რუსულ არმიაში "ჩვენებურ" სეპარატისტებსაც ეპატიჟებიან - კვირის პალიტრა

რუსულ არმიაში "ჩვენებურ" სეპარატისტებსაც ეპატიჟებიან

კრემლი სოხუმიდან, ცხინვალიდან, დონბასიდან ოფიციალურად იწვევს სეპარატისტებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის და მათ გამოყენებას რუსეთის გარეთ ომებშიც აპირებს...

ახალი წლის ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა, ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიღებას.

ეს ცნობილი ფრანგული "უცხოური ლეგიონის" ერთგვარი რუსული ვარიანტია, რამაც, გვინდა თუ არა, შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს, უკრაინისა თუ მოლდავეთის მომავალზე.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აქამდეც მსახურობდნენ სომხები, ოსები და აფხაზები, თუმცა, ისინი უკვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, ამიერიდან კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომელთა მონაცემები დააკმაყოფილებს რუსული არმიისა და სპეცსამსახურების მოთხოვნებს, შეეძლებათ, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ეს არის რეალობის ერთგვარი "გაპრავება", რასაც წლების წინ ჩაუყარა საფუძველი რუსეთის ხელისუფლებამ. სეპარატისტული რეჟიმების მხარდამჭერი ოსები და აფხაზები ისედაც ებრძოდნენ საქართველოს ერთიანობას (შარშან კი ისინი უკრაინის ერთიანობასაც დაემუქრნენ) და სრულიად მიესადაგებოდნენ "დაქირავებული მებრძოლის" მოდელს, რაც, არაერთი ქვეყნის კანონმდებლობით, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებდა.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების მხარდამჭერებს მიეცემათ საშუალება, უფრო ადვილად დაიწყონ სამსახური აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ მე-7 და მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებში.

ეს ცვლილება არანაკლებ საგანგაშოა უკრაინისთვისაც, რომლის ერთი ნაწილის - ყირიმის ნახევარკუნძულის - ანექსია უკვე განახორციელა რუსეთმა და ახლა ბრძოლები დონბასში მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდავეთს არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი საზღვარი, სეპარატისტული დნესტრისპირეთი კიშინიოვისთვის მაინც საფრთხედ რჩება, რადგან იქ სამშვიდობო ძალების ფუნქციით დისლოცირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე დანაყოფი, ხოლო რას ნიშნავს ცისფერჩაფხუტიანი რუსი სამხედროების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველომ უკვე იწვნია.

რუსეთის არმიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების კონტრაქტით მიღება სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მეტად ხელსაყრელია. გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ნახევარი ეროვნებით სომეხია, თუმცა - რუსეთის მოქალაქე, ამიერიდან კი, სავარაუდოდ, სომხეთის მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი ეცდება, კონტრაქტი გააფორმოს რუსეთის არმიასთან (სადაც ანაზღაურება მეტია, ვიდრე სომხურ არმიაში) და ამასთან, იმსახუროს სომხეთის ტერიტორიაზე. ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ ბაქოში, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო შეტაკებების განახლების დროს, შესაძლოა, აზერბაიჯანელთა სამიზნე სომხები, ოღონდ უკვე რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები აღმოჩნდნენ, რაც მოსკოვს მოქმედებისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის.