რუსეთს უახლესი "მიგი" ჩამოუვარდა
08-12-2014
რუსეთს უახლესი "მიგი" ჩამოუვარდა
ერთადერთი რუსული ავიამზიდისთვის განკუთვნილი МиГ-ების ფრენები დროებით შეჩერდა

5 დეკემბერს მოსკოვთან ახლოს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება, თუმცა, მეორე დღეს ერთი პილოტი, რომელიც კატაპულტირებისას დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საბრძოლო თვითმფრინავები არცთუ იშვიათად განიცდიან ავარიებსა და კატასტროფებს და არა მარტო რუსეთში, თუმცა, ამ შემთხვევამ შეიძლება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის იმიჯს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს.

საქმე ის არის, რომ მიწას დაენარცხა და აფეთქდა უახლესი მოდელის МиГ-29 КУБ-ი, რომელიც ავიამზიდების გემბანებზე ბაზირებისთვის არის
განკუთვნილი. ინდოეთმა, რომელმაც რუსეთისგან შარშან ავიამზიდი "ვიკრამადიტია" (ყოფილი კრეისერი "ადმირალი გორშკოვი") იყიდა, მასზე განსათავსებლად საგემბანო МиГ-29 КУБ-ის ტიპის (МиГ-29К ერთადგილიანია, МиГ-29 КУБ-ი კი - ორადგილიანი) სამი ესკადრილია - 46 თვითმფრინავი შეუკვეთა.

თუკი აღმოჩნდება, რომ 5 დეკემბერს მოსკოვის სიახლოვეს უახლესი МиГ-29 КУБ-ის ჩამოვარდნას ტექნიკური მიზეზი ჰქონდა,
რაც თვითმფრინავის კონსტრუქციული ხარვეზებიდან გამომდინარეობდა, ინდური მხარე შეიძლება ამ "მიგების" შეძენაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს.

МиГ-29 КУБ-ის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პრობლემები შეექმნება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და მის ერთადერთ ავიამზიდს - "ადმირალ კუზნეცოვსაც", რადგან მის გემბანზე განთავსებულ ათ ცე-33-ს რესურსი თითქმის ამოეწურა და მათ ჩამოწერასა და МиГ-29К/КУБ-ებით ჩანაცვლებას 2015 წელს გეგმავდნენ.
სხვათა შორის, რუსულ ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვზე", რომელსაც 1990 წლის 4 ოქტომბრამდე "თბილისი" ერქვა, პირველი Су-33 (საზღვაო მფრინავებიდან) 1991 წლის 26 სექტემბერს ჩვენმა თანამემამულემ - თემურ აფაქიძემ დასვა, რომელიც 2001 წლის 17 ივლისს სწორედ ასეთი Су-33-ის კატასტროფას ემსხვერპლა. მაშინ იგი რუსეთის გმირი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციის სარდლის მოადგილე და გენერალ-მაიორი იყო.
ava
26 დეკემბერი 2014 22:38
იესო- იცი რამდენია 700 მილიარდი? მაგდენი რომ დაეხარჯათ ფ 35 კი არა მფრინავი თეფში გამოვიდოდა რაც შეეხება ფ 35-ს მშვენივრად დაფრინავს.
ieso qriste
18 დეკემბერი 2014 15:34
მერე რა მაგით, ამერიკელებმა 700 მილიარდი დახარჯეს F35-ზე და დღემდე ვერ დაფრინავს და ამან აფრენა მაინც მოახერხა...
vaskulat
11 დეკემბერი 2014 23:19
ეგრე გააგრძელეთ

რედაქტორის რჩევით