ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტები უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ?!
22-12-2014
ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტები უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ?!
"ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ის ქართველი ოფიცრები, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრებოდნენ, უკრაინის მოქალაქეობასა და სხვა პრივილეგიებს მიიღებდნენ"

"უკრაინაში, სავარაუდოდ, ხუთი ქართველი კი დღემდე სეპარატისტების ტყვეა"

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ კიევი ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს, მიუხედავად გამოცხადებული ზავისა, ადამიანები მაინც იღუპებიან.
პრორუსმა სეპარატისტებმა ზავის პერიოდში ახალ ტაქტიკას მიმართეს - ისინი აღარ იყენებენ მსხვილკალიბრიან არტილერიას, სამაგიეროდ, სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს გზავნიან უკრაინელი სამხედროების
კონტროლირებად ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმებისა და აფეთქებების მოსაწყობად.

18 დეკემბერსაც სეპარატისტებმა სამხედრო ეშმაკობა გამოიყენეს და სასწრაფო დახმარების მანქანით შეაღწიეს ქ. სჩასტეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელი დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ. პრორუსმა დივერსანტებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სროლა ატეხეს. ორმხრივ სროლაში ხუთივე პრორუსი სეპარატისტი გაანადგურეს, თუმცა, სამწუხაროდ, დაიღუპა უკრაინული ბატალიონის -
"აიდარის" ორი მებრძოლიც, სამი კი დაიჭრა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ორი დაღუპულიდან ერთი, რომლის მეტსახელი იყო "ჩუჟოი", ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი აღმოჩნდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტი გახლდათ, 2-წლიანი კონტრაქტით იმსახურა ქუთაისის მე-3 ქვეით ბრიგადაში, სადაზვერვო დანაყოფში და ერაყში ქართულ სამხედრო კონტინგენტში ყოფნაც მოასწრო.

ალექსანდრე გრიგოლაშვილმა უკრაინის გასათავისუფლებლად მხოლოდ ორი თვე იბრძოლა, თუმცა, ალბათ, ამ მცირე პერიოდშიც დიდი დახმარება გაუწია და თავისი სადაზვერვო გამოცდილება გაუზიარა "აიდარის" ბატალიონის მებრძოლებს.

სამწუხაროდ, ეს უკრაინაში დაღუპული მესამე ქართველია - მანამდე კიევში, მაიდნის მოვლენების დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი, რომლებიც სიკვდილის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეულის გმირის" ორდენებით დააჯილდოვა. სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლება არც ალექსანდრე გრიგოლაშვილის თავდადებას დაივიწყებს. ქართველ სამხედროს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და კარგი იქნება, თუ არც საქართველოს დაავიწყდება ისინი.

დღეს უკრაინის აღმოსავლეთში რამდენიმე ათეული ქართველი იბრძვის, სავარაუდოდ, ხუთი ქართველი კი დღემდე სეპარატისტების ტყვეა. ძნელია იმის მტკიცება, რომ პრორუსი სეპარატისტები, მათი მხარდამჭერი რუსი სამხედროები და სპეცსამსახურები, ასევე მათ მხარეს მებრძოლი "ჩვენებური" - ცხინვალელი და სოხუმელი - სეპარატისტები მაინცდამაინც უკრაინელების მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებზე ნადირობენ, თუმცა უდავოა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი ქართველების მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ის ქართველი ოფიცრები, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრებოდნენ, უკრაინის მოქალაქეობასა და სხვა პრივილეგიებს მიიღებდნენ.
სააკაშვილის ამ ინიციატივას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მკაცრი პასუხი მოჰყვა და ექსპრეზიდენტი ქართული არმიის შესუსტებაშიც კი დაადანაშაულეს.
თადარიგში მყოფ ქართველ ოფიცერსა თუ სერჟანტს ვერავინ დაუშლის უკრაინაში საბრძოლველად წასვლას, მაგრამ თუკი ამას შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტს, მას კონტრაქტის დარღვევისა და დეზერტირობისთვის გასამართლება არ ასცდება. ამასთან, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

როგორც ჩანს, ზამთარში უკრაინის აღმოსავლეთში აქტიური  საბრძოლო მოქმედებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, მომავალი წლის გაზაფხულიდან სიტუაცია, ალბათ, კვლავ დაიძაბება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გადაიტანს ზამთარს რუსეთის ეკონომიკა და რა ბედი ეწევა რუბლს.
aragveli
11 იანვარი 2015 16:22
ვფიქრობ უნდა აღვადგინოთ და დასაწყისისთვის შეძლებისდაგვარად გავშალოთ პარტიზანულ-დივერსიული მოძრაობა აფხაზეთში და სამაჩაბლოში განლაგებული რუსეთის სამხედრო და პრორუსული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ. უნდა ვაიძულოთ რომ, შიშით ბაზებიდან თავი ვერ გამოყონ
giorgi
03 იანვარი 2015 18:07
"lia


25 დეკემბერი 2014 10:08
მთავარი გავიწყდებათ ,საქართველოს კანონმდებლობით 7 წელი ეკუთვნის ციხე დაქირავებულ მებრძოლებს."

----აი ტიპიური პუწინის დაქირავებული!
ზურა
29 დეკემბერი 2014 15:20
ეს შუაშისტები რა!...
რა შუაშია აქ სააკაშვილი?! დღევანდელმა მთავრობამ მოუწოდოს და მაშინაც წავლენ, ვინ უშლით ხელს. მეორეც სად ნახეთ მისი მოწოდება, ფულს დაგირიგებთო, ასე ჭორებს რო იმეორებთ, კაცები ხო ხართ!?

თუ იმაზე თანხმდებით, რო უკრაინაში ჩვენი ბრძოლაცაა, მაშინ დააფასეთ ყველა ის, ვინც ამას აკეთებს და ამას მოგიწოდებთ გინდ სააკაშვილი იყოს და გინდ პეტრე. და ობსესია ნუ გჭირთ მიშაზე. ბიძინამ რა მოგიწოდათ ერთ, ის თქვით!
სირცხვილია

რედაქტორის რჩევით