2014 წლის მთავარი სამხედრო მოვლენები - კვირის პალიტრა

2014 წლის მთავარი სამხედრო მოვლენები

მიიწურა 2014 წელიც, რომელიც შეიძლება  პოსტსაბჭოთა სივრცეში გარდამტეხი აღმოჩნდეს და ახალი "ცივი ომის" დასაწყისად იქცეს. საბედნიეროდ, საქართველოში გასულ წელს სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარა, მაგრამ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები პირდაპირ და ირიბად ჩვენი სამშობლოს მომავალს უკავშირდება.

რუსული სამხედრო აგრესია უკრაინაში... "ქართული" სცენარით

2014 წლის თებერვლის ბოლოს კიევის ცენტრში, მაიდანზე მოპოვებული გამარჯვება ძვირად უჯდება უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას. მაიდანზე დაღვრილი სისხლი ჯერ შემშრალი არ იყო, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე "ქართული" სცენარის გათამაშება დაიწყო, ანუ გააკეთა ის, რაც ორი ათეული წლის წინ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში  დაიწყო; განსხვავება ის არის, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია, შემდეგ კი ანექსია კრემლმა ძალიან სწრაფად და თითქმის უსისხლოდ განახორციელა, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

უკრაინის დედაქალაქიდან გაქცეული პრეზიდენტის - იანუკოვიჩის რეჟიმის სწრაფად შეცვლას დიდი დრო სჭირდებოდა, ძალოვანი სტრუქტურების ძირითად ხელმძღვანელ პოსტებზე პროფესიონალი ჩინოვნიკების დანიშვნა კი არცთუ ადვილი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში ბევრი იყო (და კვლავ არის) რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილი აგენტი.

დღეს პატრიოტი უკრაინელები ხშირად სვამენ კითხვას: არმია და ეროვნული გვარდია ყირიმშიც რომ გამოგვეყენებინა, იქნებ შეგვენარჩუნებინა ნახევარკუნძული?

2014 წლის მარტში უკრაინას თითქმის არ ჰქონდა შანსი, ყირიმში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში წარმატებისთვის მიეღწია, რადგან ნახევარკუნძულზე დისლოცირებული უკრაინული სამხედრო ნაწილების მეთაურობა და პირადი შემადგენლობა დემორალიზებული გახლდათ. ამასთან, ნახევარკუნძულზე ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, განთავსებული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკმაო რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელმაც მოსკოვის საიდუმლო ბრძანების თანახმად, კონტროლი დააწესა  უკრაინის ძირითადი ნაწილიდან ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალ ორივე მთავარ საავტომობილო გზაზე და დაიკავა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა ადმინისტრაციული შენობა, უკრაინული სამხედრო ნაწილები კი ალყაში მოაქციეს.

ყირიმში სწრაფი და წარმატებული ოპერაციით ფრთაშესხმულმა პრორუსმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რუსეთის არმიის რეგულარულმა საბრძოლო დანაყოფებმა და სპეცსამსახურებმა ამ სცენარის გამეორება უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში სცადეს. დონბასის ყირიმის სცენარით ოკუპაციის შემთხვევაში ჯერი მარიუპოლზე, დნეპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და რაც მთავარია, ოდესაზე მიდგებოდა. მათი დაკარგვის შემთხვევაში უკრაინის ახალ ხელისუფლებას აზოვისა და შავ ზღვებზე გასასვლელი დაეკარგებოდა, რაც ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

ყირიმის სამარცხვინოდ დაკარგვის მიუხედავად, უკრაინელებმა შეძლეს, მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ, ფაქტობრივად, დონბასში შეჭრილი რუსული არმიისთვის და სისხლისმღვრელი ბრძოლების დაწყებიდან მე-9 თვეს ოფიციალური კიევი ისევ აკონტროლებს დონბასის დიდ ნაწილს.

უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიამ კარდინალურად შეცვალა პუტინის რეჟიმისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. თუკი კრემლს დასავლეთმა თითქმის აპატია 2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია უფრო მკაცრი აღმოჩნდა.

იმ არცთუ მკაცრმა სანქციებმა, რაც აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა კრემლს დაუწესეს, მეტ-ნაკლებად შეარყია რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი შემცირება მომავალში შეიძლება რუსეთის ეკონომიკის დასამარების მიზეზად იქცეს.

ეკონომიკურ გაჭირვებასა და ინფლაციის ტყვეობაში მოქცეული რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ამბიციები შეიძლება შემცირდეს, რაც აჩენს იმედს, რომ რუსული სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზეც შესუსტდება.

მეორე მხრივ, რჩება საშიშროება, პუტინმა კვლავ სცადოს ეკონომიკურ გასაჭირში ჩავარდნილი რუსეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანა ახალ, პატარა ომში გამარჯვებაზე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

მსოფლიო ახალი "ცივი ომის" საშიშროების წინაშე დგას, რაზეც მეტყველებს რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება მათი უშუალო შეხების ხაზზე - ბალტიისპირეთში, კალინინგრადის ოლქში ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე.

ISAF-ის დასასრული და ახალი მისია ავღანეთში

წლის ბოლოს დამთავრდა 2001 წელს დაწყებული ISAF-ის მისია. მიუხედავად ავღანეთის სიშორისა, ამ მისიამ მაინც მოახდინა გავლენა საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილზე, რადგან ავღანეთში 2009 წლის შემოდგომიდან 11 ათასამდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, რომელთაგან, სამწუხაროდ, 29 დაიღუპა, ორ ასეულზე მეტი კი დაიჭრა.

ბოლო ხანს ავღანეთში ქართული სამხედრო მისია ISAF-ში მონაწილე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ. მის შემადგენლობაში იყო 1600-მდე მებრძოლი. ამ მისიის შესრულებაში საქართველომ NATO-ს წევრ ქვეყნებზე მეტი წვლილი შეიტანა, რასაც არც მალავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუმცა, ამ მნიშვნელოვანმა გარემოებამ საქართველოს NATO-ში გაწევრება  კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის MAP-ის მონიჭებაც ვერ დააჩქარა.

მიუხედავად ამისა, საქართველო აგრძელებს მისიას ავღანეთში და იქ 2015 წელს ერთი ქვეითი ბატალიონი და ერთი ასეული ეყოლება.

გარდა ავღანეთისა, 2014 წელს ქართულმა არმიამ ერთი ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც გაგზავნა, სადაც სამშვიდობო მისია ევროკავშირის ეგიდით ტარდება.

NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, აქვს დადებითი მხარეც - ქართველი სამხედროები სწავლობენ დასავლელ კოლეგებთან ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას, ეცნობიან თანამედროვე შეიარაღების ნიმუშებს.

მეორე მხრივ, შეიმჩნევა საერთაშორისო მისიებით ერთგვარი "გატაცება" და თითქოს უკანა პლანზე ინაცვლებს ჩვენი მთავარი გულისტკივილი - ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სადაც რუსეთის არმიამ ძლიერი სამხედრო პლაცდარმები მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელების მიზნით.

სკანდალები თავდაცვის სამინისტროში

პოლიტიკური თამაშები შეიარაღებული ძალებისთვის რომ სახიფათოა, სადავო არ არის. მიუხედავად ამისა, 2014 წელს თავდაცვის სამინისტრო მაინც ვერ გადაურჩა რამდენიმე სკანდალს, რომლებმაც ქართული არმიის პრესტიჟი შელახა.

სკანდალური სიტუაცია შეიქმნა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, რამაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლა გამოიწვია.

ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მსოფლმხედველობა და ინტერესები ადრე თუ გვიან ერთმანეთს რომ დაშორდებოდა, ამის ნიშნები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდა.

მოსახდენი მოხდა - არ იქნებოდა "კაბელების საქმე", იქნებოდა სხვა მიზეზი (ისე, "კაბელების საქმემდე" ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტები აიტაცა მასმედიამ) და ადრე თუ გვიან მათი გზები გაიყოფოდა.

ალასანიას გუნდის თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ერთგული კადრები დანიშნეს, რაც, ერთი მხრივ, ლოგიკური ჩანს - თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრი უნდა იყოს და მათ შორის კულისებში მიმდინარე ორთაბრძოლა ჭორაობის საგანი არ უნდა ხდებოდეს.

ირაკლი ალასანიას გუნდმა ოპოზიციაში გადაინაცვლა, თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა და ორიოდე წელში საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ იყო ამ დაპირისპირებისას მართალი და ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი.

საქართველოს მოქალაქეები სხვის ომებში

2014 წელს გაჩნდა კიდევ ერთი საკამათო თემა - უნდა იბრძოლონ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ, სხვის ომებში. წლის განმავლობაში რამდენი ათეული საქართველოს მოქალაქე, ძირითადად, პანკისის ხეობის მკვიდრნი, ერაყსა და სირიაში იმ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა, რომელიც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

ამასთან, 2014 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან ჩვენი მეგობარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იარაღით ხელში რამდენი ათეული საქართველოს მოქალაქე იცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება არის - "კალაშნიკოვებით" ხელში ისინი უცხო ქვეყნებში იბრძოდნენ - ცხადია, განსხვავებულია მათი მოტივაცია.

სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვერ ჩავთვლით საქართველოს ინტერესებისათვის მებრძოლებად, პირიქით, უახლოეს მომავალში მომძლავრებული "ისლამური სახელმწიფო" შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ საფრთხედ იქცეს.

უკრაინაში მებრძოლ ქართველთა მოტივაცია ის არის, რომ უკრაინის მთლიანობას იგივე მტერი ემუქრება, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული.

საერთო მტერთან ბრძოლა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც გამართლებულია. ამასთან, დონბასში რუსეთის არმიის რეგულარულ დანაყოფებთან ორთაბრძოლაში შეიძლება დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღება, რაც ერაყის, ავღანეთისა თუ ცენტრალური აფრიკის მისიებში შეუძლებელია.

ცუდი ის არის, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ირგვლივ იკვრება პოლიტიკური წრე, რომლის გამოყენება თავისი ინტერესებისათვის სურს "ნაციონალურ მოძრაობას", შედეგად კი საზოგადოებაში უკრაინელების გვერდით მებრძოლი ქართველების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩნდება.

2014 წელს საქართველოს  კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა მშვიდობიანობის პერიოდი, თუმცა, 2015 წლის გაზაფხული შეიძლება უფრო დაძაბული გამოდგეს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასუსტებს თუ არა რუსეთს პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი.

...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

"ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების," - სწორედ შოთა რუსთაველის ეს სიტყვები მიესადაგება  თავდაცვის სამინისტროში აგორებულ სკანდალს. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვეტერანის დაღუპვაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, ჯობდა, თავდაცვის სამინისტროს თავი შეეკავებინა ოფიციალური განცხადების გაკეთებისაგან, მით უმეტეს, რომ უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2008 წლის ბოლოდან შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აღარ ირიცხებოდა. თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება კარგად გამოიყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პოლიტიკური ქულების დაგროვება დაიწყო, რაც, რასაკვირველია, ისევე მიუღებელია, როგორც სამინისტროს განცხადება.