ერთსაათიანი დასხივებისთვის კომპენსაცია 1 ლარი?!
12-01-2015
ერთსაათიანი დასხივებისთვის კომპენსაცია 1 ლარი?!
კომპენსაციის შემცირების შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის ოფიცრების ნაწილმა შეიძლება შეიარაღებული ძალები დატოვოს...

შავშვებში რუსული რაკეტებით აფეთქებული ქართული 36Д6-М


საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას მხოლოდ რადიოლოკატორები და საზენიტო რაკეტები არ სჭირდება, საჰაერო თავდაცვის შედარებით რთული ტექნიკის ეფექტურად მომსახურებისთვის კარგად მომზადებული სამხედრო მოსამსახურეებია საჭირო.

2006-2007 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შეიარაღებულ ძალებში წავიდა ათობით წარჩინებული სტუდენტი, რომლებიც იმ პერიოდში შესყიდული საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებისა თუ თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პულტებთან აღმოჩნდნენ.
მაშინ ამ ახალგაზრდების არჩევანი, გარდა სამშობლოს დაცვის
სურვილისა, კარგმა გასამრჯელომაც განაპირობა, რასაც დაემატა საბრძოლო მორიგეობისას რადიოლოკატორების ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფაქტორის გათვალისწინებით დანიშნული კომპენსაცია. შეიძლება გენშტაბში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე, ძირითადად, ქვეითი ჯარის ოფიცრებს არ სჯერათ, რომ აქტიური რეჟიმით მომუშავე რადიოლოკატორი ადამიანისთვის საშიშ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

მიუხედავად იმისა, რომ რადიოლოკატორების მართვის პულტი
ელექტრომაგნიტური ტალღების ასარეკლად სპეციალური ეკრანებით არის დაცული, წლების განმავლობაში სისტემატური საბრძოლო მორიგეობა მაინც არასახარბიელო გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
როგორც ცნობილი გახდა, გენშტაბში ამზადებენ ახალ პროექტს, რომელიც სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მორიგე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ერთსაათიანი დასხივების საკომპენსაციოდ 1 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს (ეს თანხა დაბეგვრას დაექვემდებარება).

ერთი მხრივ, სამართლიანია, კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეებმა მხოლოდ საბრძოლო მორიგეობისას მიიღონ, თუმცა, ერთსაათიანი დასხივებისთვის ერთლარიანი კომპენსაცია მიუღებელია იმ კვალიფიციური ოფიცრებისთვის, რომლებიც დღედაღამ აკონტროლებენ ქართული ცის ნაწილს, ეს კი მათ არმიის მიტოვებისა და სამოქალაქო სექტორში მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძებნისკენ უბიძგებს.
რამდენიმე მათგანი ასეც მოიქცა; დღეს ისინი საქართველოს აერონავიგაციის სამოქალაქო სამსახურში მუშაობენ და მეტ ხელფასს იღებენ, ვიდრე საჰაერო თავდაცვაში სამსახურისას.

არადა, საჰაერო თავდაცვის სპეციალისტების მომზადება ძალიან ძვირი, თანაც ხანგრძლივი პროცესია და უკვე გამოცდილი კადრების დაკარგვა, რომლებმაც 7-8 წელი იმსახურეს და თანაც 2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ, არ იქნება კარგი არც შეიარაღებული ძალებისა და არც საქართველოსთვის.

ჩვენი დოსიე:

დღეს საქართველოს საჰაერო სივრცეს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ბრიგადის П-18, П-180, 36Д6-М ტიპის რადიოლოკატორები და Бук-1М, Оса-АКМ და Spyder-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რადიოლოკატორები აკონტროლებენ. ეს ჩამონათვალი სამხედრო საიდუმლოება არ არის, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებმა ელექტრომაგნიტური გამოსხივების თავისებურებების გათვალისწინებით უკვე დიდი ხანია, დააფიქსირეს ყველა ქართული რადიოლოკატორის ტიპი და მათი პოზიციები.

რადიოლოკატორების ელექტრომაგნიტური გამოსხივებისთვის განკუთვნილია სპეციალური სანიტარიული ზონები, რომლებიც აქტიურ რეჟიმში მომუშავე რადიოლოკატორის გარკვეულ სექტორებსა და მანძილზე ადამიანების ყოფნას კრძალავს, რადგან მათ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ელექტრომაგნიტური დასხივებაც კი მიიღონ. ყველა რადიოლოკატორისთვის სანიტარიული ზონა სხვადასხვაა, რადგან თუკი П-18 ტიპის მოძველებული რადიოლოკატორი მეტრულ დიაპაზონში გამოასხივებს, უფრო თანამედროვე სამკოორდინატიანი 36Д6-М დეციმეტრულ დიაპაზონზე მუშაობს.

აფეთქებული ქართული რადიოლოკატორები

საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ოფიცრები, სერჟანტები და რიგითები 2008 წლის 8 აგვისტოს დილას რუსული საბრძოლო ავიაციის დაბომბვის პირველი სამიზნეები გახდნენ. თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან, მთაზე მდგარი ქართული 36Д6-М ტიპის რადიოლოკატორის განადგურება რუსულმა ბომბდამშენმა ჯერ ბომბებით სცადა, მაგრამ პარაშუტებით ჩამოყრილი საავიაციო ბომბები მიზანს ასცდა. ამავე დროს, დაიბომბა ქარელთან მდგარი П-18 რადიოლოკატორის პოზიცია, თუმცა, საბედნიეროდ, ისიც - უშედეგოდ. 10 აგვისტოს კი შავშვებში მოქმედი 36Д6-М რუსულმა ბომბდამშენმა ორი "ჰაერი-რადიოლოკატორის" რაკეტით ააფეთქა (ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ მანამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის 7 აგვისტოს, რუსული ბომბდამშენიდან სწორედ ამ ქართული რადიოლოკატორის ასაფეთქებლად გამოშვებული "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტა სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა). რადიოლოკატორის გათვლა გადარჩა, რადგან მართვას 50-ოდე მეტრში სანგრიდან დისტანციურად ახორციელებდა. აგვისტოს ომის დროს კიდევ ერთი ქართული 36Д6-М მოწინააღმდეგემ სენაკში გაგვინადგურა.
ffff
18 თებერვალი 2015 16:40
ბოლოს მე ვიცი მარტო მინისტრი და 2 მოადგილე დარჩება ჯარში ესე თუ გააგრძელებთ. იმის მაგივრად ხელპასები მოუმატოთ ბიჭებს ესე რო წვალობენ პირიქით აკლებთ???????
amirani
18 იანვარი 2015 23:15
რას ემსახურება ჩვენი შესაძლებლობების და პრობლემების ასე დეტალურად საჯაროდ გამოტანა? თუ რუსებმა ისედაც იციან და აზრი არა აქვს

რედაქტორის რჩევით