ძმები ცარნაევებიდან ძმებ კუაშებამდე - ვის აწყობს ევროპასა და ამერიკაში ტერორისტული აქტები? - კვირის პალიტრა

ძმები ცარნაევებიდან ძმებ კუაშებამდე - ვის აწყობს ევროპასა და ამერიკაში ტერორისტული აქტები?

ფრანგული ყოველკვირეული გაზეთის - Charlie Hebdo-ს რედაქცია განწირული იყო, რადგან 2011 წლის თავდასხმის (მაშინ რედაქციის შენობას ხანძარი გაუჩინეს) შემდეგ მისი კოლექტივი კვლავ აქვეყნებდა იმავე შინაარსის კარიკატურებს.

ამჯერად ტერორისტებმა - ძმებმა კუაშებმა რედაქციაზე წერტილოვანი და მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს. მათი მთავარი მიზანი ამ ფრანგული გაზეთის რედაქციის საჩვენებელი დასჯა იყო, რასაც მსოფლიოში დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა.

ძმებს და მათ დამხმარეებს შეეძლოთ, რედაქციის თანამშრომლები ქუჩაში სათითაოდ დაეხოცათ, მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს - "კალაშნიკოვებითა" და ყუმბარსატყორცნით შეიარაღებულებმა გაზეთის რედაქციის პირდაპირ იერიში განახორციელეს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უსაფრთხოების დაცვის სრულყოფილი სისტემა არ არსებობს (მათ შენობის კარი იარაღის მუქარით გააღებინეს რედაქციის თანამშრომელ ქალს).

შეიძლება ვიფიქროთ, რომ საფრანგეთის ასე ნაქებმა სპეცსამსახურებმა ეფექტურად ვერ იმუშავეს, თუმცა, ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ძმები კუაშები, უკვე დიდი ხანია, იდეოლოგიურად მზად იყვნენ ასეთი ტერაქტის განსახორციელებლად.

ინტერნეტით გავრცელებულმა კადრმა, როცა ნიღაბჩამოფარებული ძმები "კალაშნიკოვის" საკონტროლო გასროლით კლავენ ტროტუარზე მწოლიარე დაჭრილ პოლიციელს (სხვათა შორის, მუსლიმს), აჩვენა, რომ ტერორისტებმა ომი გამოუცხადეს არა მარტო კარიკატურების მბეჭდავ ფრანგულ გაზეთს, არამედ მთელ სახელმწიფოს.

7-9 იანვარი იმითაც იყო დაძაბული და სახიფათო საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, რომ ძმები კუაშების მიერ რედაქციაზე იერიშის მიტანისა და პარიზის სიახლოვეს ტიპოგრაფიის შენობაში მძევლების აყვანის შემდეგ კიდევ ორი ტერაქტი მოხდა - 8 იანვარს პარიზის სამხრეთით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პოლიციის თანამშრომელი ქალი, ხოლო 9 იანვარს ავტომატით შეიარაღებულმა 32 წლის ამედი კულიბალმა პარიზში, ებრაელების სასურსათო მაღაზიაში, ოთხი ადამიანი მოკლა, 15 კი მძევლად აიყვანა.

საფრანგეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ამედი კულიბალი ძმები კუაშების თანამზრახველი იყო, რაც აჩენდა დიდ საფრთხეს, რომ მათ მიმდევარ შეიარაღებულ რადიკალ ისლამისტებს მძევლების აყვანა მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაეწყოთ, ეს კი ქვეყანაში მასობრივ შიშსა და ქაოსს გამოიწვევდა.

ამის თავიდან ასაცილებლად 9 იანვარს 17 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) საფრანგეთის ჟანდარმერიის ელიტური ანტიტერორისტული ჯგუფის GIGN-ის სპეცდანაყოფებმა ერთდროულად დაიწყეს ძმები კუაშებისა და ამედი კულიბალის დაკავებული შენობების იერიში.

სპეცოპერაციების შედეგად ძმები კუაშებიც და ამედი კულიბალიც ლიკვიდირებული არიან, მძევლები არ დაზარალებულან, დაიჭრა სპეცრაზმის სამი წევრი.

მიუხედავად წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციებისა, მანამდე დაიღუპა 17 და დაიჭრა 19 ადამიანი.

ტერაქტის განხორციელების დროს სამივე ტერორისტი ჟურნალისტებთან ტელეფონით საუბრისას ადასტურებდა, რომ ისინი "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. სავარაუდოდ, ეს ასეც არის, თუმცა, ჩნდება ეჭვი, რომ 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონში ჩეჩენი ძმების - ცარნაევების მოწყობილ აფეთქებასა და 2015 წლის 7 იანვარს პარიზში ძმები კუაშების რედაქციაზე თავდასხმას შორის არის რაღაც საერთო.

ორივე ტერორისტული აქტი, ფაქტობრივად, ვიდეოკამერების თვალწინ მოხდა და გათვლილი იყო საერთაშორისო რეზონანსზე, მაგრამ დღეს ვის უნდა აძლევდეს ხელს აშშ-ისა და ევროპის მეგაპოლისებში სროლა და აფეთქება?

ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, რადიკალურ ისლამურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, თუმცა, ასეთი ტერაქტების შემდეგ დამწუხრებული არც კრემლი უნდა იყოს.

უკრაინისა და ჩეჩნეთის მოვლენებიდან და რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებიდან ყურადღების გადატანა უდავოდ ხელსაყრელია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს საერთაშორისო ტერორიზმის ისტორიას, დაგვიდასტურებს, რომ იტალიური "წითელი ბრიგადებისა" თუ გერმანული "წითელი არმიის" ტერორისტული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებს იტაცებდნენ და დიდ ქალაქებში დანაღმულ ავტომობილებს აფეთქებდნენ, სწორედ საბჭოთა КГБ იდგა. საბჭოთა სპეცსამსახურებს ამით დასავლეთის ქვეყნებში ქაოსისა და შიშის დათესვა სურდათ. თუკი მაშინ ეს შესაძლებელი იყო, რატომ არ ეცდება იმავეს პუტინის რეჟიმი - მის ქვეყანას ხომ მალე სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ემუქრება?