უკრაინული იმედი თუ ბრიტანული ჯართი?
08-12-2014
უკრაინული იმედი თუ ბრიტანული ჯართი?
კიევი დონბასში ბრძოლისთვის ბრიტანული არმიის ჩამოწერილ ჯავშანავტომობილებს ყიდულობს

ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინის ხელისუფლება გზებს ეძებს დონბასში მებრძოლი არმიის შეიარაღების გასაძლიერებლად, თუმცა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიზეზების გამო არც აშშ და არც NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები არ ჩქარობენ, მიჰყიდონ კიევს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრილ მტერს.

შეიძლება ამიტომაც, კიევი იძულებულია, იყიდოს ის სამხედრო ტექნიკა, თუნდაც მოძველებული, რომლის გაყიდვასაც დასავლეთი დასთანხმდება. სწორედ ასეთ გადაწყვეტილებად იქცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი,
რომლის თანახმად, უკრაინამ ბრიტანეთის არმიის ჩამოწერილი Saxon At-105 ტიპის ჯავშანავტომობილები უნდა შეიძინოს. წლის ბოლომდე უკრაინაში 20 "საქსონს" ჩაიტანენ, მომავალ წელს - კიდევ 55-ს. ადგილზე მათ საბრძოლო მოდულს დაუყენებენ და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში გაგზავნიან.

ბრიტანეთის არმიის ჩამოწერილი ჯავშანმანქანების შეძენამ უკრაინის საზოგადოების ორგვარი რეაქცია გამოიწვია. ერთნი
აკრიტიკებენ ხელისუფლებას ბრიტანული "ჯართის" შეძენის გამო, მეორენი კი იწონებენ ამ გადაწყვეტილებას.
მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ჯავშანმანქანების შეძენა დანაშაულია და უკეთესი იქნებოდა, ეს თანხა უკრაინულ ქარხნებში საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორების (რომლებიც დიდი რაოდენობითაა დარჩენილი) აღსადგენად გამოეყენებინათ.
მაგრამ არც მომხრეების არგუმენტებია უსაფუძვლო. ერთი "საქსონის" (ოღონდ - შეუიარაღებლის) უკრაინაში ჩაყვანა მხოლოდ 51 ათასი დოლარი, ანუ ერთი კარგი "ჯიპის" ფასი ჯდება, მაშინ, როდესაც თანამედროვე ჯავშანმანქანის შესაძენად 300-400 ათასზე მეტი ევროა საჭირო.

მაგრამ დაიცავს კი ჩამოწერილი ბრიტანული "საქსონები" უკრაინელ სამხედროებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში? "საქსონის" ჯავშანი გათვლილია 7,62 მმ კალიბრის ტყვიის ახლო მანძილიდან მოხვედრისგან დასაცავად და დაცვის ამ ხარისხით გარკვეულწილად შეესაბამება საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორების БТР-60, 70, 80-ის დაცვას, თუმცა, "საქსონს" V-ს მაგვარი ფსკერი აქვს და 9 კგ ტროტილის ბორბლის ქვეშ აფეთქებას უძლებს. ბრტყელძირიანი საბჭოთა БТР-ების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას შიგ მსხდომთ გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდათ, ამიტომაც БТР-ზე მებრძოლები, როგორც წესი, ზემოდან სხდებიან - ურჩევნიათ, მოწინააღმდეგის სნაიპერის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ, ვიდრე ჯავშანტრანსპორტიორის სადესანტო ნაკვეთურში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებას შეეწირონ.

თუმცა, არც "საქსონები" და არც БТР-ები საბრძოლო მანქანები არ არის - მათი ძირითადი დანიშნულება ბრძოლის ველამდე ჯარიკაცების მიყვანაა.

უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსი სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო დანაყოფები ინტენსიურად იყენებენ 12,7-კალიბრიან ტყვიამფრქვევებსა და სნაიპერულ შაშხანებს, ასევე 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტარ ტყვიებს, რაც ბრიტანულ "საქსონში" ჩამსხდარ უკრაინელ სამხედროებს თავს დაცულად ვერ აგრძნობინებს.

დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს "დელტას" დამზადებული ქართული "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები უფრო გამოადგებოდათ, ვიდრე ჩამოწერილი ბრიტანული "საქსონები" თუ აღდგენილი საბჭოთა БТР-ები, მაგრამ გასაგები (შეიძლება - არცთუ გასაგები) პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ჩვენს უკრაინელ ძმებს დავეხმაროთ...
.
01 მარტი 2015 11:16
რა ხდება,ირაკლი,შენც რუსეთუმე გახდი,რა შინაარსით გიწერია ბოლო აბზაცი?
STALINIST
13 დეკემბერი 2014 22:17
მინდია აგერ შენ და აგერ მე ეშველება თუ მუხლებზე დადგება ნახავ მაგასაც :D
koki
13 დეკემბერი 2014 17:07
დიდგორი 300 ათასი დოლარი ღირს

რედაქტორის რჩევით