გლოვა სომხეთში - როგორ ამოხოცა რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახი
19-01-2015
გლოვა სომხეთში - როგორ ამოხოცა რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახი
18 წლის რუსი ტანკისტის დაუნდობლობამ სომხეთ-რუსეთის საუკუნოვან მეგობრობას იმხელა დარტყმა მიაყენა, რასაც თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სადაზვერვო მოქმედებებიც ვერ გამოიწვევდა...

სომხეთი გლოვობს. ქ. გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა 18 წლის რუსმა ჯარისკაცმა წარმოუდგენელი სისასტიკით ამოხოცა ავეტისიანების მძინარე ოჯახი!
წინასწარი გამოძიების თანახმად, 11 იანვრის ღამეს ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი (1996 წლის 15 იანვარს ქ. ჩიტაში დაბადებული პერმიაკოვი 2014 წლის შემოდგომაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და მომზადება გაიარა
როგორც ტანკის მექანიკოს-მძღოლმა. იგი გიუმრის ბაზაზე 2014 წლის 3 დეკემბერს გაგზავნეს) ყარაულის განაწესში გავიდა, თუმცა, 12 იანვარს, გამთენიისას, თვითნებურად დატოვა პოსტი და დილის 6.30 წთ-ზე ქ. გიუმრის ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევიდა, თითქოსდა წყლის დასალევად, მაგრამ ოჯახის ერთ წევრს გაეღვიძა და იმის შიშით, რომ მისი
დეზერტირობის შესახებ სამხედრო ნაწილის მეთაურობისთვის არ ეცნობებინათ, 18 წლის რუსმა ჯარისკაცმა დასაკეცკონდახიანი АКС-74 ტიპის "კალაშნიკოვის" ავტომატით ავეტისიანების ოჯახის 6 ნახევრად მძინარე წევრი მოკლა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მას ავტომატი გაეჭედა (დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია 28 გასროლილი ვაზნის მასრა, ორი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა და 30 ვაზნით სავსე ავტომატის მჭიდიც) და მცირეწლოვან ბავშვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხიშტ-დანით, თუმცა, ექვსი თვის ბიჭი გადარჩა და ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკის შემდეგ პერმიაკოვმა კამუფლირებული რუსული ფორმა გაიხადა და ავტომატთან ერთად დანაშაულის ადგილზე დატოვა, თვითონ კი მოკლულების ოჯახში სამოქალაქო ტანსაცმელი მოძებნა, ჩაიცვა და თურქეთის საზღვრისკენ აიღო გეზი, მაგრამ რამდენიმე საათში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და გიუმრის რუსულ ბაზაში დააბრუნეს, სადაც მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.

რამ უბიძგა 18 წლის რუს ტანკისტს, რომ ასეთი საშინელება ჩაედინა? არ არის გამორიცხული, რომ ის "დედოვშჩინის" მსხვერპლი გახდა, რუსული არმიის ყაზარმის საშინელებასა და სისასტიკეს ამიტომაც გაექცა და უფრო სასტიკი დანაშაული ჩაიდინა...

ამ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური გართულება უკვე მოჰყვა - მშვიდობიანი თანამოქალაქეების დაუნდობლად ამოხოცვის საპასუხოდ გიუმრის მცხოვრებლებმა 102-ე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქციები გამართეს და მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის სომხეთის კანონებით გასამართლება მოითხოვეს. გიუმრელებს მხარი ერევნელებმაც დაუჭირეს და საქმე პოლიციასთან შეტაკებამდე მივიდა, რის შედეგადაც ორ ათეულამდე ადამიანი დაშავდა.

თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომიტინგეებისა და პოლიციის დაპირისპირების დროს მოქალაქეებმა რუსეთის ფედერაციის სამფეროვანი დროშები დახიეს და ფეხით გათელეს, რაც სომხეთ-რუსეთის საუკუნოვანი მეგობრობის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბრალდებული რუსი ჯარისკაცის სომხეთის კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვს, კრემლს კი ამის გაკეთება არ სურს, რადგან რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია ბრალდებული რუსეთის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ,  სომხეთში რუსული ბაზების განთავსების შესახებ ხელშეკრულება არ გამორიცხავს სომხეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო ამ ბაზების მომსახურეთა გადაცემას სომხეთის მართლმსაჯულებისთვის, ოღონდ სამხედრო დანაშაულის შემთხვევაში  ხელშეკრულების ეს პუნქტი ძალას კარგავს. პერმიაკოვმა მკვლელობამდე ჯერ  სამხედრო დანაშაული ჩაიდინა - თვითნებურად და თანაც იარაღით მიატოვა პოსტი და სამხედრო ნაწილი, ამიტომ იგი დეზერტირობისთვისაც უნდა გასამართლდეს.

ეს რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნასთან დაკავშირებული პირველი ტრაგედია არ არის.  2013 წლის გაზაფხულზე შირაქის სატანკო პოლიგონზე, სადაც რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებდნენ, ნაღმზე აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.
უფრო ადრე, 1999 წელს კი, გიუმრიში ორმა მთვრალმა რუსმა სამხედრომ ბაზარში სროლა ატეხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მკვლელის, მაგრამ მაინც თავისი მოქალაქის, თუნდაც მეგობარი სომხეთისთვის გადაცემა, მაგრამ თუკი რუსი გენერლები სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სომხეთის ტერიტორიიდან რუსეთში გააპარებენ, ეს სომხეთის მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას გამოიწვევს და საეჭვოს გახდის სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას. შესაძლოა, სომხებმა რუსული სამხედრო ბაზების სომხეთის ტერიტორიიდან გაყვანაც კი მოითხოვონ...

P.S. რუსი სამხედროები დანაშაულს ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც სჩადიან. სეპარატისტული ცხინვალის ხელისუფლება დღემდე ეძებს ოსი ეროვნების ორ ახალგაზრდას, რომლებმაც რუსული საოკუპაციო ბაზის ოფიცრის მეუღლე გააუპატიურეს. ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია იმავე ცხინვალის ბაზაში თანამებრძოლების მიერ რუსი ახალწვეული ჯარისკაცის გაუპატიურების ფაქტმა.
naca qeqia
31 იანვარი 2015 01:44
ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა!!! ჩემის აზრით, მარტო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოცხადება კი არა, გაწვევამდე საექიმო კოომისიასაც უნდა დაევალოს პასუხისმგებლობა: როგრც თერაპევტს, ყელ-კურ-ცხვირის სპეციალისტებს ასევე ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს განსაკუტრებით. თუ წვევამელი სჰეიმჩნევა რაიმე გადახრებში, ის ჯერ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ და მერე ხელმეორე გაიაროს კომისია. და დაზუსტდეს-ვარგისია ტუ არა ეს 18 წლის ყმაწვილი სამხედრო სამსახურისტვის!!!! ჩემის აზრით, აღნისჰნული პიროვნება ან მართლა ვერ არის თავის "მოტორზე", ან სპეციალურად მოსყიდულია, რათა რუსეთს ერთი მოკავშირე ჩამოაცილონ ა კონფლიქტმა მტელი კავკასია მოიცვას!!! ისევ და ისევ რუსეტის დასასუსტებლად!!! სხვა ახსნას ვერ ვპოვულობ!!!
gavazeli
22 იანვარი 2015 11:01
სომხები აბი გლუკოზასავით გადაყლაპავენ მაგ ამბავს. სულ თავზე რომ უქნან რუსებმა, სხვა რა გზა აქვთ? რუსეთმა რომ სომხეთს ზურგი აქციოს, აზერბაიჯანი მეორე დრესვე ომს დაიწყებს და ორივე მხარის რესურსებს თუ გავითვალისწინებთ, ძნელი გამოსაცნობი არაა, სომხეთს რა მოელის.
koba
19 იანვარი 2015 21:28
ის პატარაც დაგუპულა ოდნოში წავიკიტხ ეეხლა სტატიაა

რედაქტორის რჩევით