვაში მეორე "მისტრალი" - "სევასტოპოლიც" ჩაუშვეს (სხვათა შორის, "სევასტოპოლიდან" უკვე მოიპარეს კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი).

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი "მისტრალის" მოსკოვისთვის გადაცემის შეფერხებას იმით ხსნის, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის ხელშეკრულებას უკრაინის აღმოსავლეთში - დონბასში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და იარაღით კვლავ ეხმარება ადგილობრივ სეპარატისტებს. მოსკოვი აპირებს, საფრანგეთის ხელისუფლებას "მისტრალების" გადაცემის შეჩერების გამო უჩივლოს, თუმცა, პარიზს შეუძლია, პროცესის წაგებაზე ჯერ-ჯერობით არ ინერვიულოს. საქმე ის არის, რომ 2011 წლის ივნისში დადებული კონტრაქტით გათვალისწინებულია ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც კონტრაქტის პირობების შესრულების სამი თვით გადავადებას შესაძლებლად მიიჩნევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურ პარიზს მომავალი წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე აქვს დრო, გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა პირველი "მისტრალი" - "ვლადივოსტოკი" რუსეთს (მეორე "მისტრალის" - "სევასტოპოლის" გადაცემის ოფიციალური თარიღი, კონტრაქტის მიხედვით, 2015 წლის ნოემბერია).

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ კარგი იქნება, NATO-ს წევრმა ქვეყანამ (ან ქვეყნებმა) შეიძინოს რუსეთის შეკვეთილი "მისტრალები", რაც პრობლემას მოაგვარებდა - ვერც რუსეთი მიიღებდა ამ უნივერსალურ საზღვაო ხომალდებს და პარიზსაც გაუჩნდებოდა საშუალება, კონტრაქტის ჩაშლის გამო მოსკოვისთვის საჯარიმო მილიარდები გადაეხადა. თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან მოსკოვის მიერ საფრანგეთისთვის შეკვეთილ "მისტრალებში" უკვე დამონტაჟებულია რუსი სამხედროების შერჩეული სპეციალური საკაბელო სისტემა, რომელიც კავშირგაბმულობისა და ცეცხლის მართვისთვის გამოიყენება. ამასთან, "ვლადივოსტოკისა" და "სევასტოპოლის" კიჩოები სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ გემთმშენებელ ქარხანაშია დამზადებული და კრემლი არაფრის დიდებით არ დასთანხმდება რომელიმე სხვა ქვეყნისთვის მათ მიყიდვას.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებში შემავალი გემთმშენებელი ქარხნების დირექტორები ოცნებობენ, იქნებ ჩაიშალოს "მისტრალების" ყიდვის პროცესი და საფრანგეთიდან მიღებული ჯარიმის თანხა კრემლმა მათ გადაურიცხოს ამავე დანიშნულების ხომალდების ადგილზე ასაგებად.

მიუხედავად ასეთი პერიპეტიებისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში "მისტრალის" ტიპის უნივერსალური შვეულმფრენმზიდი დოკის (მაგალითად, "სევასტოპოლის") გამოჩენა საფრთხეს შეუქმნის შავიზღვისპირა ქვეყნებს, პირველ რიგში კი - უკრაინასა და საქართველოს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთმა რუსმა ადმირალმა განაცხადა - "მისტრალი" რომ გვყოლოდა, საქართველოს სანაპიროზე საზღვაო დესანტს 48 საათის ნაცვლად 40 წთ-ში გადავსხამდითო. "მისტრალი" შეტევითი სახის ოპერაციების (კერძოდ, საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასასხმელად მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე) ჩასატარებლად არის შექმნილი, ამიტომ ის ყოველთვის წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, მით უმეტეს, ისეთი აგრესიული ქვეყნების ხელისუფლების ხელში, როგორიც რუსეთის ფედერაციაა.

ჩვენი დოსიე:

"მისტრალის" ტიპის უნივერსალური შვეულმფრენმზიდი-დოკის მაქსიმალური სიგრძე 199 მ-ია, სიგანე - 32 მ, ხოლო წყალჯდომა - 6,2 მ. ხომალდის სტანდარტული წყალწყვა 16500 ტონას შეადგენს, მაქსიმალური 21300 ტონას აღწევს, ხოლო დოკის წყალში ჩაძირვის შემთხვევაში (სადესანტო კატარღების ზღვაში გაშვების დროს) ეს მაჩვენებელი 32300 ტონამდე იზრდება, ხომალდის მაქსიმალური სიჩქარე 18,8 კვანძს ანუ 34,8 კმ/სთ-ს აღწევს და ამ სიჩქარით მას 10800 კმ-ის დაფარვა შეუძლია, ხოლო უფრო ეკონომიური 15 კვანძით (28 კმ/სთ) ის 19800 კმ-ს გაცურავს. "მისტრალის" ეკიპაჟი 160 კაცისგან შედგება და 150 შტაბის ოფიცრისა და 450 მედესანტის (მცირე მანძილზე გადასვლისას ორჯერ მეტის - 900 მედესანტის) გადაყვანა შეუძლია. ხომალდის ტრიუმებში 1100 ტონა საერთო მასის ტვირთი (მათ შორის - ტანკები, ჯავშანმანქანები, საარტილერიო დანადგარები) თავსდება. მედესანტეების მოწინააღმდეგის სანაპიროზე საჰაერო გზით დესანტირებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს 16 შვეულმფრენი, ხოლო საზღვაო გზით - 4 სადესანტო კატარღა.