NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება? - კვირის პალიტრა

NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება?

ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების რეფორმირებას იწყებს

თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა "ალფამ" NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის მზადება დაასრულა. სამხედრო მოსამსახურეების მომზადება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და მიმდინარეობდა როგორც ჩვენთან, ისე გერმანიაში.

ქართული საბრძოლო დანაყოფი 2015 წელს NATO-ს რეაგირების ძალებში - NRF-ში რომ გაწევრდებოდა, ჯერ კიდევ შარშან, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს გადაწყდა, რაც მაშინ საქართველოს ალიანსში გაწევრების გზაზე გადადგმულ დიდ ნაბიჯად შეფასდა.

თუმცა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნატო-ს ხელმძღვანელობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და სწრაფი რეაგირების ძალების სასწრაფო რეფორმირება გადაწყვიტა. თუკი დღემდე ალიანსის რეაგირების ძალები - ნრფ-ი ძირითადად იმით ამაყობდა, რომ "კატრინას" ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, ამიერიდან NATO-ს სწრაფი რეაგირებისთვის ნამდვილად ბრძოლისუნარიანი და ოპერატიულად მოქმედი შენაერთები სჭირდება, რომლებსაც შესაძლო საფრთხეებზე რეაგირება უმოკლეს პერიოდში შეეძლებათ, მაგალითად, ალიანსის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში - ბალტიისპირეთში, თუკი იქ რუსული ტანკები შეიჭრებიან.

2015 წლის ბოლომდე ალიანსის შემადგენლობაში უნდა ჩამოყალიბდეს ძირითადად გერმანელი, ჰოლანდიელი და ნორვეგიელი სამხედროებით დაკომპლექტებული 3-4-ათასიანი სწრაფი რეაგირების შენაერთი (შეიძლება ბრიგადის სახით). რა თქმა უნდა, ერთი ბრიგადისხელა ოპერატიულად მოქმედი შენაერთი ვერ გაუმკლავდება იმ საფრთხეს, რაც რუსეთიდან შეიძლება დაემუქროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს, თუმცა, ეს, ეტყობა, დასაწყისია.

თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ქართული სამხედრო დანაყოფი ალიანსის რეაგირების ძალებში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, თუკი ბრიუსელმა ნრფ-ის რეფორმირება გადაწყვიტა, ქართული სამხედროებიც შეიძლება ნატო-ს ახალი ტიპის სწრაფი რეაგირების იმ ძალებში აღმოჩნდნენ, რომელთაც წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის ნაცვლად საბრძოლო მოქმედებებში მოუწევთ მონაწილეობა.

ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია (თუნდაც იმიტომ, რომ უკვე მომზადებულ ერთ ასეულს სხვა ქართული საბრძოლო დანაყოფებიც შეიძლება დაუდგნენ გვერდით), მაგრამ ჩვენს მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა: კარგი, ბატონო, ვეხმარებოდით ამერიკელებს ერაყში, NATO-ს - კოსოვოსა და ავღანეთში, ფრანგებს - ცენტრალურ აფრიკაში და ახლაც გვერდით დავუდგებით ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს, მაგრამ საქართველოს კიდევ რომ გაუჭირდეს (როგორც 2008 წლის აგვისტოში), NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გამოეშურებიან ჩვენს დასაცავად?!