"შვეულმფრენების სასაფლაო" - რა ხდება ქართულ სამხედრო ავიაციაში - კვირის პალიტრა

"შვეულმფრენების სასაფლაო" - რა ხდება ქართულ სამხედრო ავიაციაში

ქართული არმია თითზე ჩამოსათვლელი "იროკეზების" ტიპის შვეულმფრენების იმედად არის დარჩენილი...

ხშირად გაიგონებთ, რომ ქართულ არმიას სასწრაფოდ სჭირდება საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მოწინააღმდეგის შესაძლო შემოტევების მოსაგერიებლად ჰაერიდან და ხმელეთიდან. ეს მართლაც ასეა, თუმცა, არანაკლებ საჭირბოროტო საკითხია იმ სავალალო მდგომარეობის გამოსწორება, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების შვეულმფრენები აღმოჩნდნენ.

სამწუხაროდ, დღეს ქართული არმია თითზე ჩამოსათვლელი შვეულმფრენების ამარა დარჩა - ეს არ არის სამხედრო საიდუმლოება, ეს მწარე რეალობაა!

შვეულმფრენი მთაგორიანი რელიეფისთვის მისწრებაა, რადგან მთებში თვითმფრინავების დასაჯდომი და ასაფრენი ბილიკების მოწყობა ხშირად შეუძლებელია. ამასთან, სწორედ შვეულმფრენია ოპერაციის რაიონებში (ზოგჯერ - მოწინააღმდეგის ზურგშიც) სწრაფი რეაგირების საბრძოლო ჯგუფების გადასაყვანი ერთადერთი საშუალება.

ამის მიუხედავად, დღეს ქართულ არმიას მხოლოდ რამდენიმე სატრანსპორტო "იროკეზის" გამოყენება შეუძლია, რომლებითაც ერთდროულად ოთხ ათეულ მებრძოლსაც ვერ გადაიყვან ოპერაციის რაიონში. ამიტომ საუბარი ქართული არმიის მაღალ მობილურობასა და "ნებისმიერი საბრძოლო ამოცანის შესრულებაზე" (რისი ტელეკამერების წინ მტკიცებაც ასე უყვართ ქართველ გენერლებს) მხოლოდ ფიქციაა.

ქართული სამხედრო ავიაციის საშვეულმფრენო პარკის შემცირება სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-8 ტიპის შვეულმფრენების ჩამოწერამ გამოიწვია. ბევრს ეხსომება 2007-2008 წლების 26 მაისის აღლუმები, როდესაც თბილისს დაბალ სიმაღლეზე ორმოცამდე საფრენმა აპარატმა გადაუფრინა, რომელთა შორის ორ ათეულამდე  Ми-8 ტიპის შვეულმფრენი იყო. მაშინ ქართულ არმიას თავისი საშვეულმფრენო პარკით მართლაც შეეძლო ერთდროულად თითქმის ერთი ქვეითი ბატალიონის (500 კაცზე მეტი) დესანტირება, დღეს კი ერთი ოცეულის გადაყვანა თუ შეუძლია...

სხვადასხვა მოდიფიკაციის სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8-ების რაოდენობამ მაქსიმუმს 2008 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც შსს-ს შვეულმფრენებიც თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და სამხედრო-საჰაერო ძალებში მათმა საერთო რაოდენობამ 23 ერთეული შეადგინა.

დღეს კი აღარც ერთი Ми-8, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, საფრენად არ გამოდგება. მათ როგორც მოწყობილობების, ისე ძრავებისა და რედუქტორების განახლება და კაპიტალური გარემონტება სჭირდება. სხვა საკითხია, თუ ვინ და რატომ გახარჯა ამ შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსი (ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ შვეულმფრენებს სხვადასხვა, ხშირად პირადი მიზნებისთვისაც იყენებდნენ, რასაც შეიარაღებული ძალების ამოცანების შესრულებასთან საერთო არაფერი ჰქონდა). უკეთეს მდგომარეობაში არც საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენები იმყოფებიან, რომლებსაც ასევე სჭირდებათ სასწრაფო კაპიტალური რემონტი.

Ми-8Т-ს და მით უმეტეს მის მოდერნიზებულ ვარიანტს - Ми-8VТ-ს 24 შეიარაღებული მებრძოლის გადაყვანა შეუძლია, მაშინ როდესაც UH-1H "იროკეზს" მხოლოდ 11 სამხედრო მიჰყავს, ანუ საბჭოთა დროინდელ შვეულმფრენს ამერიკულთან შედარებით ორჯერ მეტი მებრძოლის დესანტირება შეუძლია, თუმცა "იროკეზი" Ми-8-ზე უფრო ეკონომიურია.

ალექსეევკაში (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მარჯვენა ნაწილში), სადაც თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ნაწილია დისლოცირებული, გასარემონტებელი Ми-8 ტიპის შვეულმფრენების "სასაფლაო" მოუწყვიათ და მათი დანახვა გულს გტკენს, რადგან იმის მაგივრად, რომ ცაში იფრინონ, მიწაზე იჟანგებიან.

თავდაცვის სამინისტროს ძველმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საბჭოთა წარმოების Ми-8-ები შეიარაღებიდან მოეხსნა იმ მოტივით, რომ მათ სათადარიგო ნაწილებს რუსეთი არ მოგვაწვდიდა, რის გამოც მათი ექსპლუატაცია ძალიან გართულდებოდა და ძვირიც დაჯდებოდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მოსაზრებაში არის სიმართლის მარცვალი, ამასთან, ძალიან მომხიბვლელი ჩანს ქართულ ცაში ამერიკული UH-60 - "შავი ქორების" გამოჩენა, რომელთა მოყიდვას ბოლოს და ბოლოს დათანხმდა აშშ-ის ხელისუფლება, მაგრამ რა დაგვიჯდება ამერიკული "შავი ქორებით" საბჭოთა "მფრინავი ძროხების" ჩანაცვლება?

ერთი UH-60-ის ფასი 18-20 მლნ დოლარია და ამ შვეულმფრენების თუნდაც მცირერიცხოვანი პარკის შესაქმნელად 200 მლნ დოლარი მაინც არის საჭირო. ამასთან, "შავი ქორის" ექსპლუატაცია უფრო ძვირია. მისი ძრავებისთვის საჭირო ზეთიც კი ათჯერ მეტი ღირს იმ ზეთზე, რასაც Ми-8-ს ძრავებში ასხამენ, აღარაფერს ვამბობთ "შავი ქორებისთვის" ქართველი მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებისთვის საჭირო თანხასა და დროზე.

ჩვენი აზრით, კაპიტალური რემონტის მომლოდინე Ми-8-ების ალექსეევკის ბაზაში დატოვება მართებული არ არის, რადგან მათი ფიუზელაჟისა და ზოგიერთი აგრეგატის გარემონტება თბილისის საავიაციო ქარხანაშიც შეიძლება (ეს ქარხანა უკვე დიდი ხანია არემონტებს Ми-8 და Ми-24 ტიპის შვეულმფრენების ფიუზელაჟებს სხვა ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალებისთვისაც), ძრავებისა და რედუქტორების მოხსნა და გარემონტება კი ბაქოში,  კონოტოპსა (უკრაინა) და ბალტიისპირეთში შეიძლება.

Ми-8-ების კაპიტალური რემონტი იქნებოდა დროებითი გამოსავალი იმ რთული მდგომარეობიდან (სანამ ამერიკულ "შავ ქორებს" შევისყიდით), რომელშიც დღეს აღმოვჩნდით - ქართულ ცაში ძირითადად კერძო ფირმების სამოქალაქო შვეულმფრენები დაფრინავენ და ისიც - იშვიათად.

P.S.  თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, შსს-ში Ми-8-ების ჩამოწერას არ აპირებენ. მათ სამხედრო-საჰაერო ძალებისგან სამი ასეთი შვეულმფრენი დაიბრუნეს, ორი მათგანი ბალტიისპირეთში გაარემონტეს და ახლა ინტენსიურად დაფრინავენ. სავარაუდოდ, შსს-ში შემავალი სასაზღვრო პოლიცია ალექსეევკის შვეულმფრენების "სასაფლაოდან" კიდევ რამდენიმე Ми-8МТ-ს "გააცოცხლებს", მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობენ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში...